მარნეულში მოქმედ სამოქალაქო ორგანიზაციებს 13 სახის საგრანტო კონკურსში მონაწილეობა შეეძლებათ
დღეს, 30 ივნისს, მარნეულში პროექტ სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისათვის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტის ფარგლებში მარნეულში მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს, სათემო ცენტრებსა და მედია ორგანიზაციებს სხვადასხვა სახის საგრანტო კონკურსებში მონაწილეობის შესაძლებლობა ეძლევა.

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ზაურ ხალილოვმა, რადიო „მარნეულთან“ საუბრისას განაცხადა, რომ საქართველოს მასშტაბით 10 რეგიონალური ჰაბია შექმნილი და პროექტი 10 რეგიონში განხორციელდება.

„ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან, მედიასთან, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან, პროფესიულ საგანმანათლებლო ცენტრებთან, უნივერსიტეტებთან და აქტიურ მოქალაქეებთან ვიმუშაოთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია ამ პროექტის ისაა, რომ გვექნება კარგი საგრანტო კონკურსები რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებას. 2025 წლამდე იქნება ჩვენი პროექტი და ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით, რომ კონსულტაციები გავუწიოთ ადგილობრივ არასამთავრობო, მედია ორგანიზაციებს და ა.შ. მაქსიმალურად დავეხმარებით როგორც ინდივიდუალური, ისე ქსელურად მუშაობის უნარების განვითარებაში“ - განაცხადა ზაურ ხალილოვმა

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდის აღმასრულებელი დირექტორის განმარტებით, პროექტის ფარგლებში 13 სხვადასხვა სახის საგრანტო კონკურსი გამოცხადდება და 209 პროექტი დაფინანსდება.

პროექტის პრეზენტაციას ადგილობრივი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები, სათემო ცენტრების წარმომადგენლები და ახალგაზრდები ესწრებოდნენ. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „ახალი აზროვნების ინსტიტუტის“ წარმომადგენელმა არიზ დაშდამიროვმა განაცხადა, რომ პროექტი სათემო და რეგიონალური ორგანიზაციების განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რის გამოც მისი ორგანიზაცია პროექტში ჩართვას გეგმავს.

პროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების სამართლებრივ ი და ფინანსური გარემოს გაუმჯობესებას, ორგანიზაციების საზოგადოებასთან კავშირის გაუმჯობესებასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ინდივიდუალურ და ერთობლივ გაძლიერებას.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები