შაუმიანის ბიბლიოთეკის სარესტავრაციო პროექტის შესადგენად მარნეულში უცხოელი სტუდენტების ჯგუფი ჩამოდის
3 აგვისტოს, მარნეულში, შაუმიანში არსებული  ბიბლიოთეკისა და მელიქ-ფაშაევის სახლ-მუზეუმის რესტავრაციის პროექტის შესადგენად  ამერიკის შეერთებული შტატებიდან, სერბეთიდან, ბულგარეთიდან და გერმანიიდან 10- მდე ადამიანი ჩამოვა. როგორც ჩვენთან საუბარში ახალგაზრდა არქეოლოგთა საზოგადოების წარმომადგენელმა მარიამ ელოშვილმა თქვა, ჩამოდიან უცხოელი სტუდენტები, რომლებიც არქეოლოგიით, კულტურული მემკვიდრეობით და არქიტექტურით არიან დაკავებულები. მათთან ერთად პროექტზე ასევე იმუშავებს სხვა ქართული ორგანიზაციები,"ლურჯი ფარ საქართველო" და "იკომოს საქართველო", რომელთა წარმომადგენლები რესტავრატორები და კულტურული მემკვიდრეობის სპეციალისტები არიან.

„ორი წლის წინ დაიწყო მოლაპარაკებები ერთ-ერთ გერმანულ ორგანიზაციასთან. ვუთხარით, რომ გვინდოდა მარნეულში დაგვეფუძნებინა არქეოლოგიური ცენტრი ერთ-ერთ კულტურული მემკვიდრეობის მატარებელ შენობაში, ისინიც დაინტერესდნენ. ამის შემდეგ დავუკავშირდით მარნეულის მერიას, რომლებიც დაგვეხმარნენ შენობის მოძიებაში. ჩვენი აზრით, შაუმიანი არის მნიშვნელოვანი დასახლება მარნეულში იმიტომ, რომ მას აქვს ისტორიული  მეხსიერება. შესაბამისად, კულტურული მემკვიდრეობის თავმოყრაა შაუმიანი. ისეთი გარემოა, რომ ზუსტად შეესაბამება ჩვენს იდეას. ეს შენობა უკავშირდება მელიქ ფაშაევს. მართალია, იქ ახლა მუზეუმი არსებობს, თუმცა, ჩემი აზრით, ისე ვერ გამოხატავს მის ნამდვილ სახეს. გვინდა, რომ წინა პლანზე წამოვწიოთ მისი არსებობა“ - ამბობს მარიამ ელოშვილი

პროექტი მოიცავს მე-19 საუკუნის ისტორიული ნაგებობის, კულტურული მემკვიდრეობის ობიექტის რესტავრაციას და მის დატვირთვას სხვადასხვა ახალი ფუნქციით.   მოეწყობა მრავალფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე, სადაც კვლავ იფუნქციონირებს ბიბლიოთეკა და სამუზეუმო სივრცე, ასევე მას დაემატება საკონფერენციო და სალექციო სივრცე, სამეცნიერო ლაბორატორია არქეოლოგიისა და მისი მომიჯნავე სპეციალობებისათვის, დამატებითი საგამოფენო სივრცე, ექსპერიმენტული არქეოლოგიის ბანაკი და სხვა.

„ჩვენ გვინდა ეს ცენტრი იყოს უფრო მრავალფეროვანი. რა თქმა უნდა, მთავარი მამოძრავებელი ღერძი იქნება არქეოლოგია.  ამის გარდა ძალიან გვინდა, რომ ისეთი ღონისძიებები იყოს შეთავაზებული მოსახლეობისთვის, რომელიც უფრო დააახლოებს ერთმანეთთან. მაგალითად, კულტურული, სახელოვნებო - ნებისმიერი მსგავსი ღონისძიება“

ახალგაზრდა არქეოლოგთა საზოგადოების წარმომადგენელის თქმით, თუ ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა, მომავალ წელს, სარესტავრაციო სამუშაოები დაიწყება.

გარეკანის ფოტო: ლევან ლოსაბერიძე
Print