პრემიერა ერთი წლის დაგვიანებით და ღონისძიებები ონლაინ
ათასობით ინფიცირებული და ათობით გარდაცვლილი ყოველედღიურად,- ასეთია კოვიდრეალობა საქართველოში. ინფიცირების შემთხვევების მატებასთან ერთად, საქართველოს მთავრობამ გარკვეული შეზღუდვებიც დააწესა და ის კვლავ შეეხოკულტურის სფეროს. აკრძალულია მასშტაბური ღონისძიებების ჩატარება, ხოლო პირისპირ სწავლება ამ ეტაპზე რეკომენდებული არ არის. მარნეულის კულტურის ცენტრს კოვიდთან თანაცხოვრების გამოცდილება უკვე აქვს და ამმხრივ მეტად მომზადებული ხვდება შემოდგომის სეზონსაც, თუმცა პანდემიამ მარნეულის არც თუ მდიდარი კულტურული ცხოვრება კიდევ უფრო გააღარიბა.

თეატრი მაყურებლის გარეშე, სახაალწლო კონცერტი ონლაინ, ჩაკეტილი სახელოვნებო წრეები და ჩაშლილი ღონისძიებები - ასეთი იყო მარნეულის მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრება 2020 წელს.არადა, მაშინ, როცა კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მარნეული ჩაკეტეს, ადგილობრივი თეატრი პრემიერისთვის ემზადებოდა. „მარინა რევია“ მაყურებელმა სცენაზე მხოლოდ ერთი წლის შემდეგ იხილა.

ზურაბ ხაფთანი მარნეულის კულტურის ცენტრის თანამშრომელი და მსახიობია. თითქმის ერთი წლის განმავლობაში ის სცენაზე არ გასულა. პრემიერამდე რამდენიმე დღე რჩებოდა, როცა პანდემია გამოცხადდა. დარბაზში თითქოს დრო გაიყინა. ერთი წლის მერე მსახიობს ყველაფერი ისევ ისე დახვდა, როგორც დატოვა.

„დარჩენილი სკამები, დეკორაციები, ყველაფერი ისევ ისე იყო და ეს მენატრებოდა. ხშირად შემოვდიოდი, ვანთებდი შუქს და უბრალოდ დავდიოდი სცენაზე. სცენა მაყუურებლის გარეშე არის ორი უკიდურესობა, მაყურებლისგან ყოველთვის მოდის უკუკავშირი. როდესაც მაყურებელსა და მსახიობს შორის ეს უკუკავშირი მყარდება, არის ძალიან კარგი, ეს გმუხტავს“, - გვიყვება ზურაბ ხაფთანი.

ერთი წლის დაგვიანებით გამართულმა პრემიერამ კრიტიკოსებისა და მაყურებლის მოწონება დაიმსახურა. სპექტაკლი ერთი ოჯახის ურთიერთობებზე, გაუცხოებაზე, სიყვარულზე, სიცივესა და თანაგრძნობაზეა. ციხიდან გამოსული დედა ოჯახში ბრუნდება, ხვდება შვილებს და ცდილობს თავიდან გაიცნოს ისინი და ახალი ურთიერთობა ჩამოაყალიბოს. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას რეჟისორი გოჩა ხვიჩია იხსენებს, რომ პრემიერამდე ეშინოდათ, ყველაფერი ისევ არ ჩაკეტილიყო და სპექტაკლის ჩვენება კვლავ არ გადადებულიყო.

„სამწუხარო იცით რა არის? ყველაფერი იხსნებოდა ეტაპობრივად და თეატრის და კულტურის სფერო იყო, რომელიც ყველაზე გვიან გახსნეს. შეიძლება ბევრი სახელმწიფო თეატრი ფინანსურად არ დაზარალებულა, მაგრამ ხელოვან ადამიანებთან კიდევ უფრო სხვა პრობლემა გაჩნდა - უმოქმედობა. ამ პანდემიურ სტრესთან ერთად უკვე პროფესიული სტრესიც ჩნდებოდა. საბენდიეროდ გაიხსნა და იმედი მაქვს, რომ აღარ დავიხურებით. „მარინა რევიას“ კი ბევრი წარმატება ხვდა წილად, რაც ჩვენთვისაც მოულოდნელი იყო და რა თქმა უნდა, ამ სპექტაკლზე გაჩერებას არ ვაპირებთ. არ ვიცი წელს რამდენად მოესწრება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ახალი სპექტაკლების დადგმასაც ვგეგმავთ“, - გვეუბნება გოჩა ხვიჩია.
სპექტაკლ მარინა რევიას ჩვენება
მართალია, კორონავირუსმა თეატრალურ სფეროს დიდი ზიანი მიაყენა, მაგრამ მან ახალი შესაძლებლობებიც წარმოშვა. მარნეულის თეატრმა ონლაინ სივრცის ათვისება დაიწყო, რათა პანდემიის პერიოდში მაყურებლისათვის საკუთარი შემოქმედება გაეცნო.

„კორონავირუსმა გამოსავალზე ფიქრის მეტი საშუალება მოგვცა. ვთქვათ, თუ ჩვენ აგვიკრძალავენ აქ, დახურულ სივრცეში თამაშს, რა გვაქვს ალტერნატივა, რომ ჩვენ არ ვიყოთ უმოქმედოდ? ხელოვანი როდესაც უმოქმედოდაა, დამერწმუნეთ, ეს ცუდ ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარესია. კორონავირუსმა ჩვენ გვასწავლა და გვიბიძგა იქეთ, რომ კამერული სივრცეებისთვისაც ვიყოთ მზად, კამერულ და ღია სივრცეებშიც რომ გავმართოთ სპექტაკლები“.

ბოლო სპექტაკლი მარნეულის თეატრის დასმა 10 აგვისტოს ითამაშა. ახლა საშემოდგომო სეზონისთვის ემზადებიან. რეპეტიციებს სცენაზე გადიან და იმედი აქვთ, სპექტაკლის თამაში ოქტომბერში ონლაინ არ მოუწევთ. ამის გამოცდილება ჯერ არ აქვთ. რეჟისორმა და მსახიობებმა ვირტუალურ სივრცეში გადანაცვლება გასულ წელს ვერ მოახერხეს.

ფორსმაჟორული სიტუაციის გამო, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, „დროსა და სივრცეში დაკარგულები“ აღმოჩდნენ. მარნეულის კულტურის ცენტრის თანამშრომლებიც. ცენტრის დირექტორი ნატო შავიშვილი გვიყვება, რომ მაშინ არ იცოდნენ, რა და როგორ უნდა ეკეთებინათ, როცა ყველაფერი ჩაკეტილი იყო.

„ჩვენ გვაქვს სხვადასხვა მიმართულება, მათ შორის კულტურის ცენტრთან არსებული თეატრალური დასი. ამას გარდა, ჩვენ გვაქვს უამრავი სასწავლო მიმართულება, გვაქვს წრეები. პარალელურ რეჟიმში მიდიოდა შემოქმედებითი პროცესი უამრავი ღონისძიება, ფესტივალი იყო დაგეგმილი. არ შემიძლია არ აღვნიშნო ისეთი დიდი ღონისძიებები, რომლებიც მარნეულის ჩაკეტვის პერიოდში შეჩერდა, ეს იყო მულტიეთნიკური ფესტივალი, ეს იყო გეგმიური სადღესასწაულო ღონისძიებები, 26 მაისს, ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული და სხვა მრავალი, რომელსაც ჩვენ ყოველწლიურად აქტიურად აღვნიშნავთ და ამას ელოდება ჩვენგან მაყურებელი. აბსოლუტურად მყისიერად და გაუცნობიერებლად შეჩერდა სასწავლო პროცესი, გადაიდო დაგეგმილი გასტროლი, რომელიც საზღვარგარეთ ჰქონდა ქორეოგრაფიულ ანსამბლს“.

დაბნეულობა მოგვიანებით მოქმედებამ ჩაანაცვლა. კულტურის ცენტრმა აქტიურად დაიწყო მუშაობა ონლაინ პლატფორმების განვითარებაზე. თითქმის ყველა ღონისძიებამ, რომელიც ცენტრს დაგეგმილი ჰქონდა, ონლაინ ფორმატში გადაინაცვლა, მათ შორის, საახალწლომაც.
კულტურის ცენტრის ღონისძიება შეზღუდვების შემსუბუქების დროს
ღონისძიებების ონლაინ ფორმატში გამართვამ გავლენა იქონია კულტურის ცენტრისთვის გამოყოფილ ბიუჯეტზეც, რომლის ძირითადი ნაწილი კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებებზე იყო გაწერილი. მარნეულის 2020 წლის ბიუჯეტში კულტურის სფეროს ღონისძიებებისათვის 135 000 ლარი იყო გათვალისწინებული. სწორედ ამ თანხაში შედიოდა მუნიციპალიტეტში ისეთი ღონისძიებების გამართვა, როგორიცაა ნოვრუზ ბაირამი, საახალწლო დღესასწალული და სხვა. ამ ნაწილში ბიუჯეტის სახსრები დაიზოგა. მასშტაბურ ღონისძიებებზე თანხა არ გაწერილა არც 2021 წლის ბიუჯეტში, რომლის ოდენობა კვლავ 135 000 ლარით განისაზღვრა.

„ჩვენი ღონისძიებები ძირითადად ძალიან მცირე ბიუჯეტიანია. მართალია ისეთი ღონისძიებების, როგორიცაა ნოვრუზი, 26 მაისი და ასეთი მუნიციპალური მასშტაბის ღონისძიებების თანხები იქნა შემცირებული. თუმცა, სხვა პროექტები, რომლებიც ჩვენ ისედაც მცირებიუჯეტიანი გვქონდა, ეს ბიუჯეტი შეუნარჩუნდათ, უბრალოდ სხვა მიმართულებით განიკარგა თანხები. ის რასაც ჩვენ ვაკეთებდით ღია სივრცეში, გადავიტანეთ ონლაინ სივრცეში. ჩვენ ისევ გვჭირდება ადამიანების დაქირავება, ისევ გვჭირდება პერსონალის მობილიზება. პრაქტიკულად დიდად არაფერი არ იცვლება, უბრალოდ იცვლება მოსახლეობისათვის მიწოდების ფორმა. შესაბამისად, ბიუჯეტში განსაკუთრებული ცვლილება არ შესულა. ცოტა სიფრთხილით მოვეკიდეთ წლევანდელი ბიუჯეტის დაგეგმვისას გასვლით ღონისძიებებს, საფესტივალო პროექტებს. რამდენადაც ამის საშუალებას ჩვენი მოცემულობა გვაძლევდა, მარტივად შევძელით და ვადაპტირდით კორონავირუსთან“

მარნეულის კულტურის ცენტრი ახლა მთავრობის განკარგულების მოლოდინშია, რათა სახელოვნებო, ქორეოგრაფიულმა თუ მუსიკალურმა წრეებმა მუშაობა განაახლოს. ეს იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ საკოორდინაციო საბჭო სწავლას სკოლებში, საკლასო ოთახებში დაუშვებს. მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, არ არის გამორიცხული, სრულყოფილად მუშაობის აღდგენა, ამ ეტაპზე ცენტრში ვერ მოხერხდეს, თუმცა გასულ წელთან შედარებით, ადმინისტრაცია თავს მეტად თავდაჯერებულად გრძნობს. ონლაინ პლატფორმების გამოყენებით უკვე გამართულად მუშაობენ და წრეების თუ ღონისძიებების მართვა არ გაუჭირდებათ. სხვა საკითხია, რამდენად ეფექტიანი იქნება კულტურის სფეროსთვის და მარნეულელებისთვის კიდევ ერთი წელი ონლაინ. ვითარება, შესაძლოა, მარნეულის თეატრის ბოლო სპექტაკლს, „მარინა რევიას“ დაემსგავსოს, სადაც ციხიდან გამოსული მთავარი გმირი მიდის შვილებთან, რომელთა გაცნობაც თავიდან უწევს, ისევე, როგორც წასრულის გახსენება და ახალი ურთიერთობების ჩამოყალიბება.


რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები