ილჰამ ალიევი - თუ დავინახავთ, რომ სომხური ფაშიზმი ზრდას განაგრძობს, ჩვენ კვლავ გავანადგურებთ მას ყოველგვარი ყოყმანის გარეშე
სომხური ფაშიზმი განადგურებულია, მაგრამ მისი გამოვლინებები თვალსაჩინოა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომელმაც „ხსოვნის დღესთან“ დაკავშირებით აზერბაიჯანელ ხალხს მიმართა.

„ეს არის ძალიან სახიფათო ტენდენცია, განსაკუთრებით სომხეთის სახელმწიფოსთვის. მე ამას ვამბობ დღეს, „ხსოვნის დღეს“ : თუ დავინახავთ, რომ სომხური ფაშიზმი ზრდას განაგრძობს, თუ დავინახავთ ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს წინაშე გაჩენილ ახალ საფრთხეს, ჩვენ კვლავ გავანადგურებთ სომხურ ფაშიზმს ყოველგვარი ყოყმანის გარეშე. ეს ყველამ უნდა იცოდეს! რკინის მუშტი, ომისა და გამარჯვების სიმბოლო, ჯერ კიდევ არსებობს და ეს ნურავის დაავიწყდება“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ალიევმა.

აზერბაიჯანში დღეს „ხსოვნის დღეს“ აღნიშნავენ იმ ადამიანების მიმართ პატივისცემის გამოსახატად, რომლებიც მთიანი ყარაბაღის 2020 წლის ომს ემსხვერპლნენ. მთიან ყარაბაღში შეიარაღებული კონფლიქტი გასული წლის 27 სექტემბერს დაიწყო, რომელსაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მხრიდან. 44-დღიანი ომი 2020 წლის 9 ნოემბერს სომხეთის, რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს შორის გაფორმებული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით დასრულდა, რომელიც ძალაში 10 ნოემბრიდან შევიდა.


წყარო: ინტერპრესნიუსი


Print