ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა მარნეულის მერიას პრობლემის მოგვარებისთვის ხშირად არ მიმართავს - „სალამის“ კვლევა
მარნეულში საქართველოს აზერბაიჯანული თემის საჭიროებების, წუხილებისა და გამოწვევების კვლევის მიხედვით, ადგილობრივ მოსახლეობაში ძლიერია განცდა, რომ მათი საჭიროებები, წუხილები და გამოწვევები ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობის ფოკუსში არ დგას.

„სალამის“ მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ეთნიკურად აზერბაიჯანელი მოსახლეობა კარგად ხედავს თუ რა არის მათი პრობლემა და როგორ უნდა მოგვარდეს ის, მაგრამ აქვთ გრძნობა, რომ მათ მოთხოვნას აზრი არ აქვს, რადგან პრობლემების მოგვარების შესახებ გადაწყვეტილებას ცენტრში იღებენ. მოსახლეობა წუხილს გამოთქვავს როგორც ბაზისური ინფრასტრუქტურული პრობლემების, ისე ქალების, ახალგაზრდებისა და შშმ პირების პოლიტიკურ აქტივობაში ჩაურთველობის გამო.

„ჩვენს სოფელში ძალიან ბევრი პრობლემაა. მაგალითად ძალიან ცუდ და არასისტემურ მდგომარეობაშია საწყვავი წყალი. გზების ნაწილი გაკეთებულია, ნაწილი არა, შუქები ქუჩის ნაწილზე არის ნაწილზე არა.“ - აცხადებს კვლევის მონაწილე 30 წლის ქალი

„მე აქამდე არ გამიგია, რომ რომელიმე წარმომადგენელი მოვიდეს და შეგვხვდეს ჩვენ, ქალებს. არც ინფორმაციას გვაწვდიან ამასთან დაკავშირებით, რომ დღეს ან ხვალ ამ დროს იქნება შეხვედრა წარმომადგენელთან, მერთან ან სხვა მსგავს პიროვნებებთან.“ - ამბობს კვლევის მონაწილე 23 წლის ქალი

კვლევის მიხედვით, მოსახლეობა ხშირად არ მიმართავს ადგილობრივ თვითმმართველობას მათი პრობლემების მოგვარების მიზნით, ხოლო მაშინ როდესაც მიმართავს ვერანაირ შედეგს ან პასუხს ვერ იღებს.

„მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის არსებული ხიდჩატეხილობის განცდის მიზედად ენობრივი ბარიერი, მოსახლეობაში არსებული შიშები და უმცირესობების მიმართ არსებული ნეგატიური დამოკიდებულებები სახელდება. ფოკუს ჯგუფების დროს გამოვლინდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა არსებითად უკმაყოფილოა ადგილობრივი საჯარო მოხელეების მუშაობით. მოსახლეობას ესმის, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში დასაქმებული ადამიანები უპირველესი როლი და მოვალეობა მოსახლეობის მხარდაჭერა და მათთვის სერვისების მიწოდებაა. თუმცა, ისიც იციან, რომ ამას თვითმმართველობა სრულფასოვნად ვერ შეძლებს, თუ მოსახლეობისთვის გასაგებ ენაზე არ განახორციელებს საკუთარ საქმიანობას“. - აღნიშნულია კვლევაში

მარნეულში საქართველოს აზერბაიჯანული თემის საჭიროებების, წუხილებისა და გამოწვევების კვლევის თანახმად, მოსახლეობაში პრობლემურად არის დანახული მარნეულის მუნიციპალიტეტში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს შორის ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების სიმცირე. მერიაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების სიმცირეზე ამახვილებს ყურადღებას „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ დამფუძნებელი თამთა მიქელაძეც. მისი თქმით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სათანადოდ არ არიან წარმოდგენილი როგორც საკრებულოში, ისე მერიაში.

„მარნეულის მუნიციპალიტეტში პრობლემა არა მხოლოდ წარმომადგენლობის დონეზე, არამედ დასაქმების დონეზეც. ჩვენ თუ დავაკვირდებით როგორია ეთნიკური უმცირესობების დასაქმება ამ რეგიონში ვნახავთ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტში ეს მკვეთრად ასიმეტრიულია. რამდენიმე დღის წინ გამოვითხოვეთ ინფომაცია მარნეულის მერიიდან სადაც გითხრეს, რომ ამ მუნიციპალიტეტში დასაქმებულია 232 ადამიანი და აქედან ეთნიკური უმცირესობა არის 84. მერიის ადმინისტრაციული ერთეულიდან წარმომადგენელი 15, ხოლო 59 სპეციალისტიდან 40 არის ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი. გამოდის, რომ მარნეულში დასაქმებული პირებიდან მხოლოდ 36%-ია ეთნიკური უმცირესობა, რაც ასევე ასიმეტრიულია, რადგან ჯამურად ეთნიკური უმცირესობები მარნეულში 91%-ს წარმოადგენენ“. - აცხადებს თამთა მიქელაძე

ადგილობრივების ინტეგრაციისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართვის გასაზრდელად „სალამმა“ ადგილობრივი თვითმმართველობისა და პოლიტიკური პარტიებისათვის რეკომენდაციებიც შეიმუშავა. ერთ-ერთი რეკომენდაციის მიხედვით, მერიამ უნდა შეისწავლოს მისი თანამშრომლების მუშაობის ეფექტურობა მოსახლეობასთან ურთიერთობის ნაწილში ხოლო პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შეისწავლონ მოსახლეობასა და საჯარო მოხელეებს შორის არსებული ხიდჩატეხილობა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები