„არ გამოვრიცხავ რომ ისკანდაროვს ჰქონდეს დაზიანებები, თავდაცვის მიზნით ვიქნევდი ხელებს“ - ლაშა ქველაძე
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი ლაშა ქველაძე აცხადებს, რომ გუშინ, 30 სექტემბერს, მას და „ენმ“-ს რამდენიმე აქტივისტს „ქართული ოცნების“ სადახლოს მაჟორიტარი კანდიდატი როვშან ისკანდაროვი და კიდევ 30-მდე პირი დაესხა თავს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„ჩემი პოზიცია არის სიმართლე და ამას ჩემთან მყოფი პირებიც დაადასტურებენ. როვშან ისკანდაროვი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, თავისი ავტომობილით X6-ით დაგვეწია ჩვენ დამია გეურარხში და ჰქონდა პრეტენზია თუ რატომ ვაკეთებდით წარწერებს. ვაკეთებდით წარწერებს „მიშა ჩამოდის“. პრეტენზიები ჰქონდა თუ რატომ ვაკეთებდით წარწერას და მე მას განვუმარტე, რომ თუ რაიმე კანონდარღვევა იყო მიემართა შესაბამისი ორგანოებისათვის, მაგრამ მან ეს საჭიროდ არ მიიჩნია. ასევე მითხრა, რომ მე სადახლოში ფეხს ვერ დავადგავდი“ - აცხადებს ლაშა ქველაძე

30 სექტემბრის საღამოს ლაშა ქველაძე მარნეულის პოლიციის განყოფილებაში მივიდა, რათა თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება შეეტანა, მაგრამ სამართალდამცველებმა მას განუცხადეს, რომ საქმე მის წინააღმდეგ იყო აღძრული, რადგან ისკანდაროვმა პოლიციას ქველაძეზე ადრე მიმართა.

„როვშანს აქვს შეტანილი განცხადება, რომ თითქოს და მე მას მივაყენე შეურაცხყოფა. მე მას შეურაცხყოფას ვერ მივაყენებდი, რადგან ჩვენ ვიყავით სამი ადამიანი ისინი კი 30-მდე. მე არ გამოვრიცხავ, რომ მას შეიძლება დაზიანებები ჰქონდეს, ვინაიდან თავდასხმის დროს თავს ვიცავდი და ხელებს თავდაცვის მიზნით ვიქნევდი“.

„ნაციონალური მოძრაობისაგან“ განსხვავებით „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ სადახლოს მაჟორიტარ კანდიდატს თავს ლაშა ქველაძე დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. როვშან ისკანდაროვი საავადმყოფოდან დღეს, პირველ ოქტომბერს, გამოწერეს. რადიო „მარნეულს“ ჯეო ჰოსპიტალსის ხელმძღვანელმა იოსებ მგალობლიშვილმა განუცხადა, რომ ისკანდაროვმა ქირურგიულ ჩარევაზე თავადვე განაცხადა უარი და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

რადიო „მარნეული“


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები