ლაშა ქველაძე სასამართლო დარბაზიდან გირაოთი გაანთავისუფლეს
5 ოქტომბერს ლაშა ქველაძის წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ქველაძეს ბრალად „ქართული ოცნების“ სადახლოს მაჟორიტარ კანდიდატ როვშან ისკანდაროვზე თავდასხმა ედება.

სასამართლო სხდომაზე პროკურორმა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა, ხოლო დაცვის მხარემ სხდომაზე ქველაძის დარბაზიდანვე განთავისუფლება მოითხოვა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ლაშა ქველაძეს აღკვეთი ღონისძიების სახით 4 000 ლარიანი გირაო შეეფარდა.

„რა თქმა უნდა ეს ჩემთვის მიუღებელია, დამნაშავეები ისინი არიან და მე დამიჭირეს და მე გამომიტანეს გირაო. დღევანდელ ხელისუფლებაში სამართალს ვერ იპოვნი და რაც გადაწყვიტეს იმას ჯერ-ჯერობით ვჯერდები“. - აცხადებს ლაშა ქველაძე

პროკურატურამ ლაშა ქველაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება, რომელიც დაკავშირებულია ჯანმრთელობის ხანგრძლივ მოშლასთან) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

რადიო „მარნეული“ გაესაუბრა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატს სადახლოს ადმინისტრაციულ ერთეულში რომელიც აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ის საავადმყოფოში იმყოფება, რადგან 30 სექტემბერს მომხდარი ინციდენტის შემდგომ ქირურგიული ჩარევა დასჭირდა.

როვშან ისკანდაროვის საავადმყოფოში ყოფნის ფაქტს ფარსს უწოდებს ლაშა ქველაძე და აცხადებს, რომ ისკანდაროვს ეშინია სამართლიანობის, რადგან სწორედ ის დაედევნა ქველაძეს ფიზიკურად გასწორების მიზნით, ხოლო ახლა ცდილობს რომ ეს ფაქტი დამალოს.

რადიო „მარნეული“

ამავე თემაზე: პროკურატურამ ლაშა ქველაძეს ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით წარუდგინა
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები