რას ელოდებიან მარნეულელები ახალი მერისგან
დღეს, 28 ოქტომბერს, მარნეულის ახლადარჩეული მერი კენან ომაროვი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა. როგორც მერმა განაცხადა, მისი და მარნეულის მერიის თანამშორმლების უპირველესი მოვალეობა ხალხისათვის მომსახურების გაწევაა.

რადიო „მარნეული“ დაინტერესდა რას ფიქრობენ მარნეულელები ახალ მერზე და რომელი პრობლემის მოგვარებაა მათთვის პრიორიტეტული. ჩვენს მიერ გამოკითხული მოსახლეობის უმრავლესობას ახალ მერთან დაკავშირებით განსაკუთრებული მოლოდინი არ აქვს, ფიქრობენ, რომ ომაროვი მარტო ვერაფერს შეძლებს და მის მაგივრად გადაწყვეტილებებს სხვები მიიღებენ.

„ეგ არაფრის გაგებაში არაა, ფიქტიურად იქნება. მაგას რაც ევალება არც კითხავენ, ალბათ ისევ სხვები იმუშავებენ მის მაგივრად“. - გვთხრა მარნეულელმა კაცმა

„ჩვენ პატარა ადამიანები ვართ, ისინი როგორც იტყვიან მაინც ისე იქნება ყველაფერი. ჩვენ რა უნდა ვთქვათ? ყურადღებას მაინც არ გვაქცევენ. რა მნიშვნელობა აქვს ომაროვი იქნება მერი თუ სხვა ვინმე, მაინც ყველა ერთნაირია, ყველა საკუთარი თავისათვის მუშაობს“.

„მე მოხუცი ქალი ვარ, რავიცი როგორი მერი იქნება. არც ვიცნობ ვინაა“.

რესპონდენტების ნაწილი თვლის, რომ თუ მოსახლეობის უმეტესობამ მერად ომაროვი აირჩია, ის კარგი მერი იქნება.

„მე მგონი ძალიან კარგი მერი იქნება, მე ასე ვფიქრობ. რაც შეუძლია გააკეთებს გასაკეთებელს თუ ხალხმაც ხელი შეუწყო, რა თქმა უნდა“.

„ყველაფრის ფასი მომატებულია, ეს ალბათ უფრო ზემოთაა გასარკვევი. მერმა რა უნდა ქნას და სამუშაო ადგილები უნდა შექმნას. რაღაც ისეთი გააკეთოს, რომ ადამიანებს შემოსავალი ჰქონეთ. ისე, ალბათ, კარგი მერი იქნება, რა ვიცი პირადად არ ვიცნობ და ვერ ვიტყვი როგორი იქნება. ამას მომავალი გვიჩვენებს“.

„თუ ეს ადამიანი კანდიდატად დაასახელეს ე.ი. კარგი მერი იქნება. ვნახოთ, მოვლენებს ვერ გავუსწრებთ“

სამუშაო ადგილების არარსებობა და ინფრასტრუქტურული პრობლემები - ეს ის ძირითადი გამოწვევებია, რასთან დაკავშირებითაც მარნეულელები საუბრობენ.

საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს ჩატარდა. მარნეულში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა კენან ომაროვმა გაიმარჯვა, რომელმაც არჩევნებზე მისული მოქალაქეების ხმების 68% აიღო.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
დაიცავი დისტანცია