არის თუ არა მზად მარნეულის ბიზნეს სექტორი "მწვანე ბარათებისთვის"
კვების ობიექტები, რესტორნები, კაფეების და ბარების ღია და დახურულ სივრცეები, კინოთეატრები, თეატრები, ოპერა, მუზეუმები, საკონცერტო დარბაზები, გასართობი ცენტრები, სამორინეები და სათამაშო ბიზნესის ობიექტები, სპა-ცენტრები, ფიტნეს-დარბაზები, სასტუმროები და სამთო კურორტების საბაგიროები - ეს იმ ობიექტების ჩამონათვალისა, სადაც დღეიდან, 1 დეკემბრიდან მოქალაქეები „მწვანე პასპორტის“ პრინციპით შეძლებენ შესვლას. პირს მწვანე სტატუსი აქვს, თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ჩატარებული აქვს 72-საათიანი ვალიდურობის PCR-ტესტი ან 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენ-ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. „მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა მოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის.

რადიო „მარნეული“ დაინტერესდა როგორი სიტუაციაა მარნეულის მუნიციპალიტეტში, ამოქმედდა თუ არა „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია და როგორ შეხვდნენ მას ბინესოპერატორები. ჩვენ ათამდე დაწესებულებაში დავრეკეთ ან უშუალოდ მივედით. შეიძლება ითქვას, რომ მათ უმრავლესობას ინფორმაცია ჰქონდა ახალი რეგულაციების შესახებ, თუმცა გარკვეული ვალდებულების დაკისრების და სიტუაციაში გარკვევის მოლოდინი აქვთ.

სასტუმრო „მარნეულის“ ადმინისტრატორი ამბობს, რომ ინფორმაცია „მწვანე პასპორტების“ შესახებ აქვთ, თუმცა დღეს არავისთვის მოუთხოვიათ. ფაქტს სტუმრის არარსებობით ხსნის.



„სიმართლე გითხრათ, დღეს არავინ მიგვიღია სტუმარი, რომ მწვანე ბარათი მოგვეთხოვა. რომ შემოვლენ, ესეიგი მოვთხოვ. ინფორმაცია კი თქვეს პირველი დეკემბრიდანო, ჩვენც ველოდებოდით ვიმე მოვა და დაგვაკვალიანებს-თქო. ყველაფერს დავიცავთ მთავარია ჯანმრთელები ვიყოთ და კარგად ვიყოთ“

მარნეულში მდებარე რესტორან „სადღეგრძელოს“ წარმომადგენელი ამბობს, რომ ემზადებიან და როგორც საჭირო იქნება ისე მოიქცევიან.

„ვემზადებით, როგორც გადაწყვიტავენ ისე გავაკეთებთ. როგორც გვიბრძანებენ და გვეტყვიან უნდა გაკეთდეს, ისე მოვიქცევით“

სასტუმრო და რესტორანი „კავკაზის“ მთავრი ბუღალტერი ამბობს, რომ ახალ რეგულაციებთან დაკავშირებით რესტორანში უკვე დაიწყეს მზადება და საინფორმაციო წარწერებიც გმოფინეს. განმარტავს, რომ დაწესებულება ახლა ადაპტაციის პროცესშია.



„მომზადებული ვართ, უბრალოდ, ადაპტაციის კუთხით ძალიან რთული პროცესია. ვფიქრობ, ბიზნესი ამისთვის არ არის მზად. მით უმეტეს,  მარნეულში. საწყის ეტაპზე, ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, ჩვენზე რაც არის დამოკიდებული და ველოდებით უკვე პრეცენდენტის დადგომას. თუ შემოწმება შემოვა და უფრო გაგვიოლებენ და გვეტყვიან რა ,როგორ, რანაირად და რაც წერია, რაც მიიღეს კანონი, იმის მიხედვით ჯერჯერობით ვემზადებით“

სასტუმრო „კავკაზის“ მენეჯერი ამბობს, რომ დღეს უკვე აქვთ პირველი პრეცენდენტი, როდესაც სტუმრები მწვანე ბარათის წარდგენის საფუძველზე მიიღეს.



„ჩვენ გვყავს უკვე ერთი ორი სტუმარი მწვანე ბარათით. ჩვენი მხრიდან ხდება გაკონტროლება. „რესეფშენში „ (მიმღებში) აპლიკაცია გვაქვს ჩატვირთული და ამ აპლიკაციის მეშვეობით ხდება გადამოწმება“

მონიტორინგს, შერჩევის პრინციპით, განახორციელებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური, შსს-ს და შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დეპარტამენტები, ადგილობრივი მუნიციპალიტეტები, სურსათის ეროვნული სააგენტო.

გააკონტროლებს თუ არა მარნეულში არსებულ ვითარებას ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, მარნეულის მერიაში განმარტავენ, რომ ჯერჯერობით მონიტორინგის შესახებ რაიმე დირექტიივა ან რეკომენდაცია არ მიუღიათ. თუმცა თუ ამ მხრივ რაიმე პასუხისმგებლობა დაეკისრებათ, კომპეტენციის ფარგლებში მზაობას გამოთქვამენ.

ახალ რეგულაციასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ.

„პირველი დღეები, ცხადია, იქნება სარეკომენდაციო ხასიათის და ჩვენ დავეხმარებით როგორც ბიზნესობიექტებს, ასევე მოქალაქეებს, რომლებმაც შეუფერხებლად გადმოწერონ, მიიღონ ის სერვისები, რომელიც გათვალისწინებულია მოქმედი კანონმდებლობით. თუ რომელიმე ობიექტი არ დანერგავს „მწვანე ბარათების“ კონცეფციას, სანქციებიიქნება გათვალისწინებული“

ობიექტზე არა მწვანე სტატუსის მქონე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას. წესის დარღვევის შემთხვევაში სანქცია იურიდიული პირისთვის შეადგენს 10,000 ლარს, ინდ. მეწარმისთვის - 2,000 ლარს. სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი მოხდება ობიექტის დალუქვა.


Print