3 დეკემბერს მარნეულის ახალი საკრებულო თავმჯდომარეს და მოადგილეებს აირჩევს
3 დეკემბერს მარნეულის ახალი მოწვევის საკრებულოს პირეველი სხდომა გაიმართება. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგების მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მხოლოდ ორი პარტია შევიდა. „ქართული ოცნება“ უმრავლესობით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კი ექვსი წევრით შევა. როგორც საკრებულოს აპარატის უფროსი, ნინო ბერიძე ამბობს, 3 დეკემბერს თანამდებობები გადანაწილდება.

„პირველ სხდომაზე იქნება საკრებულოს და საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობა. ეს იქნნება უკვე 2021-2025 წლების საკრებულოს წევრების უფლებამოსილების ცნობა. იმ მომენტიდან შეუწყდება უფლებამოსილება საკრებულოს ძველ შემადგენლობას. შემდეგ იქნება საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა, თავმჯდომარის მოადგილეების არჩევა. ასევე, თუ ფრაქციები მზად იქნებიან, დაფუძნდება ფრაქციები და მოხდება კომისიის თავმჯდომარეების არჩევა“ - განმარტავს ნინო ბერიძე.

აღსანიშნავია, რომ საკრებულოს პირველ სხდომაზე დასწრებას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებიც გეგმავენ.

სხდომა მერიის მცირე საკონფერენციო დარბაზში, 12 საათზე გაიმართება.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნების შედეგად არჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოების პირველი სხდომები 3 დეკემბერს, 12:00 საათზე მოიწვია. შესაბამისად, 2017 წლის მოწვევის საკრებულოებს უფლებამოსილება 3 დეკემბერს შეუწყდება. მანამდე მათმა ნაწილმა მოასწრო 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცება.


გარეკანის ფოტო: რადიო მარნეულის არქივი

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები