სახელმწიფო ენის შესწავლა უფასოდ - რას პასუხობს განათლების მინისტრი ტარიელ ნაკაიძეს
პარლამენტარმა ტარიელ ნაკაიძემ განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელს, „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტში გამოსვლისას 1+4 პროგრამისა და ეთნიკური უმცირესობებისათვის ქართული ენის შესწავლის შესახებ კითხვები დაუსვა.

ნაკაიძის პირველი კითხვა 1+4 პროგრამის ფარგლებში მოსწავლე სტუდენტების დაფინასებას შეეხებოდა.

„ძალიან მნიშვნელოვანია ერთი გარემოება თქვენი ბრძანების. 2021-22 სასწავლო წლის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე არის თქვენი ბრძანება, მეექვს ემუხლის მეხუთე პუნქტზე მინდა გავამახვილო ყურადღება, სადაც ვამბობთ, რომ დაუშვებელია პროგრამული დაფინასების ფარგლებში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ აკრედიტირებული საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხული პირების სწავლის დაფინანსება. ანუ, 1+4 პროგრამით ვინც მონაწილეობს ისინი არ ფინანსდებიან. საქართველოს სხვა მოქალაქეები უფასო პრიორიტეტულ პროგრამაზე უფასოდ სწავლობენ, მაგრამ ამათ არ აქვთ ეს შესაძლებლობა, რომ უფასოდ ისწავლონ ამავე პროგრამებზე, ეს დისკრიმინაციულცაა ჩემი აზრით. ასევე, ხომ არ ფიქრობთ რაიმე დამატებით საგანმანათლებლო პროგრამას რომელიც განსაკუთრებით იმ რეგიონებში სადაც ქართული ენის პრობლემაა შევასწავლოთ ქართული ენა. ამ მიმართულებით ახალი პროგრამები ხომ არ გვაქვს რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ამ რეგიონისათვის?“. - ტარიელ ნაკაიძემ ამ კითხვით მიმართა განათლების მინისტრს

ნაკაიძის კითხვის პასუხად განათლების მინისტრამ მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა, რომ 1+4 პროგრამის ფარგლებში, აკადემიური მოსწრებიდან გამომდინარე, უმაღლესი ქულების მქონე 200 სტუდენტისათვის აღნიშნული პროგრამა უფასოა, რაც შეეხება ქართული ენის შესწავლას, მინისტრის განმარტებით, საქართველოს ყველა რეგიონში, მათ შორის ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში, საბავშვო ბაღებიდან დაიწყება ქართული ენის შესწავლა.

„მინისტრის საათის“ ფარგლებში განათლების მინისტრისათვის დასმულ კითხვაზე ნაკაიძემ სასურველი პასუხი ვერ მიიღო რის გამოც ჩხენკელს კითხვა კვლავ გაუმეორა.

„თვითონ დაფინასების საკითხი რასაკვირველია არის უნივერსიტეტის ბიუჯეტის ნაწილიც და გავზრდით. ამჟამად 200-ზე მეტია სტუდენტი რომელიც სწავლობს 1+4 პროგრამაზე და მათთვის უფასოა. ვიმუშავებთ იმ მიმართულებით, რომ რაოდენობა გაიზარდოს, რა საკვირველია იდეალური იქნება, რომ ყველასთვის იყოს უფასო. ახალი მოდელი, რომელზეც ჩვენ ეხლა გადავალთ, რა საკვირველია შეეხება 1+4 პროგრამასაც. მთელი რიგი თანხების გამოთავისუფლება შეიძლება მოხდეს საბაზო დაფინასების გატვალისწინებით და ამ ასპექტსაც გავითვალისწინებთ ბუნებრივია, რომ მოხდეს ამ სტუდენტების დაფინასებაც. მე არ ვამბობ, რომ უფასო ფაკულტეტები გაუქმდება, მაგრამ ჩვენ შევთანხმდებით პრინციპზე თუ რომელი იქნება პრიორიტეტული მიმართულებები და უკვე უმაღლესი განათლების დაფინასების ახალ ჭრილში ვნახავთ რომელია ეს ფაკულტეტები, სადაც თუ განისაზღვრება, რომ ეს ფაკულტეტი ყველა სტუდენტისთვის უფასოა, ის იქნება უფასო ყველა სტუდენტისათვის“. - განაცხადა განათლების მინისტრმა ნაკაიძის დაზუსტებული კითხვის პასუხად

აღსანიშნავია, რომ განათლების მინისტრისათვის კითხვები არ დაუსვამთ მარნეულელ დეპუტატებს. მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატის ზაურ დარგალის განმარტებით, მას მინისტრთან კითხვები არ ჰქონია, რადგან სამინისტროსთან ყოველდღიური კავშირი აქვს და მიმდინარე პროცესების შესახებ ყველა ინფორმაციას ფლობს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები