მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე ტარიელ მამედოვი გახდა
დღეს, 3 დეკემბერს მარნეულის ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა ჩატარდა. საკრებულოს თავმდჯომარედ ამირან გიორგაძის არჩევის შემდეგ მან პირველი მოადგილეობის კანდიდატად მხოლოდ ტარიელ მამედოვი დაასახელა.

ტარიელ მამედოვის კანდიდატურას მხარი 28 საკრებულოს წევრმა დაუჭირა, 6 წინააღმდეგი იყო, ხოლო ერთი ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი. 

ტარიელ მამედოვი მარნეულის 2021-25 წლების მოწვევის საკრებულოში "ქართული ოცნებიდან" შევიდა. ის მარნეულის მაჟორიტარული ოლქის კანდიდატი იყო. მამედოვი წინა მოწვევის საკრბეულოს წევრიც იყო. 

აღსანიშნავია, რომ მარნეულის საკრებულოში სულ 33 წევრია, მათგან 6 "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელი. როგორც "ენმ"-ს წევრმა ლაშა ქველაძემ საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, "ენმ" წარმოდგენილ არც ერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს, რადგან პირველი სხდომაც და თავმჯდომარისა და მოადგილეების არჩევაც მხოლოდ და მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. 

Print