რა დაუჯდა მარნეულის მერიას „შოთაობის“ აღნიშვნა
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობას „შოთაობის“ დღესასწაულის აღნიშვნა 4 660 ლარი დაუჯდა.

მარნეულის მერიამ „შოთაობის“ აღსანიშნავი ღონისძიებისათვის ხუთი გამარტივებული შესყიდვა განახორციელა. ყველაზე მეტი თანხა ადგილობრივმა თვითმმართველობამ სტუმრების სადილით გამასპინძლებაში დახარჯა.

„ძეგლის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოში ცნობილი კულტურის, განათლებისა და სხვა სფეროების მოღვაწეები, რისთვისაც საჭირო იქნა სტუმრებისთვის (სულ: 30 ადამიანზე, აქედან 25 სტუმარი) სადილით გამასპინძლება“. - აღნიშნულია ინდივიდუალურ მეწარმე ვლადიმერ ქიმაძესთან გაფორმებულ გამარტივებული შესყიდვის განმარტებით ბარათში

ადგილობრივმა თვითმმართველობამ 25 სტუმრისა და 5 მასპინძლის სადილში 2 525 ლარი გადაიხადა. „შოთაობის“ დღესასწაულზე მარნეულის მერიამ სხვადასხვა სახის, ჯამში 1 240 ლარის ღირებულების, საჩუქრები ინდივიდუალურ მეწარმე აკრემ გახრამანოვისაგან შეისყიდა. 20 ცალ მოოქროვილ/ლამინირებულ ბლოკნოტში მერიამ 700 ლარი გადაიხადა, 20 ცალი ბრენდირებული კალამი თვითმმართველობას 100 ლარი დაუჯდა, 20 ცალი ორმხრივი, ბრენდირებული, ჩანთა 260 ლარი, ხოლო 100 ცალი რუსთაველის გამოსახულებიანი გულსაბნევი 180 ლარი.

ამავე პირისაგან შეიძინა მერიამ რუსთაველის ძეგლის გახსნისათვის 10 მეტრიანი თეთრი ატლასის ქსოვილი.

სპეციალურად „შოთაობისათვის“ მარნეულის მერიამ ინდივიდუალურ მეწარმე შურა ედილაშვილისაგან თამარ მეფისა და შოთა რუსთაველის კოსტუმები 120 ლარად იქირავა. ხოლო რეკვიზიტებისა და ტვირთის ტრანსპორტირებაში მერიამ 565 ლარი დახარჯა.

მარნეულში „შოთაობა“ 24 ნოემბერს აღინიშნა. მარნეულის საკრებულოს გადაწყვეტილებით „შოთაობა“ მარნეულში ყოველწლიურად აღინიშნება.

აღსანიშნავია, რომ „შოთაობაზე“ მარნეულის ბიბლიოთეკის წინ შოთა რუსთაველის ძეგლიც გახსნეს, რაშიც ადგილობრივმა თვითმმართველობამ 112 520 ლარი გადაიხადა.

რადიო „მარნეული“

Print