ავტობუსი, რომელიც სიძველის გამო ხშირად ფუჭდება ამ ეტაპზე შეცვლას არ ექვემდებარება
მარნეული-წითელი ხიდის ხაზზე მოძრავი მუნიციპალური ავტობუსი კვლავ გაფუჭდა. დღეს, 18 იანვარს, დილის საათებში სოციალური ქსელში მოქალაქეებმა მარნეული-წითელი ხიდის ხაზზე მოძრავი ავტობუსის გაფუჭებასთან დაკავშირებით პოსტები გამოაქვეყნეს, სადაც აცხადებენ, რომ აღნიშნულ ხაზზე მხოლოდ ერთი ავტობუსი დადის, რის გამოც მოქალაქეები გადაადგილებას ვეღარ ახერხებენ.

"ამ ყინვაში დავრჩით ქუჩაში. ავტობუსს 300 წელი შეუსრულდა. ამ ხაზზე მხოლოდ ერთი ავტობუსი დადის". - ამ წარწერით გაფუჭებული ავტობუსის ფოტოს სოციალურ ქსელში ზვიად ფიფია ავრცელებს

რადიო "მარნეულთან" საუბრისას მარნეულის მუნიციპალური ავტოპარკის უფროსმა გიგა ჯალაღონიამ განაცხადა, რომ მარნეული-წითელი ხიდის ხაზზე მოძრავი ავტობუსი მუშაობას შეკეთების შემდგომ გააგრძელებს.

"ჯერ ჯერობით ხაზზე ახალი მარშუტკის დამატება არ იგეგმება. იცის ხოლმე ტექნიკამ გაფუჭება და რა ვქნათ? აღდგება თუ არა გავა ხაზზე". - აცხადებს გიგა ჯალაღონია

მარნეულის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 2022 წლის განმავლობაში 5 ახალი ავტობუსი უნდა შეიძინოს, რისთვისაც ბიუჯეტიდან შესაბამისი თანხები უნდა გამოიყოს. რადიო "მარნეულთან" საუბრისა გიგა ჯალაღონია განმარტავს, რომ ამ ეტაპზე უცნობია თუ სად გადანაწილება ახალი ავტობუსები.

"ჯერ ავტობუსები არ შემოსულა და კონკრეტული გეგმა რა გითხრათ, მაგრამ რა საკვირველია იგეგმება ძველი ავტობუსების ჩანაცვლება ახლით და დაზიანებული ავტობუსების ხაზიდან მოხსნა. ყველანაირად შევეცდებით რომ წითელ ხიდზე გავუშვათ ერთი ახალი ავტობუსი მაინც". - განაცხადა გიგა ჯალაღონიამ

მანამ, სანამ მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობა ახალ ავტობუსებს შეიძენს, მარნეული-წითელი ხიდის მიმართულებით კვლავ ძველი ავტობუსი ივლის. წითელი ხიდის ხაზზე მოძრავი ავტობუსი მუშაობას მას შემდეგ განაახლებს რაც მას შეაკეთებენ, მანამდე კი მოქალაქეებს ტაქსის ან მანქანიანი მეზობლის იმედად ყოფნა მოუწევთ.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები