მდუმარე მოქალაქეები და უმოქმედო სახელმწიფო - თოზუ გულმამედლი ადრეულ ასაკში ქორწინებაზე
2022 წლის დასაწყისში მარნეულელმა მასწავლებელმა არასრულწლოვანი გოგო გათხოვებას გადაარჩინა. მასწავლებელმა ბავშვის დანიშნვის შესახებ ინფორმაცია გაიგო და საქმეში სამართალდამცავი უწყებები ჩართო. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კანონმდებლობა სკოლებს ადრეულ ასაკში ბავშვის ქორწინებისა თუ ნიშნობის შესახებ ინფორმაციის სამართალდამცავი უწყებებისადმი გადაცემას ავალებს, იშვიათია შემთხვევები, როდესაც მასწავლებლები და სკოლა ამ ვალდებულებას ასრულებს.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას უფლებადამცველი თოზუ გულმამედლი ამბობს, რომ ხშირ შემთხვევაში სკოლის მასწავლებელებიც იმ თემის წევრები არიან, სადაც ადრეულ ასაკში ქორწინება და ნიშნობა ხდება, რის გამოც ზოგიერთი მათგანი სამართალდამცავი უწყებებისათვის მიმართვისაგან თავს იკავებს. მოქალქეებს ეშინიათ, რომ მიმართვის შემთხვევაში მათი ვინაობა გამჟღავნდება, რამაც მომავალში თემის წინაშე პრობლემები შეიძლება შეუქმნას.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაადრევი ქორწინების შესახებ ძირითადად მაშინ იგებს, როდესაც ბავშვს საზოგადოებრივ ცენტრში არეგისტრირებენ და კიდევ სამშობიაროებიდან. მაინც და მაინც მაღალი მიმართვიანობა ამ მხრივ აღარაა, რადგან ზოგადად თემში ყველა ერთმანეთს იცავს, ყველა ერთმანეთს იცნობს. ადრე თუ გვიან ხომ გაიგებს რომ ამ ადამიანმა მიმართა მის შესახებ და სწორედ ამიტომ მოქალაქეებს ამ რისკზე წასვლა არ უნდათ. იმ პირთან გიწევს შენ ცხოვრება, მეზობელია, შენი თანასოფლელია და ამის გამო ყველას ერიდება ამ თემაზე საუბარი და მიმართვიანობა“.

გულმამედლის განმარტებით, მოქალაქეებს არ აქვთ ინფორმაცია თუ როგორაა შესაძლებელი ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის შემთხვევების შესახებ ანონიმური განაცხადის გაკეთება. მოქალაქეებს ანონიმური განაცხადის გაკეთა საქართველოს სახახლო დამცველის ოფისის მეშვეობით შეუძლიათ.

„სახალხო დამცველშია როგორც ვიცი ანონიმური შეტყობინების გაკეთება შესაძლებელი, მაგრამ ძალიან ცოტა ადამიანმა იცის ამის შესახებ. ცოტა ადამიანმა იცის, რომ ზოგადად სახალხო დამცველისათვის მიმართვა შეუძლიათ და ანონიმურობის დაცვით მიმართვის შესახებ კი ინფორმაცია თითქმის არ აქვთ. იორმუღანლოს მაგალითზე რომ ვისაუბრო შემიძლია ვთქვა, რომ 20-მდე ადამიანს თუ ექნება ეს ინფორმაცია, ისიც მათ, ვინც ტრენინგები გაიარა“.

ადრეულ ასაკში ქორწინების შესახებ მოსახლეობის მიმართვიანობასთან ერთად გულმამედოვა პრობლემურ საკითხად მიიჩნევს სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებებსაც. მისი განმარტებით, სახელმწიფო აღნიშნულ შემთხვევებში მხოლოდ მოძალადის დასჯაზეა ორიენტირებული, ხოლო მსხვერპლის რეაბილიტაციასა და რესოციალიზაციაზე აღარ ზრუნავს.

„მსხვერპლზე ზრუნვასა და მხარდაჭერაზე არავინ ფიქრობს. მახსენდება მაგალითები, როცა გოგომ ქორწინებამდე რამდენიმე დღით ადრე შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს, შემდეგ გოგო რამდენიმე თვე თავშესაფარში იყო, საქმეც ქორწინების იძულების მუხლით აღიძრა, თუმცა ვინაიდან თავშესაფარში ადგილების რაოდენობა და დრო შეზღუდულია, მაქსიმუმ 6 თვე შეიძლება იყო თავშესაფარში, ამის გამო თავშესაფრებიც ცდილობენ, რომ გოგო ოჯახს შეურიგდეს, რათა მალე დატოვოს დაწესებულება. ამ თავშესაფრებში არანაირი ენის სწავლება და დასქმების პერსპექტივა მე არ მინახავს, ძალიან იშვიათი შემთხვევებია. დროის გასვლის შემდგომ ეს გოგო კვლავ ოჯახში დაბრუნდა და მიანც იმ ბიჭს გაჰყვა ცოლად. ზოგადად, ეს უიმედობაც არის ძალადობის მსხვერპლი ქალებისა და ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევების დროს, რადგან ერთის მხრივ სახელმწიფო ამბობს, რომ ეს ქმედება ისჯება, მაგრამ მეორეს მხრივ ვხედავთ, რომ არაფერი იცვლება“.

ადრეულ ასაკში ქორწინება საქართველოს კანონმდებლობით დასჯადია, მაგრამ კანონში ადრეულ ასაკში ბავშვთა ნიშნობის შესახებ არაფერი წერია. ამ ეტაპზე საქართველოს პარლამენტში განიხილება საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის მიხედვითაც ბავშვის ნიშნობა დასჯადი უნდა გახდეს. უფლებადამცველი თოზუ გულმამედლი აცხადებს, რომ კანონით ბავშვთა ნიშნობის აკრძალვა მოსახლეობაში აღქმის შესაცვლელადაა საჭირო. მისი განმარტებით, მოქალაქეები ადრეულ ასაკში ნიშნობას ხშირ შემთხვევაში პრობლემად არ აღიქვავენ, ხოლო საკანონმდებლო რეგულაციის დაწესება მათი აღქმის შესაცვლელად და ბავშვების დასაცავად ერთ-ერთი კარგი გზაა.

ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის შესახებ განაცხადის გაკეთება და დახმარების მიღება შემდეგი დაწესებულებებიდანდაა შესაძლებელი:
⭓ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო: ტელ. 112
შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია გამოავლინოს და აღკვეთოს ოჯახში და ქალის და გოგონას მიმართ ძალადობის ფაქტები, დაიცვას ძალადობის მსხვერპლი.
⭓ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საკონსულტაციო ცხელი ხაზი: (032)2309903
⭓ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი: 14 81 
⭓ სოციალური მომსახურების სააგენტოს ცხელი ხაზი: 1505

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები