2022 წლის სამოქალაქო განათლების ოლიმპიადაზე რეგისტრაცია დაიწყო
მოსწავლეებისთვის 2022 წლის სამოქალაქო განათლების ოლიმპიადა ჩატარდება. ოლიმპიადა საჯარო და კერძო სკოლების VII-XII კლასებისთვისაა გათვალისწინებული. ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების მსურველებს რეგისტრაციის გავლა „სამოქალაქო განათლება ყველასათვის“ ოფიციალურ საიტზე შეუძლიათ.

ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის რეგისტრაცია 2022 წლის 20 იანვრიდან 27 აპრილამდე პერიოდშია შესაძლებელი. პირველი ტური 2022 წლის 18 მაისამდე გაგრძელდება.

გთავაზობთ ოლიმპიადის წესებსა და პირობებს:

„ოლიმპიადაში მონაწილე მოსწავლემ ეტაპობრივად უნდა უპასუხოს კითხვებს, რომელიც ვებ.გვერდზე არსებული გაკვეთილების რაოდენობის ტოლია. კითხვები მოსწავლეს გამოუჩნდება ვებ.გვერდით სარგებლობისას, მას შემდეგ, რაც მოსწავლე დახურავს (სრულად შეასრულებს) რომელიმე 5 გაკვეთილს ( ანუ გამწვანებული იქნება ამ გაკვეთილების შემდეგი მანიშნებლები: „სავარჯიშო 1 შესრულებულია“, სავარჯიშო 2 შესრულებულია.“)

მოსწავლეს ვებ.გვერდი შესთავაზებს მხოლოდ იმ შეკითხვებს, რომლის შესაბამისი გაკვეთილიც მას უკვე დახურული (დავალებები შესრულებული) აქვს. შესაბამისად, მოსწავლეს, რომელსაც წაკითხული აქვს მეტი გაკვეთილი, სისტემა შესთავაზებს მეტ კითხვას და გაეზრდება შანსი დააგროვოს გაცილებით მეტ კითხვაზე სწორი პასუხი.

ოლიმპიადაში ჩართული მოსწავლეებისათვის, კითხვების გამოჩენის შეთავაზება ხდება წინასწარი გაფრთხილების გარეშე. შეთავაზების გამოჩენისას მოსწავლემ უნდა დაადასტუროს მზადყოფნა კითხვაზე პასუხის გასაცემად. თუ მოსწავლისათვის ამ დროს კითხვაზე პასუხის გაცემა მოუხერხებელია, მას შეუძლია მონიშნოს უარი და შეკითხვები მოგვიანებით გამოუჩნდება.

თუ მოსწავლე დაადასტურებს, რომ მზად არის კითხვაზე პასუხის გასაცემად, მას მიეცემა თითოეულ კითხვაზე პასუხის გასაცემად წინასწარ განსაზღვრული დრო. თუ დროის ამოწურვამდე მოსწავლემ კითხვას პასუხი არ გასცა (ან დახურა ფანჯარა, ან გავიდა სხვა გვერდზე), კითხვაზე პასუხი ითვლება არასწორად. კითხვაზე პასუხის შემდეგ, მოსწავლე არ იღებს ინფორმაციას პასუხის სისწორის შესახებ.

შესაძლოა მოსწავლეს ერთდროულად რამდენიმე კითხვაზე მოუწიოს პასუხის გაცემა. თუ გამოსაჩენ რიგში დგას რამდენიმე კითხვა, მოსწავლესთან კითხვები გამოდის რიგრიგობით, ერთმანეთის მიყოლებით და ჩანს მიმდინარე სესიის კითხვების რაოდენობა (მაგალითად, "კითხვა 2 4-დან").

ოლიმპიადის პირველ ტურში გამარჯვებულად ჩაითვლებიან ის მოსწავლეები, რომლებიც 46 კითხვიდან ყველაზე მეტ კითხვას გასცემენ სწორ პასუხს. თანაბარი ქულების შემთხვევაში მეორე ტურში გადავლენ ის მოსწავლეები, რომლებმაც კითხვებზე პასუხის გაცემას შედარებით ნაკლები დრო მოანდომეს.

ონლაინ ოლიმპიადის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ვლინდება გამარჯვებული ათეული, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მეორე ტურში. მეორე ტურში გადასულ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატები.

მეორე ტური:

ოლიმპიადის მეორე ტური გაიმართება 2022 წლის ივნისში. ოლიმპიადის მეორე ტური გაიმართება ასევე ონლაინ რეჟიმში. მეორე ტურში გამოვლინდება პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოსწავლეები.

პრიზები

ოლიმპიადის მეორე ტურში გადასულ მოსწავლეებს გარდა სერთიფიკატებისა, გადაეცემა ფასიანი საჩუქრები, ხოლო 3 გამარჯვებულ მოსწავლეს გადაეცემა პერსონალური კომპიუტერები.

ასევე დაჯილდოვდება პირველ ტურში პირველ ადგილზე გასული მოსწავლის მასწავლებელი, თუ ის რეგისტრირებულია ვებ.გვერდზე და მოსწავლეს საკუთარ მასწავლებლად ვებ.გვერდზე ჰყავს მითითებული“
. - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ოლიმპიადაში მონაწილეობისათვის რეგისტრაციის გავლა შემდეგ ელექტრონულ მისამართზეა შესაძლებელი: http://az.civiceducation.ge/
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები