მარნეულის მერიის თანამშრომლებმა 8 800 ლიტრი საწვავი შვებულებების დროს მუნიციპალიტეტის ხარჯზე ჩაასხეს - აუდიტი
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოხელეებმა 100 ტონამდე საწვავი ჩაასხეს ისეთი მიმართულებებით გადაადგილებისას რომლებიც არ უკავშირდებოდა სამსახურში გამოცხადებას ან სხვა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას. აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, 2019-2020 წლებში 8 800 ლიტრი საწვავი გახარჯულია მერიის თანამშრომლების შვებულებებში ყოფნის პერიოდში, მათ შორის 3 700 ლიტრამდე საწვავი კი მარნეულის მუნიციპალიტეტის გარეთ ისეთი მიმართულებებითაა გახარჯული, როგორიცაა თბილისი, რუსთავი, ბოლნისი, გორი, ზესტაფონი, ზუგდიდი, სენაკი, ფოთი და ა.შ.

„წარმოდგენილი მონაცემების შესწავლის შედეგად, ასევე, გამოვლინდა გარემოებები, როდესაც ავტომობილებში ერთჯერადად ჩასხმულია ავზის მოცულობაზე მეტი ოდენობის საწვავი, კერძოდ, საუბარია 19 შემთხვევაზე, როდესაც სულ 12 ავტომობილში, რომელთა ავზების მოცულობა 45-95 ლიტრია, ერთჯერადად ჩასხმულია 80-100 ლიტრი საწვავი (იხ. დანართი №3), რაც მანქანების ავზის მოცულობებიდან გამომდინარე, ფიზიკურად ვერ განხორციელდებოდა“. - აღნიშნულია აუდიტის დასკვნაში

აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, 2019-20 წლებში მარნეულის მერიაში უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა აღემატებოდა რეკომენდირებულ ზღვრულ ოდენობას. მაგალითისათვის, საქართველოს მთავრობის დადგენილების მიხედვით მუნიციპალიტეტებისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების გამოყენებისათვის რეკომენდირებული იყო 7-8 სამორიგეო ავტომანქანა, ხოლო მარნეულის მერია სარგებლობდა 10 სამორიგეო მანქანით, ხოლო კერძო საკუთრებაში არსებული მანქანებიდან 2019 წელს 87, ხოლო 2020 წელს 84 მანქანით სარგებლობდა.

საწვავის ხარჯვის მიზნობრიობის კონტროლისათვის მუნიციპალიტეტებში დანერგილია აგაი სისტემა. აგაი სისტემის მეშვეობით, საწვავი გამოიყენება მხოლოდ ავტორიზირებულ ავტომანქანებზე და მინიმუმამდეა დაყვანილი არამიზნობრივი ხარჯვის რისკები. მარნეულში აღნიშნული სისტემა 2019 წელს 6 მანქანაზე იყო დაყენებული, ხოლო 2020 წელს შვიდზე, ხოლო კერძო საკუთრებაში არსებული მანქანებიდან აგაი სისტემა დაყენებული იყო 2019 წელს - 39 ერთეულზე, ხოლო 2020 წელს 44 მანქანაზე.

„მუნიციპალიტეტს, საწვავის აგაის სისტემის გარეშე შეძენის მიზნით, შესყიდვების სააგენტოში წარდგენილი აქვს დასაბუთებები, რომლებშიც არგუმენტად მოყვანილია სამსახურებრივი ფუნქციების შესასრულებლად არასაკმარისი რაოდენობის ავტომანქანები. კერძოდ, მუნიციპალიტეტის განმარტებით, მათ საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საჭირო რაოდენობის არარსებობის გამო, მუნიციპალიტეტი იყენებს თანამშრომლების კერძო ან კონკრეტულ მომენტში მათთვის ხელმისაწვდომ ავტომანქანებს, რომლებზეც აგაი სისტემის დამონტაჟება მოუხერხებელია. შედეგად, უნდა ისარგებლონ უნომრო პლასტიკური ბარათებით. თუმცა, ზემოთ აღნიშნული მიზეზები ვერ ჩაითვლება საკმარის დასაბუთებად, ვინაიდან მარნეულის მუნიციპალიტეტში ავტომობილების რაოდენობა აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ოდენობას. ამასთანავე, აგაი სისტემა არ აქვს დამონტაჟებული მუნიციპალიტეტის საკუთრებაში მყოფ ყველა მანქანას. წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, მარნეულის მუნიციპალიტეტმა 2019-2020 წლებში ავტომანქანებზე გახარჯა სულ 664.8 ათასი ლარის ღირებულების 339.5 ტონა საწვავი. გამოყენებული საწვავის 60% ჩასხმულია VIP ბარათებით“. - აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დასკვნაში

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიას მოუწოდებს საწვავის არამიზნობრივი ხარჯვის პრევენციისათვის დანერგოს კონტროლის მექანიზმები. აღსანიშნავია, რომ საწვავის არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტები აუდიტის სამსახურმა 2017-2018 წლების ანგარიშშიც გამოავლინა, თუმცა მას შემდეგ მარნეულის მერიაში მდგომარეობა არ გამოსწორებულა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები