„მარნეულის 14 საბავშვო ბაღში წყალზე ჩატარებული კვლევიდან 7-ში გამოვლინდა ნორმიდან გადახრა“ - აუდიტის სამსახურის 2019-20 წლის ანგარიში
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, მარნეულის მერიამ 2019-2021 წლებში 39 სოფელში წყლის ხარისხის შესახებ ლაბორატორიული კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც 33 სოფელში სასმელი წყლის ხარისხი არ შეესაბამებოდა ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მაჩვენებელს.

„ასევე, მუნიციპალიტეტის 14 საბავშვო ბაღში ჩატარებული კვლევიდან 7-ში გამოვლინდა ნორმიდან გადახრა. მიუხედავად ამისა, პრობლემის მოსაგვარებლად მუნიციპალიტეტს არ ჰქონდა გატარებული შესაბამისი ღონისძიებები“. - აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დასკვნაში

აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, მარნეულის მერიამ 2019-2020 წლებში წყლის მომარაგების სისტემების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე 7 517 000 ლარი დახარჯა, მაგრამ განხორციელებული სამუშაოები არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს სასმელ წყალზე მოსახლეობის ნაწილის მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

„აუდიტის მიმდინარეობის პერიოდისთვის, მუნიციპალიტეტში მცხოვრები 20,436 ოჯახიდან, მუდმივი წყლით სარგებლობს მხოლოდ 1,040 ოჯახი, გრაფიკით მიეწოდება წყალი 13,037 ოჯახს, შეფერხებით − 4,016 ოჯახს, ხოლო 2,343 ოჯახის წყალმომარაგებას მუნიციპალიტეტი საერთოდ არ ემსახურება“.

სახელმწიფო აუდიტის სამსახური მარნეულის მერიას მოუწოდებს საკრებულოსთან შეთანხმებით დაგეგმოს და განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგების მოწესრიგებისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესებას.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები