"სამართლებრივი ზომების მიღება აუცილებელია, სანამ ეს არ იქნება, სახელმწიფო რომ მიცავს რა აზრი აქვს“ - სამირა ბაირამოვა
რამდენიმე კვირაა, რაც  მარნეულელი  სამოქალაქო აქტივისტი, სამირა ბაირამოვა საქართველოს პროკურატურის დაცვის სპეციალურ ღონისძიებაშია ჩართული. ბაირამოვა რადიო „მარნეულთან“ საუბრისას აცხადებს, რომ სახელმწიფო იცავს, თუმცა ჯერ კიდევ არ ჰყავს გამოკითხული ის ადამიანები, რომლებიც მას  დაემუქრნენ.  აქტივისტი მიიჩნევს, რომ ძალადობრივ ჯგუფებს მთავრობა იცავს და შესაბამის სამართლებრივ ზომებს არ ატარებს.

„მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ მსურს სპეციალური დაცვის პროგრამაში ვიყო,  ზუსტად ეს გარემო მაიძულებს, რომ უნდა ვიყო დაცული და გამოვიყენო ეს შესაძლებლობა. სამწუხაროდ, ასეთი დესტრუქციული ძალების მიმართ, სახელმწიფოს დონეზე არანაირი რეაგირება არ არის. ჩვენ კარგად გვახსოვს 5-6 ივნისის მოვლენები, ასევე დმანისის მოვლენები და ამ ყველაფრის შემდეგ, ფაქტობრივად, არ აკავებენ ამ ადამიანებს. მოძალადე ჯგუფებს აქვთ სახელმწიფოს მხრიდან რაღაც დამცავი ბერკეტი და შესაბამისად, ეს უფრო სანერვიულო არის არის პირადად ჩემთვის იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ამ ჯგუფებს ებრძვიან. ადამიანებმა, რომლებმაც მუქარის შემცველი შეტყობინებები გამომიგზავნეს, ჩვეულებრივად ქუჩაში თავისუფლად დადიან. მე ვცდილობ ხალხმრავალ ადგილას არ გავიდე, უფრო ფრთხილად ვიყო, რომ იმ ადამიანებთან არ მქონდეს შეხება, ვიდრე სახელმწიფო არ გამოიღვიძებს, რო ისინი არიან არა მხოლოდ მოქალაქეებისთვის არამედ სახელმწიფოს სუვერენიტეტისთვის, ჩვენი კეთილდღეობისთვის, და მშვიდობისთვის საფრთხე. იმედი მაქვს, რამე სპეციალურ ზომებს მიიღებენ სამართლებრივი ზომების მიღება აუცილებელია, სანამ ეს არ იქნება, სახელმწიფო რომ მიცავს რა აზრი აქვს“

სამირა ბაირამოვამ სამართალდამცავ უწყებას 15 მარტს მას შემდეგ მიმართა, რაც „ალტ ინფოს“ ერთ-ერთმა მხარდამჭერმა სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება გაუგზავნა.

სამირა ბაირამოვას მიერ მარნეულში „ალტ ინფოს“ დაფუძნებული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისის გადაღებვის შემდგომ სოციალურ ქსელში აქტივისტის მიმართ მუქარის შემცველი და შეურაცხმყოფელი კომენტარები კეთდება. სამირა ბაირამოვას რამდენიმე პირმა მუქარის შემცველი წერილებიც გაუგზავნა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამირა ბაირამოვას მიმართ განხორციელებულ მუქარის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც ნიშნავს სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების მუქარას.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები