ქენან ომაროვი კიროვკის სახელის შეცვლაზე საინიციატივო ჯგუფს შეხვდა

28 აპრილს პლატფორმა სალამის ორგანიზებით,  სოფელ კიროვკის  მოსახლეობის საინიციატივო ჯგუფი მარნეულის მერს, კენან ომაროვს შეხვდა.

ადგილობრივებმა მერს კიდევ ერთხელ გააცნეს მათი სურვილი და მოთხოვნა, რომ კიროვკას ძველი სახელი „მამეი“ დაუბრუნდეს. როგორც „სალამის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რაბილ ისმაილი ამბობს, შეხვედრაზე კენან ომაროვი მოსახლეობას შესაძლებლობების ფარგლებში მათი ინტერესების გათვალისწინებას და პროცესებში ბოლომდე ჩართულობას დაჰპირდა.

„უპირველესყოვლისა, ძალიან მნიშვნელოვანია რომ შეხვედრა შედგა, რაც მნიშვნელოვანია კომუნიკაციაში. მოსახლეობაც დარწმუნდა, რომ მერი იქნება ჩართული პროცესებში. მერის პოზიცია მეტწილად პოზიტიურია, იმიტომ რომ მანაც აღნიშნა, რომ მაქსიმალურად შეეცდება და იქნება ჩართული იმაში, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ნება და სურვილი იყოს გათვალისწინებული პროცესის ყველა ეტაპზე“ - ამბობს რაბილ ისმაილი

აღნიშნულ საკითხზე რადიო „მარნეული“ ამ დრომდე ცდილობს ქენან ომაროვის ჩაწერას. კომენტარის შემთხვევაში, მასალა განახლდება.

მარნეულის მუნიციპალიტეტის კიროვკის მოსახლეობა სოფლის სახელის შეცვლასთან დაკავშირებული პროცედურების შეჩერებას ითხოვს. აღნიშნულის მოთხოვნით თვითმმართველობაში წერილი უკვე შეიტანეს ადგილობრივებმა. კიროვკელებმა  ოფიციალური წერილით მიმართეს  მარნეულის მერს, კენან ომაროვს, საკრებულოს თავმჯდომარეს, ამირან გიორგაძეს, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე როვშან ისკანდაროვს  და საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის თავმჯდომარეს, ადილ ალიევს, სადაც  სოფლის ძველი სახელის, „მამეი“-ს დაბრუნებას ითხოვენ.

საბჭოთა პერიოდიდან დარჩენილი სოფლების სახელწოდებების შეცვლის საკითხზე,  18 აპრილს გამართულ საკრებულოს სხდომაზე იმსჯელეს. მაშინ  საკრებულოს აპარატის უფროსმა, ნინო ბერიძემ თქვა, რომ მერიაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ, სახელები მოსახლეობასთან ერთად შეარჩია. კიროვკასთან ერთად, იგეგმება შაუმიანის სახელის შეცვლაც სოფელს ზემო შულავერი ეწოდება.

ზუსტ გადაწყვეტილებას მას შემდეგ მიიღებს ადგილობრივი თვითმმართველობა, რაც სახელების შეცვლაზე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების სამთავრობო  კომისიის დასტური მოუვათ. მანამდე კი უცნობია, გაითვალისწინებს თუ რა ადგილობრივი თვითმმართველობა კიროვკის სახელის შეცვლასთან უკვე დაწყებულ პროცედურების შეჩერების საკითხს  და ახალი ინიციატივის შემდგომ ეტაპებზე გადაყვანას. პასუხი, სავარაუდოდ, 10 დღეში გახდება ცნობილი. მას შემდეგ, რაც მერიას ოფიციალურ წერილზე პასუხის გაცემის ვადა ამოეწურება.

გარეკანის ფოტო: "სალამი"

Print