42 თვიანი პროექტის ფარგლებში მარნეულში თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიის და ბიზნესის გაძლიერება იგეგმება
ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და მცირე და საშუალო ბიზნესის გაძლიერების მიზნით მარნეულში პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ განხორციელდება. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას პროექტის მენეჯერმა გიორგი თვალიაშვილმა განაცხადა, რომ 42 თვის განმავლობაში საქართველოს ექვს მუნიციპალიტეტში, მათ შორის მარნეულშიც, პროექტის ფარგლებში სხვადასხვა სახის ტრენინგები ჩატარდება და გამოცხადდება საგრანტო პროექტები რომლშიც მონაწილეობის მიღებას სამოქალაქო ორგანიზაციები და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები შეძლებენ.

„ერთ-ერთი მიმართულება რაც გვაქვს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისათვის, მოხდება 60 მონაწილის შერჩევა ექვსივე მუნიციპალიტეტიდან რომელთათვისაც ჩატარდება სხვადასხვა სახის ტრენინგები, მათ შორის გენდერთან მიმართებაში, ადვოკატირების საკითხები, ბიუჯეტირების საკითხები და ა.შ. რათა უფრო მეტად გაძლიერედეს აქტივისტთა ჯგუფი. გარდა ამისა, იგეგმება თითოეულ მუნიციპალიტეტში 3-4 ადგილობრივი ორგანიზაციის შერჩევა რომელთათვისაც როგორც ტრენინგები ჩატარდება, ასევე დაგეგმილია საგრანტო კონკურსი რომელიც ორიენტირებული იქნება ადვოკატირების საკითხებზე. ამ საგრანტო კონკურსში ყველას შეეძლება მიიღოს მონაწილეობა და საგრანტო თანხა მოიცავს 5 000 ევროს, რომელიც უნდა მოემსახუროს ადვოკატირების საკითხს და პოპულარიზაციას, რათა მეტად მოხდეს ეთნიკური უმცირესობების ჩართვა და გენდერული საკითხების წამოწევა“.

ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის გაძლიერების მიმართულებით პროექტის ფარგლებში ძირითადად ტრენინგების, მასტერ კლასებისა და გაცვლითი პროგრამების ჩატარებაა გათვალისწინებული. როგორც პროექტ „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ მენეჯერი აცხადებს, გაცვლითი პროგრამების მიზეზი ადგილობრვივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლების გამოცდილების გაზრდაა, რათა ისინი დააკვირდნენ მუშაობის სხვადასხვა პრაქტიკას.

ბიზნესის მიმართულებით, პროექტის ფარგლებში, იგეგმება 2 000-დან 60 000 ევრომდე გრანტების გაცემა რათა ხელი შეეწყოს ინტეგრირებული ბიზნესების განვითარებას.

პროექტის პრეზენტაცია, 29 აპირის, ბოლნისის მუზეუმში გაიმართა, რომელსაც მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“ ევროკავშირის დაფინასებით საქართველოს ორი რეგიონის 6 მუნიციპალიტეტში განხორციელდება. სამცხე-ჯავახეთიდან პროექტში სამი მუნიციპალიტეტი, ახალციცხე, ახალქალაქი და ნინოწმინდა იქნებიან ჩართული, ხოლო ქვემო ქართლიდან მარნეული, ბოლნისი და დმანისი.

პროექტი 2022 წლის იანვარში დაიწყო და 2025 წლის ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

ფოტო: "პროექტი სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება" ფეისბუქ გვერდიდან
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები