ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წელს მარნეულში ორი ვეტერანი აღნიშნავს
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი შესრულდა. მარნეულში სამამულო ომის ორი ვეტერანი ცხოვრობს. 98 წლის ჰუსეინ ვალიევი და 96 წლის ზიატხან კირიაკოვი. ვეტერანებისათვის მარნეულის მერიმ 208 ლარის და 30 თეთრის სასაჩუქრე ნობათი შეიძინა. ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფის თხოვნით მარნეულის მერს, კენან ომაროვს ჯანდაცვის, სოციალური უზრუნველყოფის, კულტურის, სპორტის,ბავშვის კეთილდღეობის დაცვისა და მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი მეურმიშვილმა მიმართა.

„მოგეხსენებათ, რომ ფაშიზმზე გამარჯვებიდან 77 წელი გავიდა. ეს ომი კაცობრიობის ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ყველაზე სისხლისმღვრელი და გამანადგურებელი მოვლენა. საქართველოდან წასული, ათიათასობით მეომარი ებრძოდა ფაშისტ დამპყრობლებს, რომლებმაც კეთილსინდისიერად მოიხადეს ვალი ერისა და ქვეყნის წინაშე. მებრძოლთაგან ბევრი ვერ დაუბრუნდა მშობლიურ კერას, ხოლო დაბრუნებულთაგან უმეტესობა ჩვენს გვერდით აღარაა. მარნეულის მუნიციპალიტეტში მხოლოდ ორი ვეტერანია ცოცხალი. ისინი ჩვენგან უდაოდ იმსახურებენ უდიდეს სიყვარულსა და ყურადღებას. მიზანშეწონილად მიმაჩნია კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირებს და მათი მემორიალები შევამკოთ ცოცხალი ყვავილების გვირგვინებით, ხოლო ომის ვეტერნებს, ჰუსეინ ვალიევს და ზიატხან კირიაკოვს, გადავცეთ სასაჩუქრე ნობათი. გთხოვთ დაავალოთ შესაბამის სამსახურს განახორციელოს შესყიდვებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობები“ - წერს გიორგი მეურმიშვილი.

ლობიო, ბრინჯი, ხილის წვენი, შესქელებული რძე, ზეთი და ღვინო - ეს იმ პროდუქტების ჩამონათვალია, რაც ადგილობრივმა თვითმმართველობამ ორი ვეტერანისთვის გამარტივებული წესით შპს კრალ-XXI-სგან შეიძინა.

გასულ წელს მარნეულს ხუთი სამამულო ომის ვეტერანი ჰყავდა. 

მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1939 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მთელ რიგ სახელმწიფოებში ფაშიზმზე გამარჯვების დღე 8 მაისს აღინიშნება, რისკენაც საზოგადოების ნაწილი საქართველოს ხელისუფლებასაც მოუწოდებდა, თუმცა მათი ეს პოზიცია არ გაიზიარეს.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები