ოფრეთი, ჩანახჩი და ახკერპი - სამი კვირა საჯარო ტრანსპორტის გარეშე
მესამე კვირაა, რაც მარნეულის საზღვრისპირა სოფლებში მუნიციპალური ტრანსპორტი არ დადის.  ოფრეთი, ჩანახჩი და ახკერპი მარნეულიდან დახლოებით 60 კილომეტრითაა დაშორებული. მოსახლეობისათვის ქალაქში ჩამოსვლის და ყოფითი პრობლემების მოგვარების ერთადერთი საშუალება კვირის სამი დღე იყო, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაფუჭებამ მათი რეალობა შეცვალა. სიტუაცია კიდევ უფრო რთულად აქვთ დასაქმებულ ადამიანებს. ისინი, ვინც ტრანსპორტზე არიან დამოკიდებული.  არსებულ პრობლემაზე ადგილობრივები ანონიმურობის დაცვის გარანტით ჩავწერეთ. ჩანახჩში და ოფრეთში მცხოვრებლები მუნიციპალიტეტისგან ალტერნატიული გზები მოძებნას ითხოვენ.

„ვერაფერს ვახერხებ თუნდაც ელემენტარული რამე მჭირდებოდეს. თბილისში ჩასვლასაც ვერ ვასწრებ, რომ უკან გამოვბრუნდე. არის თვეები, რომ სოფელში ვიკეტებით უტრანსპორტობის გამო. ვიღაცას თუ არ გავყევი, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ვერ ვსარგებლობ.  ორშაბათს, ოთხშაბათს და კვირას მუშაობდა ხოლმე და ორ კვირაზე მეტია არ მუშაობს. პასუხის ღირსიც არ ვართ როდის იქნება და  რა იქნება.“ - ამბობს ჩანახჩში მცხოვრები

„ორი კვირის წინ, გზაში გაფუჭდა და ძლივს მივედით სოფლამდე. მას შემდეგ თქვეს, რომ გაფუჭდა. მძღოლს ვურეკავდით  და გვეუბნებოდა, ნაწილს ვერ ვშოულობთ, მერე ორ დღეში იქნება, მერე სამ დღეში იქნება. როცა ვიცით რომ ორ დღეში იქნება, ვითმენდით, მაგრამ ამასობაში გავიდა ორი კვირაც და მეტიც. ამ პერიოდის განმავლობაში სამსახურისთვის ტაქსის ვქირაობდი.  რაღაც აქამდეც უნდა ყოფილიყო ალტერნატიული. ოფრეთში მაღაზიაც არ არის და ხალხს ხომ სჭირდება არსებობა. პური უნდათ, პატარა ბავშვები ჰყავთ. ერთმანეთს  ვაბარებდით ხოლმე რაღაცებს.  იმედი მაქვს ან გაკეთდება ავტობუსი, ან სხვა რამეს მოიფიქრებენ და გვიშველიან იმიტომ, რომ დავტოვეთ ერთი ხელფასი გზაში“ - ამბობს ოფრეთში მცხოვრები.

მოსახლეობისთვის არც ალტერნატივა და არც დამაიმედებელი პასუხი აქვს მარნეულის მერიის ბალანსზე მყოფ მუნიციპალური ტრანსპორტის ხელმძღვანელს გიგა ჯალაღონიას. როგორც ის რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ამბობს,  სოფელ ოფრეთს, ჩანახჩსა და ახკერპს რთული რელიეფი აქვს, რის გამოც ყველა ტრანსპორტს ვერ უშვებენ.  აღნიშნულ  მარშრუტზე მოძრავი ერთადერთი ავტობუსის შეკეთებას კი დეფიციტში მყოფი ნაწილების გამო ვერ ახერხებენ.

„ორხიდიანი ავტობუსი დადის იქ მხოლოდ, სხვა ავტობუსი ვერ შეძლებს  მოძრაობას. მთიანი ზონაა და ძალიან რთული რელიეფია.  ორხიდიანი ავტობუსი სხვა არ გვყავს, ეს ერთადერთია და ამასაც დაზიანებული აქვს ძრავი. დეტალები არ იშოვება, ძველი დეტალები რამდენი გავაკეთეთ, არ გამოდგა. მესამეჯერ დაიშალა ის ძრავი ახლა. შეუძლებელს მთხოვენ, შენ წაგვიყვანეო მე მეუბნება მაშინ ასე გამოდის. ალტერნატივის საშუალება არ არსებობს, დროსაც ვერ ვამბობთ რამდენ ხანში შეკეთდება. ახლა აზერბაიჯანსა და სასომხეთში ვეძებთ ნაწილებს იქნება იყოს და ვიყიდოთ“ - ამბობს გიგა ჯალაღონია

ჯალაღონიას განმარტებით, აღნიშნულის შესახებ საქმის კურსშია მარნეულის მუნიციპალიტეტის მერია.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები