მარნეულის მერიის მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინასნების გაუქმების შესახებ სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო
მარნეულის მუნიციპალიტეტისა და საკრებულოს წინააღმდეგ წარმოებული სასამართლო სხდომა დღეს, 10 მაისს, კვლავ გადაიდო. საქმე ეხება მარნეულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხს.

2020 წლის 17 თებერვალს სამოქალაქო აქტივისტ სამირა ბაირამოვას და სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესის სასულიერო სამმართველოს შეიხ მირთაგი ასადოვის სახელით, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა“ EMC-იმ სარჩელით მიმართა ბოლნისის რაიონულ სასამართლოს და მარნეულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის მე-13 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტის ბათილად ცნობა მოითხოვა, რომელიც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიისთვის 400 000 ლარის გამოყოფას ითვალისწინებს. ბიუჯეტი უთითებს, რომ აღნიშნული ხარჯის მიზანი „რელიგიური შემწყნარებლობის პროპაგანდის და მოსახლეობის სულიერების ამაღლების“ ხელშეწყობაა. სოციალური სამართლიანობის ცენტრის (ყოფილი EMC-ს) განმარტებით კი აღნიშნული ნორმა დისკრიმინაციული და არასეკულარულია და არ შეესაბამება დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს იდეას.

დღეს, 2022 წლის 10 მაისს, გამართული სასმართლო სხდომა კვლავ გადაიდო. როგორც რადიო „მარნეულს“ სამოქალაქო აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ განუცხადა, სხდომის გადადების მიზეზი ერთ-ერთი მხარის, კერძოდ კი მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარმომადგენლის სხდომაზე გამოუცხადებლობა გახდა.

„უკვე წლებია ადგილობრივი ბიუჯეტიდან ადგილობრივი რელიგიური ორგანიზაციების დაფინასება ხდეაბ. ჯერ საქმე ეხება იმას, რომ თავად თანხის განაწილება იყო დისკრიმინაციული, მაგალითად, ბიუჯეტის მიხედვით, 10 000 ლარია გამოყოფილი მუსლიმი თემისთვის, ხოლო 400 000 ლარია გამოყოფილი მართლმადიდებლური ეკლესიისათვის. ერთ-ერთი მხარე ვარ მე, როგორც სამოქალაქო აქტივისტი და ვფიქრობ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობიდან საერთოდ არ უნდა დაფინანსდეს რელიგიური ორგანიზაციები, რადგან ისინი უკვე ფინასდებიან ცენტრალური ხელისუფლებისაგან და შესაბამისად ეს თანხა უფრო მოწყვლადი ჯგუფებისაკენ უნდა იყოს მიმართული, როგორიცაა შშმ პირები, სოციალურად დაუცველები, დევნილები და ა.შ. მეორე მხარეა მუსლიმური სამმართველოს შეიხი მირთაგი ასადოვი, რომელიც თვლის რომ თანხის განაწილება არის დისკრიმინაციული, რადგან მუსლიმი თემი მარნეულში უმრავლესობას წარმოადგენს, დაფინანსება კი მართლმადიდებლურ ეკლესიას უფრო მეტი აქვს“. - აცხადებს სამირა ბაირამოვა

ბაირამოვას განმარტებით, დღევანდელ სასამრთლო სხდომაზე მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო, რომელიც საქმის ერთ-ერთი მხარეა, არ გამოცხადდა. გამოუცხადებლობის მიზეზი კი სხდომაზე მარნეულის მერიის წარმომადგენელმა გააჟღერა.

„ჩვენთვის, ისევე როგორც სასამართლოსთვის უცნობი იყო, რომ საკრებულო არ გამოცხადდებოდა სხდომაზე, მათ წერილობითი განმარტებაც კი არ წამოუდგენიათ. უბრალოდ სხდომის დროს მერიის წარმომადგენელმა თქვა, რომ საკრებულოს იურისტი შვებულებაში იყო და ამიტომ ვერ დაწესრებოდა სხდომას. მანამდე მარნეულის მერიის მოთხოვნით გადაიდო სასმართლო სხდომა, რადგან განაცხადეს, რომ მასალების შეგროვებისათვის დრო სჭირდებოდათ. სულ ასე ხდება, ცდილობენ რომ რაც შეიძლება დიდხანს გაწელონ სასამართლო პროცესი“. - აცხადებს სამირა ბაირამოვა

რადიო „მარნეულს“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნინო ბერიძემ დაუდასტურა, რომ სასამართლო სხდომას საკრებულოს იურისტი მართლაც ვერ დაესწრო, რადგან ის დეკრეტულ შვებულებაშია, მაგრამ განმარტავს, რომ სხდომა მხოლოდ საკრებულოს დაუსწრებლობის გამო არ გადადებულა.

რადიო „მარნეულს“ მარნეულის მერიის იურიდიულ საკითხთა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ხელმძღვანელმა მამუკა შუბითიძემ განუცხადა, რომ მარნეულის მერიის იურისტებმა სასამართლოს უკვე წარუდგინეს საკუთარი პოზიცია საქმესთან დაკავშირებით და იმედოვნებს, რომ მოსამართლე გადაწყვეტილებას მათ სასარგებლოდ მიიღებს. სხვა დეტალებზე მამუკა შუბითიძე კომენტარს არ აკეთებს.

მარნეულის მერიისა და საკრბეულოს მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხთან დაკავშირებული სასმართლო პროცესი 2022 წლის 2 ივნისამდე გადაიდო.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები