ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშრებით მარნეულში სიმულაციური თამაში ჩატარდა
ოჯახში ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებისათვის დღეს, 11 მაისს, მარნეულში სიმულაციური თამაში ჩატარდა. ტრენინგ-მოდული 8 სხვადასვხა ძალადობაგამოვლილი ქალის ისტორიისაგან შედგება, რომელიც ქართულ რეალობაზეა მორგებული. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის კოორდინატორმა ნანა ჩიქოვანმა განაცხადა, რომ სიმულაციური თამაში და დისკუსია ახალი სატრენინგო მოდულია, რომლის მიზანიც ქალთა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე ცნობიერების ამაღლებაა.

ტრენერმა და ქალთა საინფორმაციო ცენტრის ექსპერტმა მაია კუპრავა-შარვაშიძემ განაცხადა, რომ სატრენინგო მოდული ძალიან მნიშვნელოვანია, რისი დახმარებითაც ტრენინგის მონაწილეები თავს ძალადობაგამოვლილი ქალის ადგილას აყენებენ.

„ტრენინგი სულ ორი საათი გრძელდება და ამ ორი საათის განმავლობაში ძალიან ბევრს ვასწრებთ. პირველი, რომ გავაჩინოთ თანაგრძნობა მსხვერპლის მიმართ, მეორე რომ გავიაზროთ რა გზას გადის მსხვერპლი. ზოგადად, ამ ტრენინგის მიზანია ვიცოდეთ, თუ როგორ შეიძლება სხვებს დავეხმაროთ და გავიწოოთ თანაგრძნობა. აქვე ჩვენ ვაფიქსირებთ იმას, თუ რა ხდება ქვეყანაში, რა ტიპის სამსახურები გვაქვს, როგორ შეიძლება მათი დახმარება, რას აკეთებს ამ დროს სახელმწიფო და თითოეული ჩვენგანი რას უნდა აკეთებდეს მსხვერპლის მხარდასაჭერად“. - განაცხადა მაია კუპრავა-შარვაშიძემ

რადიო „მარნეულს“ ტრენინგის მონაწილე ფარიზ დაშდამიროვი უცხადებს, რომ სიმულაციური თამაშის მეშვეობით უფრო კარგად გაიაზრა თუ რისი გადატანა და რა გზის გავლა უწევთ ძალადობაგამოვლილ ქალებს. იმედოვნებს, რომ მუნიციპალიტეტში მსგავსი სახის შეხვედრები სამომავლოდაც გაგრძელდება.

ტრენინგი ქალთა საინფორმაციო ცენტრის მიერ გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა. პროექტის ფარგლებში ტრენინგების ჩატარება ქვემო ქართლსა და გურიაშია დაგეგმილი. როგორც ქალთა საინფორმაციო ცენტრის პროექტის კოორდინატორმა ნანა ჩიქოვანმა განუცხადა, ორი წლის განმავლობაში სულ 80-მდე ტრენინგის ჩატარებაა დაგეგმილი.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები