როგორი დამოკიდებულება აქვთ საქართველოს ეთნიკურ უმცირესობებს დასავლეთისა და რუსეთისადმი - კვლევა
ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 72% ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერს, ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგია მოსახლეობის 13%, 8%-სთვის სულერთია, ხოლო 7%-მა არ იცის, ან უარს აცხადებს პასუხზე.

ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის კვლევაში მოცემულია ევრიკავშირში გაწევრიანების სურვილი მოსახლეობის დემოგრაფიული მახასიათებლების მიხედვით. კვლევის შესაბამისად, ევროკავშირში გაწევრიანებას საქართველოს მოქალაქე ეთნიკურ ქართველებს, აზერბაიჯანელებსა და სომხებს შორის, მხარს ყველაზე მეტად ეთნიკურად ქართველები უჭერენ. ევროკავშირში გაწევრიანების მომხრე ეთნიკურად ქართველების 75%-ია, ეთნკურად სომხებში აღნიშნული მაჩვენებელი 47%-ია, ხოლო ეთნიკურად აზერბაიჯანელებში 52%. ევროკავშირში გაწევრიანებას ეწინააღმდეგება ეთნიკურად ქართველების 13%, ეთნიკურად სომხების 24% და ეთნიკურად აზერბაიჯანელების 7%. ეთნიკურად ქართველების 7%-ისათვის სულერთია გაწევრიანდება თუ არა საქართველო ევროკავშირში, ეთნიკურად სომხებში აღნიშნული მაჩვენებელი 9%-ია, ხოლო ეთნიკურად აზერბაიჯანელებში 15%. აღსანიშნავია, რომ კითხვაზე, უჭერთ თუ არა მხარს საქარძძთველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, ეთნიკურად აზერბაიჯანელების 26%-ს პასუხი არ აქვს, ან არ იცის, ეთნიკურად სომხებში აღნიშნული მაჩვენებელი 20%-ია ხოლო ეთნიკურად ქართველებში 5%.

კვლევაში ასახულია საქართველოს მოქალაქეების დამოკიდებულება ქვეყნის უსაფრთხოებასთან დაკავშირებითაც. მოსახლეობის 59% მიიჩნევს, რომ საქართველო NATO-ს წევრი უნდა გახდეს, 21% სამხედრო ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს, 10%-მა კითხვაზე პასუხი არ იცის, ხოლო მოსახლეობის 9% მიიჩნევს, რომ საქართველო უნდა შეუერთდეს რუსეთის ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას (CSTO).

დემოგრაფიული ჭრილის მიხედვით საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას მხარს ეთნიკურად ქართველების 63%, ეთნიკურად სომხების 25%, ხოლო ეთნიკურად აზერბაიჯანელების 39% უჭერს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს CSTO-ში გაერთიანებას ყველაზე მეტად ეთნიკურად სომხები უჭერენ მხარს, რამაც საქართველოს მოქალაქე ეთნიკურად სომეხთა 29% შეადგინა, რუსეთის კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს გაერთიანების მომხრეა ეთნიკურად ქართველების და აზერბაიჯანელების 8-8%. ეთნიკურად ქართველების 22% საქართველოს სამხედრო ნეიტრალიტეტს უჭერს მხარს, ნეიტრალიტეტის მომხრეა ეთნიკურად სომხების 26% და ეთნიკურად აზერბაიჯანელების 8%. კვლევის მიხედვით, ეთნიკურად აზერბაიჯანელების 45%-მა არ იცის ან არ სურს კითხვაზე პასუხის გაცემა, თუ რომელ სამხედრო ალიანსში უნდა გაერთიანდეს საქართველო, აღნიშნული მაჩვენებელი ეთნიკურად სომხებში 18%-ს შეადგენს, ხოლო ეთნიკურად ქართველებში 7%-ს.

საქართველოს მოსახლეობის 53% მიიჩნევს, რომ დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სხვა საკითხების შესახებ საერთო ღირებულებების გამო, საქართველოსთვის საუკეთესო პარტნიორები ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირია. მოსახლეობის 20% კი თვლის, რომ საერთო ღირებულებებისა და რელიგიის გამო, რუსეთი საქართველოსთვის უფრო ბუნებრივი მოკავშირეა, ვიდრე ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი.

ეთნიკურად აზებრაიჯანელების 58%-მა არ იცის რუსეთი გამოხატავს მათ ხედვას უკეთესად თუ დასავლეთი. ეთნიკურად ქართველებში აღნიშნული მაჩვენებელი 7%-ია, ხოლო ეთნიკურად სომხებში 17%. დასავლეთს ეთნიკურად ქართველების 57% უჭერს მხარს, რუსეთს კი 20%. ეთნიკურად სომხების 40% თვლის, რომ საქართველოს ორიენტირი დასავლეთი უნდა იყოს, ხოლო 33%-ს მიაჩნია, რომ რუსეთი უფრო კარგად გამოხატავს მათ ხედვას. რაც შეეხება ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოსახახლეობას, 21%-სათვის საქართველოს ორიენტირი დასავლეთია, ხოლო 8% თვლის, რომ მათ ხედვას უკეთ რუსეთი გამოხატავს.

აღსანიშნავია, რომ კვლევა 2021 წლის 16 ნოემბრიდან 14 დეკემბრამდე პერიოდში ჩატარდა და შესაბამისად ის ასახავს საზოგადოების განწყობას უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე. კვლევის ფარგლებში 3 024 პირთან ჩატარდა ინტერვიუ ქართულ, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამის კვლევის მიზანი საზოგადოების დეზინფორმაციის მიმართ მოწყვლადობის შეფასება და საზოგადოების დეზინფორმაციის მიმართ მოწყვლადობის ცვლილებებზე დროში დაკვირვებაა.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები