მარნეულის სოფწყალი აუდიტის სამსახურის მიერ გამოვლენილ დარღვევებს საბჭოთა კავშირის დროს მოწყობილ მილების უკავშირებს
2019-20 წლებში სახელმწიფო აუდიტის მიერ მარნეულის მერიის შესაბამისობის ანგარიშში მოყვანილ დარღვევებთან და რეკომენდაციებთან დაკავშირებით მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იმსჯელეს და იმ ღონისძიებების შესახებ ისაუბრეს, რომელიც მერიამ სახელმწიფო აუდიტის რეკომენდაციებით განახორციელა.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნა ეხებოდა მუნიციპალიტეტში წყალმომარაგებისა და წყლის ხარისხის პრობლემებსაც. მარნეულის მუნიციპალიტეტის შპს „მარნეულის სოფწყალმა“ 2019-20 წლებში შპს „რუსთავწყლისაგან“ 593 600 ლარის ღირებულების წყალი შეისყიდა, რომლის 80%-იც, დაზიანებული და ავარიული მილების გამო, ფუჭად დაიღვარა. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა პრობლემურად შეაფასა სოფლებში წყლის გამწმენდი ნაგებობების არარსებობაც.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა მარნეულის მერიას მოუწოდა საკრებულოსთან შეთანხმებით დაგეგმოს და განახორციელოს კომპლექსური ღონისძიებები რომლებიც გონივრულ ვადაში უზრუნველყოფს წყალმომარაგების მოწესრიგებისა და წყლის ხარისხის გაუმჯობესებას.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრბეულოს სხოდმაზე შპს „მარნეულის სოფწყალის“ ტექნიკურმა მენეჯერმა განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტში არსებული სასმელი წყლის პრობლემა ძირითადად საბჭოთა კავშირის პერიოდში ჩაყრილი სასმელი წყლის მილების გამოა შექმნილი, რომელთა შეცვლაც ეტაპობრივად მიმდინარეობს.

„შპს „მარნეულის სოფწყალი“ დაარსებიდან ემსახურება სოფლების სასმელი წყლით მომარაგებას რომელიც ხორციელდება ადრინდელი მოწყობილი მილებით. ბევრ ადგილებზე არის ძველი რკინის მილები, რომლებიც საჭიროებს რეაბილიტაციას. ამ რეაბილიტაციისათვის თანხები უკვე ჩასმულია. დიდ მუღანლოში 1 800 მეტრია 800 მილიმეტრიანი მილი უნდა შეიცვალოს 355 მილიმეტრიანი მილით და ასევე სოფლებშ ბევრგანაა ძველი, 70 წლის წინ ჩაწყობილი ლითონის და ფოლადის მილები რომლებიც შესაცვლელია. წერეთელში მთლიანად სატუმბოდან მოსახლეობამდე თითქმის 10 კილომეტრიანი მილია შესაცვლელი რომელიც 65-70 წლის წინაა ჩაწყობილი. რაც შეეხება საქლორატოროებს, დაიწყო უკვე საქლორატოროების მშენებლობა თანამედროვე ტექნოლოგიით. ჯერ-ჯერობით დაწყებულია 9 ობიექტის მშენებლობა, დასრულების შემდეგ მოსახლეობას უკვე წყალი მიეწოდება სუფთა, დაქლორილი და წმინდა. აქამდე რამე შემთხვევა, რომ ვინმეს რამე წყლისგან ავადმყოფობა დამართნოდა არ გამოვლენილა“. - განაცხადა შპს „მარნეულის სოფწყალის“ ტექნიკურმა მენეჯერმა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, მარნეულის მერიამ 2019-2021 წლებში 39 სოფელში წყლის ხარისხის შესახებ ლაბორატორიული კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც 33 სოფელში სასმელი წყლის ხარისხი არ შეესაბამებოდა ტექნიკური რეგლამენტით დადგენილ მაჩვენებელს. ხოლო 14 საბავშვო ბაღში ჩატარებული ტექნიკური კვლევიდან 7-ში ნორმიდან გადახრა გამოვლინდა. საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოვიდა მარნეულის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი ზაურ ქარამოვი, რომელმაც განაცხადა, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბაღებში სასმელი წყლის ხარისხი სისტემატიურად მოწმდება, ამ ეტაპამდე კი მუნიციპალიტეტში არ ყოფილა შემთხვევა, რომ სასმელ წყალს ვინმე მოეწამლოს.

რადიო „მარნეული“

Print