სკვერი სოფელში რომლის სახელი ევროპა გახდა
მარნეულის მუნიციპალიტეტში აჭარიდან ეკომიგრატების სოფელ ახალ დიოკნისში, ქუჩებსა და სკვერს, სახელები დაერქვა. სკვერს, სადაც მწვანე მინდორზე ძროხები ბალახობენ და რამდენიმე საბავშვო ატრაქციონია განთავსებული, ,,ევროპის სკვერი“ უწოდეს. სოფლის მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ადგილს სჯობდა, რაიმე ტრადიციული სახელი მინიჭებოდა. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ,,ევროპის სკვერი“ აღნიშნულ ადგილს შეესაბამება. რონალდ ძირკვაძე ახალ დიოკნისში დაახლოებით 30 წელია ცხოვრობს. ამბობს, რომ სოფელში ევროპაც და მასთან დაკავშირეული სახელებიც მისთვის მიუღებელია. ფიქრობს, რომ უმჯობესი იქნებოდა აღნიშნულ საკითზე ადგილობრივების უმეტესობის აზრი მოესმინათ.

,,როგორც ამ სოფლის მცხოვრები არ ვარ მომხრე ერქვას ევროპის სკვერი, არ შეესაბამება, რადგან მერჩივნა რაიმე ტრადიციული სახელი ჰქონოდა, რომელიც იმ სოფელს უკავშირდება, საიდანაც ჩვენ 89 წლიდან წამოვედით. სჯობდა მოსახლეობის უმეტესობის აზრით ყოფილიყო გადაწყვეტილება მიღებული. ჩემთვის ევროპა არაფერთან არ ასოცირდება, რადგან პროდუქცია რასაც ჩვენ მოგვყავს იყიდება მეზობელ ქვეყნებში. ევროპა არაფრის მომტანი არ არის ჩემთვის და არც მაქვს სურვილი, რომ ერქვას ეს სახელი აღნიშნულ სკვერს“.- თქვა რონალდ ძირკვაძემ

,,არ არის უბრალოდ ამ სკვერისთვის შესაფერისი სახელი, არვიცი რა უნდა ერქვას, მაგრამ ეს სახელი, არ არის შესაფერისი“
- ამბობს ქეთი ძირკვაძე

ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი ჰყვება, რომ ევროპა მათთვის მშვიდობასთან და ყველაფერ კარგთან ასოცირდება. თვლიან, რომ,,ევროპის სკვერი’’ ტერიტორიის შესაბამისი სახელია.

,, ჩემთვის მისაღებია ეს სახელები რაც დაარქვეს სოფლის ქუჩებს და სკვერს, რადგან ევროპისკენ ვართ ჩვენ. ევროპაში უფრო კარგად ვიქნებით, ომში არ ვიქნებით. მისაღებია ჩვენთვის ეს სახელები და შესაბამისიც“. - თქვა ქევსირი საგინაძემ.

,,სოფელში მთავარია სახელები დაერქვა ქუჩებსაც და აღნიშნულ სკვერსაც, რადგან მისამათს ვერც სასწრაფოს მანქანას და ვერც ვერავის ვეუბნებოდით. ევროპას ვხედავ დადებითად, მთავარია სახელი აქვს და თან შესაფერისიცაა ჩემი აზრით. დიდიხანია ინიციატივა გვაქვს სახელები ერქვას სოფლის ქუჩებსაც და აღნიშნულ სკვერსაც და დანარჩენი ჩემთვის მისაღებია“.- თქვა გოჩა კოჩალიძემ

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ დიოკნისში ქუჩებისა და აღნიშნული სკვერის სახელდებასთან დაკავშირებით შეხვედრა მოსახლეოასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის 2022 წლის 11 თებერვალს შედგა. 13 მაისს კი საკრებულოს სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რის მიხედვითაც 11 ქუჩასა და ერთ სკვერს მიენიჭა სახელი. აჭარიდან ეკომირანტებით დასახლებული სოფელი, ახალი დიოკნისი, ერთ- ერთი პირველია მუნიციპალიტეტში, რომელის ქუჩებსა და სკვერს სახელები დაერქვა.
Print