ერთიანი პროექტი ინდივიდუალური მიდგომით - რა ეტაპზეა გვარიდან რუსული დაბოლოების შეცვლის კანონპროეტი
20 მაისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, დეპუტატებთან ერთად,  „ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის უფლების შესახებ“ კანონპროექტზე ბოლნისის მუნიციპალიტეტში შეხვედრა გამართა.
მოსახლეობასთან და სამოქალაქო აქტივისტებთან ერთად იმსჯელეს საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტზე, რომელიც  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის ავთენტური, მათი ეთნიკური ტრადიციებისა და კულტურული იდენტობისთვის დამახასიათებელი პრინციპით შექმნილი გვარის მინიჭების ეფექტიანი მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს. შეხვედრაში მონაწილეობას იღებდნენ  პლატფორმა „სალამი“-ს წარმომადგენლები. ისინი, ვინც გასულ წელს დაიწყეს აქტიური მუშაობა და ხელმოწერების შეგროვება, რათა შესაძლებელი გამხდარიყო მათ ისტორიულ გვარებს ჩამოშორდეს რუსული სუფიქსები, ოვ(ა) და ევ(ა).  ორგანიზაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქამრან მამედლი მიიჩნევს, რომ შემოთავაზებულ კანონპროექტს გარკვეული ხარვეზები აქვს, რომელიც გადახედვას და საკითხში  მათ აქტიურ მუშაობას საჭიროებს.  იმედოვნებს, რომ მათი მოსაზრებების დაფიქსირებას საკომიტეტო მოსმენებზე შეძლებენ.

წარმოადგინეს ერთგვარი ალტერნატიული პროექტი. პარლამენტის წევრმა,  ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ მას ჰქონდა ეს იდეა, რომელზეც წლების განმავლობაში მუშაობდა და დაემთხვა იმას, რომ ჩვენ ხელმოწერები შევაგროვეთ. პარლამენტის თავმჯდომარემ  შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი, მათ შორის პლატფორმა სალამის იყო და თვითონ მიხეილ სარჯველაძეც აღიარებს, რომ დიდი წვლილი ამ შედეგის მიღწევაში აქვს სალამს და იმ პროცესს, რაც იყო ხელმოწერების შეგროვება. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ეს კანონპროექტი მალევე გადაიქცევა კანონად, თუმცა გარდა ამ საჯარო დისკუსიისა, იმედი გვაქვს, რომ საკომიტეტო მოსმენების დროს დავაფიქსირებთ ჩვენი აზრით იმ ხარვეზებს, რომელიც ამ კანონს აქვს. რომელიც გამოიხატება იმ კუთხით, რომ ეს იქნება დროებითი მექანიზმი, ასევე იქმნება კომისია, სადაც ისტორიკოსები და სხვა ადამიანები იქნებიან წარმოდგენილი. პროექტი არ ავალდებულებს, რომ ამ კომისიის მუშაობაში ჩაერთოს ეთნიკური ჯგუფები. ჩვენ ვფიქრობთ,  რომ ეს აუცილებელია"

„სალამის“ კიდევ ერთი წევრი, აიჰან ჰასანლი ამბობს, რომ წარდგენილი კანონპროექტი პასუხობს იმ საკითხებს და გამოწვევებს, რომლის მოგვარებას და აღმოფხვრას პლატფორმა სალამი  ითხოვდა, თუმცა ფიქრობს, რომ შემოთავაზებული პროექტს ზედმეტი ბიუროკრატიული კომპონენტებისგან შედგება.



„შეჯერებული პოზიცია, რომ არსებობს  გარკვეული ხარვეზები, რომელზეც საჭიროა ფართო დისკუსია. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ გვექნება დისკუსიებში ჩართვის შესაძლებლობა და ამ საკითხთან დაკავშირებით დასაბუთებული რეკომენდაციებსა და პოზიციის წარდგენის შესაძლებლობა. ჩვენ როდესაც დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, მერე დაიწყო აღნიშნული კანონპროექტის შემუშავება და წარადგინეს ალტერნატიული პროექტი. ვფიქრობთ, არის რამდენიმე ხარვეზი. ეს არის მაგალითად კანონპროექტის ვადასთან დაკავშირებით, ეს არის შეღავათებთან დაკავშირებით, რომ ფასში უნდა იყოს შეღავათი მაქსიმალურად, ეს არის კომისიებში ჩართული პირები, თუ ვინ იქნებიან, ჩაერთვებიან თუ არა დარგის სპეციალისტები, თვითონ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები. მეორე საკითხია აღნიშნული კომისია ხომ არ შექმნის დამატებით ბიუროკრატიას“ - ამბობს აიჰან ჰასანლი.

რადიო „მარნეულმა“ ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს პარლამენტის წევრთან, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან მიხეილ სარჯველაძესთან რომელიც ამბობს, რომ ისტორიულ-კულტურულ ტრადიციებთან შეუსაბამო გვარის შეცვლის საკითხზე მუშაობა წლების წინ დაიწყეს.  მისი თქმით ეს არის ფართო პროექტი, რომელიც საერთო,  მაგრამ ინდივიდუალურ მიდგომებს ითვალისწინებს.

„იყო საბჭოთა პერიოდის მმართველობისთვის და მანამდე რუსული მმართველობისთვის დამახასიათებელი, რომ ასიმილაციის პოლიტიკისთვის იყენებდნენ ასეთ ხერხს და მეთოდს, რომ გვარებს უკეთებდნენ რუსული სუფიქსებს, როგორიც არის "ევი" ან "ოვი", მსგავსი რამეები იყო. ასეთი რამ შეეხო არა მხოლოდ აზერბაიჯანელებს, არამედ მაგალითად იეზიდებს, ქურთებს, სომხების ნაწილს. შეეხოთ ასევე ბერძნებს. ქართველებსაც ჰქონდათ მსგავსი პრობლემა, მაგალითად, ნიკოლოზ ბარათაშვილი აწერდა ხოლმე ბარატოვი. ეს პრობლემა რომ მოწესრიგდეს და ჰქონდეთ შესაძლებლობა ისტორიულ კულტურულ ტრადიციებთან თუ არის შეუსაბამო გვარი, რომელიც ამ მმართველობის პერიოდში მიენიჭათ და დღეს დოკუმენტურად შეუძლებელია ამ გვარის გამოცვლა. ასეთ შემთხვევაში  ერთჯერადი შესაძლებლობა მიენიჭებათ პირებს, რომლებიც  მიენიჭებიან ამ ეთნიკურ ჯგუფებს, რომლებიც განისაზღვრება მოგვიანებით. არა კანონის დონეზე, არამედ კანონქვემდებარე დონეზე. მათ შესაძლებლობა, (ექნებათ) რომ შეიცვალონ გვარი იმ მეთოდოლოგიით, რომელი მეთოდოლოგიითაც შეძლებენ მიიღონ მათი კულტურული  ტრადიციების შესაბამისი  გვარი. ოღონდ ეს განსხვავებული იქნება. უნივერსალური ყველა ეთნიკური ჯგუფისთვის ვერ იქნება, რადგან ყველას თავთავიანთი წესი აქვთ. უნიკალური წესები გვარის ფორმირების. მაგალითად, იეზიდების წესი არ გამოადგებათ აზერბაიჯაბელებს. აზერბაიჯანელების წესი არ გამოადგებათ იეზიდებს და ასე შემდეგ“, - თქვა სარჯველაძემ


სარჯველაძის განმარტებით, კანონქვემდებარე დონეზე შეიქმნება გარკვეული სამეცნიერო საკონსულტაციო ერთეული (სათათბირო ორგანო) იუსტიციის მინისტრთან. სწორედ ისინი განსაზღვრავენ, თუ რომელ ეთნიკურ ჯგუფებს მიენიჭებათ, თუმცა კამათს არ იწვევს ფაქტი  იმასთან  დაკავშირებით,  რომ  ეკუთვნით ეს უფლება. მათ შორის აზერბაიჯანელებს, იეზიტებს, ბერძნებს. მეთოდოლოგიას კი აღნიშნულ  საკონსულტაციო ერთეულის რეკომენდაციის საფუძველზე განსაზღვრავს იუსტიციის მინისტრი. შეიქმნება ნორმატიულ ბაზა საიმისოდ, რომ მარტივად  გახდეს შესაძლებელი გვარის ცვლილება იმ პირებისათვის, ვისაც ამის სურვილი აქვთ.

პარლამენტის წევრის თქმით, საკითხით დაინტერესებულ პირებს მსჯელობის შესაძლებლობა  პარლამენტში განხილვის დროსაც ექნებათ.  პროექტის სისრულეში მოყვნის ვადის პროგნოზირება  მიხეილ სარჯველაძეს უჭირს. ამბობს, რომ ეს ყველაფერი ბევრ რამეზეა დამოკიდებული. მათ შორის, საპარლამენტო დღის წესრიგზე.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები