განათლება ყველაზე ნაკლებად ხელმისაწვდომი და უთანასწორო ეთნიკური უმცირესობებისთვისაა - თამთა მიქელაძე
საქართველოს მასშტაბით, დაახლოებით, 2 000 სკოლა სომხურ და აზერბაიჯანულენოვანია. მასწავლებლების რესურსების სიმცირე, მასწავლებელთა კვალიფიკაცია, სახელმძღვანელოების პრობლემა და სკოლების გაუმართაობა - ეს იმ პრობლემების მცირე ჩამონათვალია, რომელის წინაშეც არაქართულენოვანი სკოლები დგანან.

პირველ ივნისს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა და პლატფორმა „სალამმა“ ერთობლივი კონფერენცია გამართეს თემით „განათლების პოლიტიკის სისტემური გამოწვევები და არადომინანტური ეთნიკური ჯგუფები“. კონფერენციის ძირითადი მიზანი განათლების სფეროში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წინაშე არსებული სისტემური გამოწვევების შესახებ ფართე დისკუსიის წარმართვა იყო. რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სოციალური სამართლიანობის ცენტრის დამფუძნებელი თამთა მიქელაძე აცხადებს, რომ საქართველოში განათლების პოლიტიკას დიდი გამოწვევა აქვს. მისი თქმით, შემცირებულია იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც უმაღლეს განათლებას იღებენ, ხარისხიანი განათლებაზე წვდომა კი სოფლად და რეგიონებში მცხოვრები ჯგუფებისათვის ნაკლებად ხელმისაწვდომია.

„სხვადასხვა სტრუქტურული უთანასწორობის პარალელურად, განათლება ყველაზე ნაკლებად ხელმისაწვდომი და უთანასწორო ეთნიკური უმცირესობებისთვის არის. ამ იერარქიებში და ასიმეტრიებში ეთნიკური მარკერი ყველაზე ღრმა უთანასწორობას წარმოშობს. აქ ვგულისხმობ სწორედ სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან სკოლებს რომლებიც მთლიანობაში საქართველოში სკოლების 10%-ს შეადგენენ, სადაც ძირეულ გამოწვევებს ვხვდებით. როცა უმცირესობების განათლებაზე ვლაპარაკობთ, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გამოწვევები გვაქვს ყველა დონეზე, წინასასკოლო სწავლებიდან დაწყებული უმაღლესი განათლების საფეხურამდე. სტატისტიკა აჩვენებს და ამას სახელმწიფოც აღიარებს, რომ საბავშვო ბაღები სამჯერ ნაკლებია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად და ტრადიციულად დასახლებულ რეგიონებში ვიდრე ქართულ სოფლებსა და ქალაქებში“.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელის განმარტებით, განათლების დონის გაზრდისათვის საჭიროა გატარდეს ძირეული რეფორმები, რომელიც განათლების სამივე საფეხურს, სკოლამდელ, საშუალო და უმაღლეს განათლებას, უნდა მოიცავდეს.

„თუ სახელმწიფომ ძირეული რეფორმა არ დაიწყო ძალიან რთული იქნება რეალური შედეგების მიღწევა და ამ უთანასწორობის აღმოფხვრა. როცა ეთნიკური უმცირესობების განათლებაზე ვლაპარაკობთ ძალიან ხშირად სახელმწიფო და მთლიანად პოლიტიკური პარტიები საუბრობენ ქართული ენის შესწავლის დილემებზე და აუცილებლობაზე. რა თქმა უნდა, ეს ერთი ფაქტორი არის, ქართული როგორც მეორე ენის შესწავლის სირთულეები, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განზომილება აქვს ამ პროცესს, ესაა თავად ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობა. ჩვენთან არის თუნდაც აზერბაიჯანული და სომხური ენისა და ლიტერატურის შესწავლის ძალიან დაბალი ხარისხი იმიტომ, რომ ჩვენს რეალობაში თითქმის აღარ გვყავს კადრები, რომლებმაც აზერბაიჯანული ენა და ლიტერატურა იციან კვალიფიციურად და რომლებიც ჩაანაცვლებენ შესაბამის მასწავლებლებს. ამიტომაც, ეს ძალიან ფართე საკითხია და ის საჭიროებს ძალიან სტრატეგიულ გადაწყვეტას და დროულ ინტერვენციას, რადგან მასწავლებლების რესურსებიც უფრო და უფრო დეფიციტური ხდება და კადრების მოძიების, გაძლიერების და დასაქმების მძლავრი მექანიზმები სახელმწიფოს არ აქვს“.

კონფერენციას, რომელიც სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ჩაატარა განათლების სამინისტროს წამომადგენლებიც ესწრებოდნენ. კონფერენციის ფარგლებში ორგანიზაციის მოთხოვნა სპეციალური სტრატეგიის და სამოქემდო გეგმის შექმნა იყო. განათლების სამინისტროში ამ ეტაპზე არ არსებობს სპეციალური სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომელიც არაქართულენოვანი სკოლებისაკენ იქნება მიმართული, ასევე განათლების სამინისტროში არაა სპეციალური სამსახური, რომელიც სპეციალიზებული იქნება უმცირესობების განათლებაზე. სოციალური სამართლიანობის ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ძალიან ხშირად კოორდინაცია განათლების სამინისტროს უწყებებს შორის დაკარგული და სუსტია.

„განათლების სამინისტრო ესწრებოდა შეხვედრას და მათ ზოგადი განათლების პანელზე მოხსენებაც გააკეთეს სწავლების მეთოდიკებთან და მიდგომებთან დაკავშირებით, რომელსაც ახლა ისინი ნერგავენ. ჩვენთვის ცნობილია, რომ სახელმწიფო ამზადებს ახალ 10 წლიან სტრატეგიას განათლების სფეროში და მათ თქვეს, რომ ამ სტრატეგიის ერთ-ერთი მიმართულება ეთნიკური უმცირესობების განათლებას დაეთმობა და დაგვპირდნენ რომ ამ დოკუმენტს გაგვიზიარებენ და ის კონსულტაციებისა და განხილვისათვის იქნება ღია“. - აცხადებს თამთა მიქელაძე

სოციალური სამართლიანობის ცენტრის დამფუძნებლის განმარტებით, ეთნიკური უმცირესობების განათლება ძალიან ფართო და მრავალშრიანი საკითხია და მხოლოდ სახელმწიფო ენის შესწავლის საკითხებს არ მოიცავს. თამთა მიქელაძის თქმით, განათლების საკითხი ისეთი პრობლემების გადაჭრის გზაა, როგორიცაა სიღარიბის დაძლევა და ეკონომიკური თანასწორობა, ხოლო მეორე მხრივ განათლების დონის ზრდა ინკლუზიური საზოგადოების მშენებლობის წინაპირობაა. მიქელაძის განცხადებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს მუშაობას ეთნიკური უმცირესობების განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით და ის ჩართული იქნება განათლების სამინისტროს 10 წლიანი სამუშაო გეგმის შემუშავებაში.

რადიო „მარნეული“
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები