ჩვენ მზად ვართ უფრო ღრმა თანამშრომლობისთვის განსაკუთრებით ქვემო ქართლის რეგიონთან - ლიეტუვის ელჩი საქართველოში
ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ანდრიუს კალინდრამ მარნეულში არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრის ძირითადი მიზანი ეთნიკური უმცირესობების პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ საუბარი და გეოპოლიტიკური სიტუაციების ეთნიკურ უმცირესობებზე გავლენის შესახებ მსჯელობა იყო.

„მოხარული ვარ რომ დელეგაციასთან ერთად ვსტუმრობ ქვემო ქართლს, კონკრეტულად კი მარნეულს. ჩვენ აქ მოვედით სამი ინიციატივით, ერთ-ერთი მათგანია რომ ვაწარმოოთ დიალოგი ეთნიკური უმცირესობებისადმი მიდგომებთან დაკავშირებით რათა გავუზიაროთ ლიეტუვური გამოცდილება. მეორე ინიციატივაა, პარტნიორობის დაწყება ლიეტუვას და საქართველოს მუნიციპალიტეტებს შორის, კონკრეტულად კი მარნეულისა და შოლჩინინკაის მუნიციპალიტეტებს შორის. მესამე ინიციატივა კი არიას, რომ როგორც საელჩო წელს ჩვენ მხარს ვუჭრთ ორ პროექტს რომელიც განხორციელებული იქნება ქვემო ქართლში. ეს მიმართული იქნება გამოცდილების გაზიარებისაკენ, მათ შორის ლიეტუვაში ვიზიტიც და იმ გამოცდილების გაზიარება თუ რა გამოვიარეთ ჩვენ. ჩვენ მზად ვართ უფრო ღრმა თანამშრომლობისთვის განსაკუთრებით ქვემო ქართლის რეგიონთან“. - განაცხადა ანდრიუს კალინდრამ

ლიეტუვის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად მარნეულში ვიზიტით იმყოფებოდნენ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის მრჩეველი არტურ ლუდკოვსკი და ეთნიკური უმცირესობების დეპარტამენტის დირქტრორი ვიდა მონტვიდიტე.

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას მარნეულელმა სამოქალაქო აქტივისტმა და უფლებადამცველმა სამირა ბაირამოვამ განაცხადა, რომ რეგიონში დიპლომატების ჩამოსვლა მნიშვნელოვანია, რადგან მათთან თანამშრომლობა ჩვენი ქვეყნის ინტერესებში შედის.

„ჩვენ დღეს ვხედავთ, თუ რამდენად დიდი როლი აქვს დასავლეთს საჯარო პოლიტიკის დონეზე სხვადასხვა მონიტორინგისა და კონტროლის კუთხით. ასევე ვიცით, რომ დასავლეთის ძალიან ბევრი ინვესტიციაა საქართველოსთვის და საქართველოს მოქალაქეებისათვის, შესაბამისად ჩვენი ქვეყნის ინტერესებშიც არის ამ ადამიანებთან თანამშრომლობა და დროულად ანგარიშის ჩაბარება. დღეს რეგიონში ეთნიკური უმცირესობების კუთხით და ქვეყანაში არსებულ ევროინტეგრაციის პოლიტიკის კუთხით გვქონდა საუბარი, კომენტარები და კითხვები და ასევე ავღნიშნეთ, რომ კვლავ ძალიან მნიშვნელოვანია დასავლეთის პოლიტიკა, რომელიც დაგვეხმარება ევროინტეგრაციის გზაზე. ასევე ავღნიშნეთ, რომ ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ცენტრალური პოლიტიკის გაძლიერება, მათი პრობლემების საჯარო პოლიტიკაში შეყვანა და ამ მიმართულებით მათი რეკომენდაციები და რჩევები აუცილებელი და ძალზედ მნიშვნელოვანია ცენტრალური ხელისუფლებისათვის“. - განაცხადა სამირა ბაირამოვამ

რადიო „მარნეულთან“ საუბრისას „სოციალური, ეკონომიკური და იურიდიული პირობების გაძლიერების ცენტრის“ კოორდინატორმა საბინა ტალიბოვამ განაცხადა, რომ აღნიშნული სახის შეხვედრები რამდენიმე რეგიონში მიმდინარეობს. ელჩმა შეხვედრები უკვე ჩაატარა სამცხე-ჯავახეთში ახლა კი ქვემო ქართლის რეგიონში ატარებს. თალიბოვას განმარტებით, შეხვედრები ტარდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან.

ქვემო ქართლის რეგიონში შეხვედრებს ორგანიზაცია „მრავალეროვანი საქართველო“ „სოციალური, ეკონომიკური და იურიდიული პირობების გაძლიერების ცენტრთან“ ერთად აორგანიზებს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები