აცრა, რომელც მომავალში ქალებში ყელის კიბოს გავრცელებას შეამცირებს - რას ამბობს მარნეულელი მეან-გინეკოლოგი
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, საშვილოსნოს ყელის კიბოთი, მსოფლიოში ყოველწლიურად 300 ათასზე მეტი ქალი იღუპება. საქართველოში კი ეს მონაცემები წელიწადში 300 აღწევს. მსოფლიოს მასშტაბით ქალებში ძუძუს კიბოს მერე, საშვილოსნოს ყელის კიბო, ყველაზე გავრცელებული დიაგნოზია. საქართვლოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი წერს, რომ ყელის კიბოს გავრცელების მიზეზი 99.7% პაპილომავირუსული (HPV) ინფექციითაა გამოწვეული. აღსანიშნავია, რომ სქესობრივად აქტიური ადამიანების დაახლოებით 50% , ცხოვრების რომელიმე ეტაპზე ინფიცირდება, ხოლო 50 წლის ასაკის ქალთა 80% ინფიცირებულია ამ ვირუსით.
პაპილომავირუსული ინფექციის შემთხვევათა დიდი ნაწილი, სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ხშირად, თვითგანკურნებით მთავრდება. ისე, რომ პაციენტისთვის შეუმჩნეველი რჩება. პაპილომა ვირუსის ცალკეულ გენოტიპებს შეუძლიათ გამოიწვიონ კიბოსწინარე დაავადებები - წყლულები. ასეთი არანამკურნალები წყლულების კიბოდ გარდაქმნის რისკი კი დიდია. პაპილომავირუსზე შექმნილმა ვაქცინამ შესაძლებელია 75%-ით შეაჩეროს ქალებში ყელის კიბოს გავრცელების რისკი. ვაქცინის გაკეთება რეკომენდირებულია გოგონებში 9-13 წლამდე. პაპილომავირუსის სკრინინგი და ვაქცინაციის გაკეთება საქართველოში უფასოდ არის შესაძლებელი.

მარნეულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ეთერ ლაფერაძე ამბობს, რომ პაპილომავირუსის ვაქცინა, სავალდებულო აცრების სიაშია და ხელმისაწვდომია. თუმცა ზუსტ მონაცემებს არ ფლობს.

,,რეკომენდაციას ვუწევ ამ ვაქცინას, აუცილებლად უნდა გაიკეთოს ყველა მოზრდმა, რადგან თავიდან აიცილონ მომავალში ჯანმრთელობის პრობლემები". -თქვა ლაფერაძემ

მეან გინეკოლოგი პაატა ხოლუაშვილი მარნეულში 30 წელზე მეტა მუშაობს. მისი თქმით, პაპილომავირუსის ვაქცინა, რომელზეც მსოფლიოში მეცნიერები წლების განმავლობაში მუშაობდნენ, ქალებს სწორედ ამ რისკებისგან დაიცავს.

,, პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ თავიდან ფეხი კარგად ვერ მოიკიდა და მასიური არ გახდა. ალბათ, ამას ხელს ისიც უწყობდა, რომ შესაბამისი ინფორმაცია არ იყო მოსახლეობაში. დღეის მდგომაეობით ვაქცინას იკეთებენ, მაგრამ არც ისე ბევრია მსურველი. ეს არის აუცილებელი ჩვენი მომავალი თაობისთვის, გოგონების დასაცავად, რადგან პაპილომავირუსი, საკმაოდ გავრცელებულია და ზოგიერთი პაპილომა იწვევს ონკო დაავადებებს. აღნიშნული ვირუსი ძირითადად საშვილოსნოს ყელზე მშობიარობის ნახეთქების შემდეგ ჩნდება, მასში აღწევს პაპილომავირუსი, რომელიც შემდგომ იწვევს ეროზიულ დაზიანებას. თუ არ იქნება გამახვილებული ყურადღება და კონტროლი, შესაძლოა გამოიწვიოს საშილოსნოს ყელის ავთვისებიანი დაავადება. ეს ვაქცინა კი არის ერთადეთი გზა, რომელიც თავიდან აარიდებს ქალებს, ონკო დაავადებებს. შეიძლება ქალს განუვითარდეს საშვილოსნოს ყელზე ეროზიებბი, მაგრამ, თუ ეს ვაქცინა აქვს გაკეთებული, ონკო დაავადებაში არ გადავა, ეს წლების პრაქტიკამაც აჩვენა, ანუ ავთვისებიან დაავადებაზე კაცობრიობამ მიღწია პირველ შედეგს, როცა შექმნა ეს ვაქცინა. მინდა აღვნიშნო, რომ ეს ვაქცინა ქალებს ზრდასრულ ასაკშიც შეუძლიათ გაიკეთონ, ამ შემთხვევაში ქალი უნდა იყოს გამოკვლეული და გაირკვეს, უკვე ხომ არ ატარებს ვირუსს".- თქვა ხოლუაშვილმა

საქართველოში საშვილოსნოს ყელის კიბო, რომელიც პაპილომავირუსის შედეგადაა გამოწვეული, ონკო დაავადებების ხუთეულშია შესული და მისგან თავის დასაცავად, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აუცილებელია. მსოფლიოში პაპილომავირუსის 100-ზე მეტი გენოტიპი არსებობს, მათგან 13 ონკოდაავადებებს იწვევს, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა კი რისკებს 90% - ით ამცირებს.


Print