საიმერლოში წყალმომრაგება დღის მეორე ნახევარში აღდგება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ საიმერლოში, მოსახლეობას სასმელი წყალი, უკვე ორი დღეა არ მიეწოდება. რადიო ,,მარნეულს" საიმერლოში მცხოვრებლებმა უთხრეს, რომ არ აქვთ ინფორმაცია, თუ როდის აღუდგებათ წყალმომარაგება, სასმელი წყლის არარსებობა კი, მათთვის ზაფხულის ცხელ დღეებში განსაკუთრებულად პრობლემურია.

რადიო ,,მარნეულს" საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ცხელ ხაზზე განუცხადეს, რომ ინფორმაცია აქვთ სოფელში სასმელი წყლის პრობლემასთან დაკავშირებით. მათი თქმით სათავე ნაგებობაზეა დაზიანება და მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები.

,,დღეს დილიდან დაიწყეს სათავეზე სარემონტო სამუშაოები, დაზიანებულია ტურბინა და ძრავიც შესაკეთებელია. სავარაუდოდ დღის მეორე ნახევარში აღდგება წყალმომარაგება აღნიშნულ სოფელში". - თქვეს კომპანიაში

სოფელ საიმერლოს მოსახლეობა ამბობს, რომ ბოლო პერიოდში წყალმომარაგება შეფერხებით ხშირად მიეწოდებათ და აღნიშნული შემთხვევა პირველი არ არის.

Print