26 ივნისს ქალაქ მარნეულში ნარიმანოვის ქუჩაზე მომხდარი უბედური
შემთხვევის დროს, გადარჩენილი ჩვილი, თბილისში კლინიკა
,,ჯერარსში" რეანიმაციულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის
ქვეშ იმყოფება.
სამედიცინო დაწესებულებაში გვითხრეს, რომ ბავშვის მდგომარეობა ძალიან
მძიმეა, რასაც კიდევ უფრო, მისი მუცლად ყოფნის დროს, გულის
განვითარების მძიმე ანომალიაც ემატება. კლინიკის კარდიო-რეანიმაციული
განყოფილების ხელმძღვანელის, გია ბიბილაშვილის თქმით, ექიმები
მდგომარეობის გაუმჯობესებას ელოდებიან, რათა პაციენტზე შემდგომი
სამედიცინო ჩარევების საკითხი
დაიგეგმოს.
,, ძალიან მძიმე მდგომარეობით შემოიყვანეს კლინიკაში,
სიმძიმეს განაპირობებს ისიც, რომ უბედური შემთხვევის შედეგად, მას
შემდეგ რაც დედის გული გაჩერდა, ბავშვის გულიც გაჩერდა. საკეისრო
კვეთისას ბავშვი რეალურად გულგაჩერებული ამოიყვანეს. ყველაფერთან
ერთად აღმოჩნდა, რომ ბავშვს მუცლდ ყოფნის პერიოდში, განუვითარდა გულის
განვითარების მძიმე ანომალია, რასაც ჩვენ მაგისტრალურ
სისხლძარღვთა ტრანსპოზიციას ვუწოდებთ. ეს მანკი ზოგადად არის რთული,
ოპერაციის გარეშე სიცოხლე შეუძლებელია. ამჟამად მდგომარეობა
არის ძალიან კრიტიკული სისხლის მიმოქცევის მხრივ და თავის ტვინის
მხრივ. გულის გაჩერება იწვევს თავის ტვინის დაზიანებას, ამ წუთას
ოპერაციული ჩარევა არ იგეგმება. ველოდებით მდგომარეობის
დასტაბილურებას. ყველაზე მეტად, მისი ნევროლოგია მაღელვებს. რა
ხარისხის დაზიანება მიიღო თავის ტვინმა, მას შემდეგ, რაც მისი სისხლის
მიმოქცევა შეწყდა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგან შეიძლება
ოპერაცია წარმატებული იყოს, მაგრამ ბავშვის ნევროლოგიური სტატუსი
შეიძლება არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდეს გულის გაჩერების
გამო". - თქვა ბიბილაშვილმა
უბედური შემთხვევის დროს დაზარალებული, კიდევ ორი ბავშვის
ჯანმრთელობის მდგომარეობას ექიმები სტაბილურად მძიმედ აფასებენ.
ერთ ერთი მოზარდი თბილისში ,,ამტელ ჰოსპიტალში" რეანიმაციულ
განყოფილებაში იმყოფება. როგორც კლინიკის პედიატრიული სამსახურის
ხელმძღვანელი რადიო ,,მარნეულთან" ამბობს. ბავშვს პროტოკოლით
გათვალისწინებული მკურნალობა უტარდება.
,,მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. პაციენტი,
კლინიკაში ტრამვული შოკით შემოიყვანეს. დაწყებულია პროტოკოლით
გათვალისწინებული მკურნალობა და რჩება რეანიმაციაში. მოყვანისას
პაციენტს ძირითადი დაზიანება, ბარძაყის ძვალზე ჰქონდა".
- თქვეს კლინიკაში
კიდევ ერთი მოზარდი, რომელმაც შემთხვევის შედეგად ზედაპირული
დაზიანებები მიიღო, მარნეულის ავერსის კლინიკაში, პედიატრიულ
დეპარტამენტში გადის მკურნალობას. კლინიკის მენეჯერის განმარტებით,
პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად ფასდება და ჯერ
მკურნალობას საჭიროებს.
მარნეულში, ნარიმანოვის ქუჩაზე, აივნის ნგრევის შედეგად ორი ქალი
გარდაიცვალა. მათ შორის ერთი ორსული. ექიმებმა, გარდაცვლილი ორსული
ქალის, ჩვილის გადარჩენა შეძლეს.
რადიო "მარნეულს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით
მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოების
წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას.