კიროვკის მოსახლეობა სოფლის სახელის შეცვლაზე საერთო კრების ჩატარებას ითხოვს
დღეს, 7 ივლისს, დაახლოებით 10:00 საათზე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიაში სოფელ კიროვკას მოსახლეობის სახელით, ახალი განცხადება დარეგისტრირდა. ადგილობრივები თვითმმართველობისგან სოფლის საერთო კრების ჩატარებას მოითხოვენ, სადაც სოფლის სახელის შეცვლაზე იმსჯელებენ. კიროვკელების სურვილია, რომ მათ სოფელს ისტორიული სახელი მამეი დაერქვას, რომელიც საბჭოთა ოკუპაციამდე ჰქონდა მინიჭებული.  

საინიციატივო ჯგუფის განცხადება მუნიციპალიტეტში კიროვკაში მცხოვრებმა ჯანფოლად იბადოვმა მარნეულის მერის, კენან ომაროვის და საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან გიორგაძის სახელზე შეიტანა.

„მერიას ადრეც მივმართეთ განცხადებით და არანაირი პასუხი არ მიგვიღია. ახლა კიდევ შეგვაქვს განცხადება და ვნახოთ,  სოფლის სახელის ამბავი როგორ იქნება. მაცხოვრებლების სურვილი უნდა გაითვალისწინონ, მერიაც ჩამოვიდეს. ხალხს მოუსმინონ, ერთად ვიმსჯელოთ. ახლა სოფლის მაცხოვრებელთა სახელით  შეგვაქვს განცხადება ამის თაობაზე და ვნახოთ, რა იქნება. სოფელის100%-ს უნდა, რომ მამეი იყოს დასახელება. მერიამაც გვითხრა ხალხის სურვილი უნდა იყოსო და ვნახოთ. 3 თვის წინ შეტანილ განცხადებაზე დღემდე არ გვაქვს პასუხი“ - ამბობს ჯანფოლად იბადოვი

საბჭოთა პერიოდიდან დარჩენილი სოფლების სახელწოდებების შეცვლის საკითხზე  მარნეულის საკრებულოში 2022 წლის 18 აპრილს იმსჯელეს. მაშინ საკრებულოს აპარატის უფროსმა, ნინო ბერიძემ აღნიშნა, რომ მერიაში შექმნილმა სპეციალურმა კომისიამ მოსახლეობასთან ერთად, კიროვკას შემთხვევაში ხუთი სახელიდან ორი შეარჩია და  აღნიშნულ სოფელს „მწვანე გორა“ ან „მეგობრობა“ დაერქმეოდა. რამდენიმე დღეში მოსახლეობა აღნიშნული სახლების წინააღმდეგ წავიდა და თქვა, რომ ოფლისთვის მამეის დარქმევა სურდათ.

ჯერჯერობით უცნობია, გაითვალისწინებს თუ არა  ადგილობრივი თვითმმართველობა კიროვკის სახელის შეცვლაზე ინიციატივის შემდგომ ეტაპებზე გადაყვანას.
Print