12 დღე საკუთარი სახლის გარეთ - ჩამონგრეული აივნის კორპუსის მაცხოვრებლები სახლში კვლავ ვერ შედიან
26 ივნისს მარნეულში, ნარიმანვის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ მრავალსართულიან საცხოვრებელ ბინაში მოსახლეობის ნაწილი, შიშის ქვეშ აგრძელებს ცხოვრებას, სადარბაზოდან სადაც აივნები ჩამოინგრა, ოჯახები სასტუმრო კავკაზში და ზოგიც ნათესავებთან აფარებს თავს. ტერიტორია, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, უსაფრთხოების ლენტითაა შემოსაზღვრული და ტრაგედიის დღიდან  კრიმინალური პოლიცია დგას. მოსახლეობას უსაფრთხოების მიზნით, საცხოვრებელში შესვლას უკრძალავს. როგორც რადიო ,,მარნეულთან" აღნიშნულ კორპუსში, გვერდით სადარბაზოებში დარჩენილმა ოჯახებმა თქვეს, აივნებით სარგებლობას ერიდებიან და მერიიდან საცხოვრებელის უსაფრთხოების შესახებ პასუხებს ელოდებიან. მიმოზა კარტოზია რომელიც წლებია ნარიმანოვის N1-ში ცხოვრობს ჩვენთან საუბრისას ყვება, რომ აივნების გარდა საცხოვრებელი კორპუსის სარდაფიც დიდი საფრთხის შემცველია.

,, სარდაფები არის წყლით სავსე, როდის რა მოხდება და როდის ჩაიძირება ეს კორპუსი, არ ვიცით. შიშით აივანზე ვერ გამოვდივართ, რა დღეში ვართ ხალი. მე მეოთხე სართულზე ვცხოვრობ და  სინესტე დიდად არ იგრძნობა, მარგამ ქვედა სართულებზე შეიმჩნევა, რადგან სარდაფია სავსე წყლით. მოვიდნენ რამდენჯერმე, დაათვალიერეს, სარდაფებშიც ჩავიდნენ, რა ეტაპზეა და რას აკეთებენ არ ვიცი, აღარ მივსულვართ ჩვენც მერიაში. მე ბოლო სადარბაზოში ვცხოვრობ და თქვეს საშიშროება არაფერი არააო, მაგრამ მაინც გვეშინია და ვერ გავდივართ აივნებზე".-ამბობს მიმოზა კარტოზია

კიდევ ერთი ადგილობრივი ფარგანა ქარაევა საუბრობს საცხოვრებლის ცუდ მდგომარეობაზე. ამბობს, რომ აივნებზე ვერ გადიან და ბინაში დარჩენაც ეშინიათ.

,,აქ შიშით ვცხოვრობთ. ბინაში ღამე ვერ ვიძინებთ წესიერად. ორსული შვილი მყავს და შიშით ვერ გამოდის აივანზე, რადგან აივანი ქანაობს. არავინ არ არის, რომ გვიპასუხოს. დაგვეხმარონ სადმე გაგვიყვანონ, როდემდე ვიქნებით ასე? ძალიან ცუდ მდგომარეობაშ ვართ. მერიაში გვითხრეს აივანზე არ გახვიდეთო. როდემდე უნდა ვიყოთ ასეთ მდგომარეობაში". -ამბობს ქარაევა

,,აქ ბინა ვიყიდეთ, მაგრამ არ ვიცოდით ასე ძველი შენობა თუ იყო. კიბეები ცუდ დღეშია. აივანზე ვერ გამოხვალ ქანაობს, აქ ცხოვრება შეუძლებელია. შეძლებისდაგვარად უნდა გარემონტდეს, ან სხვაგან უნდა გაგვიყვანონ. ბინა არის ავარიულ მდგომარეობაში. არ გვაქვს ინფორმაცია გაარემონტებენ თუ არა".- ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

ჩამონგრეული აივნების სადარბაზო უკვე 12 დღეა დაცლილია. და ოჯახები სასტუმრო კავკაზში აგრძელებენ ცხოვრობს. ამბობენ, რომ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებას ჰპირდებიან, მაგრამ სიტუაცია ამ დრომდე გაურკვეველია.

,,12 დღეა აქ ვართ მაგრამ  ჩვენს სახლში რომ ვიყოთ უკეთესია. ბინაში, მეორე სართულზე ვცხოვრობთ. 2 ჯერ მივედით ჩვენს საცხოვრებელში შესვლა და ნივთების გამოტანა გვინდოდა ძლივს შეგვიშვეს. გვჭირდება ტანსაცმელიც მაგრამ 5 წუთზე მეტხანს შესვლის უფლებას არ გვაძლევენ. ყოველდღე გვეუბნებიან ხვალ-ზეგ შეგიშვებთო, მაგრამ პასუხი ჯერ არაა".- ამბობს ხატირა კურბანოვა.

,,როდის წავალთ ჩვენს სახლში არ ვიცით, აქ უკვე ვერ ვჩერდებით. როდემდე უნდ ავიყოთ აქ, ყველას უნდა წასვლა. შეაკეთონ ჩვენი ბინა და გავაგრძელებ იქ ცხოვრებას. ჩვენს ბინებში არ გვიშვებენ, ამბობენ საფრთხეაო და ნივთების გამოსატანად ხუთ წუთს გვაძლევენ".- თქვა სევინჩ ქარაევამ

როდის დაუბრუნდება  ნარიანოვის N1 ქუჩის მოსახლეობა საკუთარ საცხოვრებელ ბინებს, ამის შესახებ მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში გვითხრეს, რომ უნდა მოხდეს შენობის სახურავისა და აივნების რეაბილიტაცია და ამის შემდეგ გახდება ცნობილი ოჯახების საცხოვრებელში დაბრუნების დრო.

,, კომუნალურმა სამსახურმა გაწმინდა სარდაფები. პარალელურ რეჟიმში, მერიამ კვლევა ჩაატარა პროექტის შესყიდვაზე და ამის შემდეგ, დაიწყება  პროექტის დამუშავება, რაც ითვალისწინებს სახურავის სრულ რეაბილიტაციას და სახურავზე ავზების დემონტაჟს. ასევე აივნების გამაგრების და სარეაბილიტაციო სამუშაოებს. პროექტი უკვე შესყიდულია და საპროექტო უკვე ამუშავებს, ამის შემდეგ გამოცხადდება ტენდერი. საგამოძიებო სამსახურის დასკვნას ველოდებით და მათი პასუხის შემდეგ მოხდება მოსახლეობის გადაყვანა. რაც შეეხება შენობას ავარიული არ არის, მხოლოდ აივნებია საფრთხის შემცველი, რაზეც მოსახლეობა გავაფრთხილეთ. თუ დადგა საჭიროება მოხდება შენობის განახლებაც, მაგრამ შენობა ავარიული არარის".- თქვეს პიარის სამსახურში

26 ივნისს, ქალაქ მარნეულში საცხოვრებელი კორპუსის ორი აივნის ჩამონგრევის შედეგად, ორი ადამიანი გარდაიცვალა და სამი დაშავდა




Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები