მარნეულში ფქვილის ფასმა მოიმატა
მარნეულში პურის ფქვილი, კვლავ გაძვირდა. მოვაჭრეები, რომლებიც მარნეულის ეგრედწოდებულ ,,უკანა ბაზარში" ფქვილს ყიდიან, ამბობენ, რომ 50 კილოგრამიანი ფქვილის ტომარა, ოთხ ლარამდეა გაძვირებული. მათი თქმით, თუ მყიდველი აქამდე პირველი ხარისხის ფქვილს 78-79 ლარად შეიძენდა ახლა იგივე მოცულობის ტომარაში 83 ლარის გადახდა მოუწევს.

,,პირველი ხარისხის ფქვილზე ფასი 83 ლარამდეა გაზრდილი. უმაღლესი ხარისხი თითქმის 100 ლარი ღირს. საიდანაც მოგვაქვს გააძვირეს. შესაძლოა, ახალი მოსავალის შემდეგ, ფასებიც დარეგულირდეს, ახლა მომატებულია". -  ამბობს ფქვილის მაღაზიაში ნასიმ ბახტიაროვი

ფქვილის გაძვირებამ, პურის ფასის ზრდაც გამოიწვია. ზურა ღუღუნიშვილი, რომელიც წლებია მარნეულში პურს აცხობს გვიყვება, რომ ერთ ლავაშს 1.20 ყიდდა, თუმცა ფქვილზე მომატებული ფასის გამო ლავაში 30 თეთრით გააძვირა.

,,ორ კვირაზე მეტია ფქვილი გაძვირდა და მომიწია მეც პურზე ფასის გაზრდა. სხვა საცხობებში არ ვიცი, როგორ აკეთებენ, მაგრამ მე ფასის მატებასთან ერთად, წონაც მოვუმატე. ეს კერძო საკუთრებაა და ვისაც როგორ უნდა, ისე აკეთებს. ხალხის მრცხვენია ხოლმე, ვინც საყიდლად მოდის აქ. ასე გაძვირებული როა ფასი. არ აქვს ხალხს ფული და რომ მოდიან საყიდლად მრცხვენია, უჭირს ბევრს ფინანსურად". - თქვა ღუღუნიშვილმა



კიდევ ერთი საცხობის მეპატრონემ, თემურ მარტიაშვილი, რადიო მარნეულთან ამბობს, რომ პურის გაძვირება, ფქვილის გაძვირებასთან ერთად, ბუნებრივი აირის ფასის მომატებამაც გამოიწვია და საცხობებში მფლობელები მოგებაზე ფიზიკურად ვეღარ მუშაობენ.

,, ჩვენთან პური 1.50 თეთრი ღირს, გაძვირდა ფქვილის ფასის მატებასთან ერთად, მაგრამ ბუნებრივი აირის გადასახადის გამოც იძულებულები ვიყავით გაგვეძვირებია. არაფერი არ გვრჩება, რა მოგებაზეა ლაპარაკი ვწვალობთ და არაფერი გამოდის".- ამბობს მარტიაშვილი

პურის ფქვილზე ფასის გაზრდა, მარნეულელი ლეილა ნასიბოვას თქმით, მოსახლეობის ისედაც მძიმე ეკონომიურ მდგომარეობაში, ცხოვრებას უფრო ართულებს, მას დღეში ექვსი პურის ყიდვა უწევს და თითქმის მთელი ხელფასის გადახდა, თვიდან-თვემდე მხოლოდ პურში უწევს.

,,ყველაფერი ძვირია და პურის გაძვირება ყველასთვის ცუდია, პური ისეთი საკვებია, რითაც ადამიანი ცოცხლობს. ასე ხუთი და 10 თეთრობით გააძვირეს. მე დღეში ექვს პურს ვყიდულობ, მარტო პური ხომ არ სჭირდება ოჯახს, ხელფასები ცოტაა, სამუშაოები ცოტაა,  ხალხმა როგორ უნდა ირჩინოს თავი" .- თქვა ნასიბოვამ
უკანასკნელი თვეების განმავლობაში, პურის ფქვილის ფასმა ეტაპობრივად მოიმატა. შესაბამისად პურის ფასიც დახლოებით 30-40 თეთრითაა გაზრდილი.

პურის ფასის ზრდა განსაკუთრებით ყურადღების ცენტრში არამხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოში მას შემდეგ მოექცა, რაც მიმდინარე წლის თებერვლიდან რუსეთმა უკრაინაში ომი წამოიწყო. როგორც ,,საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, საქართველოსთვის ხორბლის ყველაზე მსხვილი იპპორტიორი ქვეყნის, რუსეთის მიერ, ბოლო ერთ წელში დაწესებულმა ე.წ მცოცავმა ბაჟმა, ერთი ტონა ხორბლის ფასი, მნიშვნელოვნად გაზარდა.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები