"ნეტავ, როდესაც გამოცდას ჩავაბარებ, ვეფხისტყაოსანი შემხვდეს" - აბიტურიენტის ახდენილი ოცნება
თაზაგულ გარიბოვა მარნეულის N5 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულია. ერთ-ერთია იმ მოსწავლეებთაგან, ვინც ერთიან ეროვნულ გამოცდებში მაღალი ქულები აიღო. ქართულის შესწავლა 11 წლის ასაკიდან დაიწყო.

ქართულენოვან სკოლაში მოხვედრა გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა, თუმცა ქართულ ენასა და ლიტერატურაში უმაღლესი ქულა აიღო. თაზაგულმა 60 ქულიდან 51 მიიღო. ამბობს, რომ განსაკუთრებით უყვარს ქართული ლიტერატურა, პოემებში ვეფხისტყაოსანს გამოარჩევს.



"განსაკუთრებით მიყვარს ვეფხისტყაოსანი და საგამოცდო საკითხად ზუსტად ეს შემხვდა. შეიძლება გამიმართლა კიდევაც, რომ ჩემი ლოცვა ახდა. სულ ვოცნებობდი, რომ ეგ შემხვედროდა. სკოლაშიც ძალიან ბევრს ვმეცადინეობდი, კერძოდაც ვემზადებოდი. ყველას დამსახურებაა, პირველ რიგში ჩემი მშობლების, იმიტომ რომ ყოველთვის ჩემს გვერდში იდგნენ. მე თავიდან ქართულ სკოლაში არ ვსწავლობდი, ვიყავი რუსულ სკოლაში, რუსულენოვან სექტორში. მეხუთე კლასში გადმოვედი, მარნეულის N5 სკოლაში და ვფიქრობ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე" -
ამბობს თაზაგული გარიბოვა"

თაზაგულმა გამოცდის შედეგები უკვე ყველა საგანში გაიგო. მისი სურვილია სწავლა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში დაიწყოს და ნეიროქირურგი გახდეს.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები