გასვლა არ გასვლის საკითხი სასერტიფიკაციო გამოცდაზე მარნეულელი სკოლის დირექტორებისათვის
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა სერტიფიცირების პროცესის პირველი ეტაპი  22 იანვარს ჩატარდა. 

ტესტირებისათვის რეგისტრაცია  3 205-მა  დირექტორობის მსურველმა გაიარა, თუმცა ადგილზე მხოლოდ 1839 აპლიკანტი გამოცხადდა. მარნეულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 74 საჯარო სკოლაა. ყველა მათგანს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი მართავს.  უცნობია რამდენი მსურველი გავიდა მარნეულიდან გამოცდაზე, თუმცა საერთო გამსვლელთა ოდენობა გვაძლევს მაჩვენებელს, რომ რომ კონკურენცია
დიდი არ არის. 

რადიო „მარნეულმა“ შემთხვევით  შერჩევითობის პრინციპით მარნეულის სკოლების დირექტორების თხუთმეტამდე მოვალეობის შემსრულებელს დაურეკა. შეიძლება ითქვას, რომ მათმა უმეტესობამ გვითხრა, რომ გამოცდაზე არ გასულა. მიზეზად ჯანმრთელობის პრობლემები დაასახელეს, ნაწილმა კი  გამოცდის სირთულეზე ისაუბრა.

„ ავად ვიყავი, ვერ მოვახერხე გამოცდაზე გასვლა. დარეგისტრირებული კი ვიყავი, მაგრამ საავადმყოფოში ვიყავი  და ვერ გავედი“

„გამოცდაზე არ გავსულვარ, გადავხედე წინასწარ მასალებს, ძალიან რთულია. ამისთვის სიღრმისეული მომზადებაა საჭირო. მართალია ქართული ვიცი, მაგრამ მაინც რთულია.  მართალია, დირექტორის ვალდებულებაა ყველა კანონის ცოდნა, მაგრამ უფრო მეტი მოზადება სჭირდებოდა. მომდევნო გამოცდაზე მომზადებული გავალ.  ოპერაციაც მაქ გაკეთებული და ვერ გავიდოდი ახლა“

„კი, ვიყავი გამოცდაზე.  ვერაფერს გეტყვით მის სირთულეზე, ვისთვის როგორ, ისე ადვილი არ იყო . ძალიან რთულიც არ იყო, საშუალო, ასე შევაფასებდი. ჩაბარების იმედი ყველას აქვს“

„ავად ვარ და არ გავსულვარ გამოცდაზე. არც რეგისტრაცია გამივლია“

“ვიყავი გამოცდაზე გასული გამოცდაზე, მივიღე მონაწილეობა რთული იყო.  არ  ვიცი რა იქნება“
- ამბობენ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლები, რომლებსაც შეგნებულად არ ვასახელებთ. 

დირექტორებთან საუბრისას გამოიკვეთა ენობრივი ბარიერის პრობლემაც.  ერთ-ერთი სკოლის დირექტორის  მოვალეობის შემსრულებელმა გვითხრა, რომ გამოცდის კომპონენტების გათვალისწინებით, ტესტირება არაქართულენოვნებისათვის რთული იქნებოდა.



„მე 2014 წელს მაქვს გამოცდა ჩაბარებული და  მარტო გასაუბრების ეტაპზე გავდივარ. მაშინ რომ ჩავაბარე, არ იყო რთული ნამდვილად. არაქართულენოვნებისთვის ხელისშემშლელი იქნება. თვითონაც კანონმდებლობა ხომ იცით როგორ რთულ ენაზეა  შედგენილი, მისი გააზრება არაა ადვილი მით უმეტეს არაქართულენოვნებისთვის. ის ლიტერატურა, რაც მასწავლებლის პროფესიულ განვითარებას შეეხება, ეგეც რთულია და ნამდვილად გაუჭირდებოდათ“ 

ენობრივ ბარიერზე ამახვილებს ყურადღებას მარნეულში მომუშავე პედაგოგი, რომელიც გამოცდაზე იყო გასული. მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი, გიორგი ჭაუჭიძე თვლის, რომ არსებული რეალობიდან გამომდინარე დირექტორებთან მიმართებაში სიტუაცია დიდად არ შეიცვლება. მიზეზად კი დაბალ კონკურენციას და ენობრივ ბარიერს ასახელებს.

“გამოცდის შინაარსობრივი მხარე თუ რას ამოწმებდა კანდიდატებში, იყო საკმაოდ მრავალფეროვანი.  ინფორმაციული იმიტომ, რომ თუკი კანდიდატი დაწერდა და შეავსებდა იმას, რაც საჭირო იყო თავის ნამუშევარში, ნამდვილად წარმოაჩენდა თავის პროფესიონალიზმს თუ ცოდნას განათლების სფეროში. მანდ იყო რამდენიმე საკითხი, მაგალითად, კვლევის დაგეგმვა, რამე პროექტის დაწერა, ასევე შეფასება სასწავლო პროცესის და  ა.შ. ასევე იყო დახურული კითხვები სხვადასხვა კანონმდებლობის მიხედვით. ვერ ვიტყოდი, რომ ადვილი იყო. ხუთი საათი იყო გამოყოფილი დრო და მე სრულად დამჭირდა.  კიდევ მეტი რომ ყოფილიყო, შეიძლებოდა მეტი მემუშავა.  გამორიცხულია, რომ ენის არმცოდნე, არა თუ არმცოდნე, კარგად თუ არ იცის ადამიანმა ენა, ამ შემთხვევაში ქართული, ვერ ჩააბარებდა გამოცდას, ვერ ვიტყვი, რომ გაუჭირდებოდა.  ის პრობლემა, რაც არის კონკრეტულად მარნეულში იმის გამო, რომ მოვალეობის შემსრულებელია ყველა დირექტორი, ასეთივე დარჩება უმრავლეს შემთხვევში იმიტომ, რომ არამგონია ისეთი დაინტერესება გაჩნდეს, სხვადასხვა სოფელში რომ წავიდნენ სერტიფიცირებული დირექტორობის კანდიდატები.  ზოგადად, ამ გამოცდაზე ბევრი არ გამოცხადდა, მაგრამ რამდენი იყო მარნეულიდან არ ვიცი, ჩემი ვარაუდით , ბევრი არ იქნებოდა და ჩემი აზრით ისევ დარჩება ეს პრობლემა. “ - ამბობს გიორგი ჭაუჭიძე

დირექტორის სერტიფიცირების გამოცდაზე დაბალი მონაწილეობა, მოვალეობის შემსრულებელ დირექტორებს გაკრვეულწილად ადგილის შენარჩუნების გარანტიას აძლევს. და თუ მარნეულის ნებისმიერ სკოლაში სერტიფიცრებული კანდიდატი ისურვებს მუშაობას, მას გასაუბრების გავლა სკოლის სამეურვეო საბჭოსთან მოუწევს, რომელიც ამ სკოლის პედაგოგების და მშობლებისგან შედგება.

სერტიფიცირების პირველი ეტაპის შედეგები ჯერ ცნობილი არაა. მეორე ეტაპზე გადასული სკოლის დირექტორობის მსურველები გასაუბრებას გაივლიან. ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში დირექტორობის მსურველები გადავლენ სერტიფიცირების მომდევნო ეტაპზე, რომელიც გასაუბრებას გულისხმობს.   წარდგენილ კანდიდატებს სკოლის სამეურვეო საბჭო ირჩევს. საქართველოს მასშტაბით სულ  2086  საჯარო სკოლა ფუნქციონირებს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები