მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის
წარმომადგენლებმა 9 აპრილს მემორიალები გვირგვინით შეამკეს.
ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს რადიო „მარნეულისათვის“
არ უცნობებიათ მემორიალების გვირგვინით შემკობის შესახებ. მერიის
ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით გვირგვინებით
შეიმკო მემორიალები სოფელ ალგეთში, წერეთელსა და თამარისში.
„
მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის
ხელმძღვანელმა პირებმა სოფელ ალგეთში, წერეთელსა და თამარისში
არსებული 9 აპრილის მემორიალები გვირგვინებით შეამკეს და სამშობლოს
ერთიანობისთვის დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს, დაესწრნენ 9 აპრილს
გარდაცვლილთა მოსახსენიებელ პარაკლისს“. - აღნიშნულია
მერიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ 9
აპრილისათვის ყვავილის გვირგვინების შესაძენად გამარტივებული წესით
ხელშეკრულება ინდივიდუალურ მეწარმე დავით რობაქიძესთან გააფორმა.
მერიამ ერთ ცალ ყვავილების გვირგვინში 250 ლარი გადაიხადა, სამივე
მათგანი კი 750 ლარი დაუჯდა.
9 აპრილს მარნეულის კულტურის ცენტრის ორგანიზებით დამოუკიდებლობის
დღესთან დაკავშირებით ღონისძიებაც გაიმართა და გამოიფინა 9 აპრილს
განვითარებული მოვლენების ამსახველი ფოტო მასალა.
1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიამ დაარბია თბილისში მშვიდობიანი
აქცია სადაც საქართველოს მოქალაქეები დამოუკიდებლობას ითხოვდნენ. 9
აპრილის ღამეს დაიღუპა 21 ადამიანი და დაშავდა 427 მოქალაქე. ორი წლის
შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს უზენაესმა საბჭომ საქართველოს
დამოუკიდებლობის აქტი მიიღო.