74 საჯარო სკოლა და მხოლოდ 3 გამოცდაჩაბარებული დირექტორი
16:27 / 24.04.2023
მარნეულის მუნიციპალიტეტის 74 საჯარო სკოლიდან დირექტორების გამოცდა
2023 წელს მხოლოდ სამმა ჩააბარა.
ჯამში მუნიციპალიტეტს ახლა 10 გამოცდა ჩაბარებული აპლიკანტი ჰყავს,
რომლებმაც სერტიფიკატის მიღებისთვის გასაუბრების ეტაპიც უნდა
გაიარონ.
საგანმანათლებლო რესურს ცენტრში განმარტავენ, რომ გამოცდაზე
დირექტორის მოვალეობის ყველა შემსრულებელი იყო რეგისტრირებული, თუმცა
კომპეტენციის დასადასტურებლად მხოლოდ 54 გამოცხადდა, დანარჩენმა კი
ოფიციალური ინფორმაციით, მისვლა ჯანმრთელობის პრობლემების გამო ვერ
მოახერხა.
ქეთევან მერაბიშვილი მარნეულიდან ერთ-ერთია იმ სამ დირექტორს შორის,
რომელმაც გამოცდის პირველი ეტაპი წარმატებით ჩააბარა. მას
დირექტორობის 9 წლიანი გამოცდილება აქვს. ამბობს, რომ გამოცდა საკმაოდ
კომპლექსური იყო და იმ უნარ-ჩვევებს მოითხოვდა, რაც დირექტორს
საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარებისათვის სჭირდება.
„დირექტორის გამოცდა არის იმ მინიმალური კომპეტენციის
დადასტურება, რაც სკოლის დირექტორს ევალება. ძალიან მნიშვნელოვანია
სკოლის დირექტორს დადასტურებულიო ჰქონდეს კომპეტენცია. გამოცდა
ეფუძნებოდა იმას, რასაც ყოველდღიურად ვაკეთებთ სასკოლო საქმიანობაში,
ადმინისტრაციასთან ურთიერთობაში, მოსწავლეზე ორიენტირებული სასწავლო
გარემო, უსაფრთხო გარემო ყველასათვის, ინკლუზიური განათლება და ასე
შემდეგ. სკოლას გააჩნია სტრატეგიული გეგმა, რაც გულისხმობს
განვითარებაზე ზრუნვას, სხვანაირად წარმოუდგენელია სასკოლო
ცხოვრება“
ქეთევან მერაბიშვილის მსგავსად გამოცდის მნიშვნელობაზე საუბრობს
მარნეულელი მაკა მენთეშაშვილი. მერაბიშვილისგან განსხვავებით, მას
დირექტორობის გამოცდილება არ აქვს, თუმცა წლებია მუნიციპალიტეტში
ქართულ ენას ასწავლის. გამოცდაზე გასვლა საკუთარი შესაძლებლობების
აღმოჩენისათვის გადაწყვიტა და ფიქრობს, რომ ტესტირება მოქმედი
დირექტორებისათვის რთული ნამდვილად არ უნდა ყოფილიყო , რადგანაც მათ
ყოველდღიური შეხება აქვთ იმ თემებთან, რაც გამოცდაზე იყო
წარმოდგენილი.
„ის საკითხები, რაც იქ დირექტორს მოეთხოვება,მისი ყოველდღიური
საქმიანობის ამსახველია. ის რასაც, პრაქტიკულად დირექტორი სკოლაში
უნდა ახორციელებდეს, ახორციელებს თუ არა ეს სხვა საკითხია. ხშირად არ
ხდება, ხოლმე, რომ ბოლომდე მიჰყვებიან იმას, რაც მოეთხოვებათ, იმიტომ,
რომ ჩვენს შემთხვევაში კიდევ სხვა პრობლემები იჩენს ხოლმე თავს.
გამოცდაზე შეგვხვდა მაგალითად, დაგეგმარება და კვლევის განხორციელება
- ეს დირექტორმა უნდა იცოდეს. კიდევ იყო პროექტების დაგეგმვა, რაც
მთლიანად მოიცავს ამ სასკოლო ცხოვრებას და დირექტორის საქმიანობას მით
უმეტეს, როგორც საგანმანათლებლო ლიდერის. ვფიქრობ, უნდა გაადვილებოდათ
მოქმედ დირექტორებს, რომლებსაც ყოველდღიური შეხება აქვთ ამ
ყველაფერთან.“
დირექტორობის გამოცდა ჩააბარა მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა
გიორგი ჭაუჭიძემაც. მარნეულში გამოცდაჩაბარებულების მცირე რიცხვი
მისთვის გასაკვირი არაა იმის გათვალისწინებით, რომ მუნიციპალიტეტში
დღემდე დგას ენობრივი ბარიერი პრობლემა.
„მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი საუბრობს ქართულად უკვე
და შეუძლიათ გარკვეული კომუნიკაცია, აქ ისეთი ენის დონეა საჭირო ამ
გამოცდის ჩასაბარებლად, აი, მაგალითად პროექტის დაწერა, შეფასება და
ა.შ, ვფიქრობ, რომ ეს ენობრივი დონე არ არის საკმარისი ამისთვის.
სხვათა შორის არც სხვა რაიონებშია მაღალი მაჩვენებელი ვინც ჩააბარა.
აქ შეიძლება ვთქვათ, რომ თვითონ გამოცდაც საკმაოდ რთული იყო და ამას
თუ დავუმატებთ ენობრივ ბარიერს,სულაც არ არის გასაკვირი ეს შედეგები,
რომელიც აჩვენეს მარნეულელმა დირექტორებმა.“
მარნეულის მასშტაბით 60 არაქართულენოვანი სკოლა ფუნქციონირებს.
მათგან, დირექტორის გამოცდა წელს მხოლოდ ერთმა ჩააბარა.
სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრის
გამგეობის თავმჯდომარე, განათლების სპეციალისტი, შალვა ტაბატაძე
ადასტურებს, რომ სერტიფიცირების პრობლემა ძირითადად არაქართულენოვანი
სკოლის დირექტორებს აქვთ თუმცა ამის მიზეზად არაკვალიფიციურ კადრებს
და სახელფასო ანაზღაურებას მიიჩნევს.
„ენობრივ ბარიერთან დაკავშირებულია უშუალოდ კომპეტენციის
პრობლემა. იმიტომ, რომ ენა გაძლევს შესაძლებლობას კომპეტენციები
განივითარო. ანუ, სხვა ტიპის დირექტორი იყო. სხვა დირექტორის
მოთხოვნებია ოცდამეერთე საუკუნეში, მათ შორის დირექტორის ახალი
სტანდარტი, რომელიც ძველ წლებთან შედარებით ტრანსფორმაციულ დირექტორს
მოითხოვს. ენის ცოდნა ცალკე აღებული პრობლემაა და ენის ცოდნა, როგორც
პროფესიული განვითარების შესაძლებლობა - ეს კიდევ ცალკე
პრობლემაა“
ტაბატაძის მიიჩნევს რომ წელს სერტიციფირების გამოცდა შედარებით
გამარტივებული იყო და არ მოიცავდა ყველა იმ კომპეტენციას რაც სკოლის
დირექტორისთვის არის აუცილებელი.
„(სკოლის დირექტორი) ეს საკმაოდ მაღალი კომპეტენციის
ადამიანია, რომელიც ერთის მხრივ სასწავლო პროცესის ხელმძღვანელობაზე
აქვს ფოკუსირება, ასევე უნდა იყოს მონაცემების შეგროვების და ანალიზის
კარგი სპეციალისტი, შესყიდვებისა და ფინანსური წარმოების, ზოგადი
მენეჯმენტისა და ადამიანური რესურსების მართვის სპეციალისტი.
ყველაფერი ეს თავმოყრილია ერთ ადამიანში პლუს დამატებული ის
პასუხისმგებლობა, რასაც ჰქვია მოსწავლეთა ყოველდღიური
სწავლა-განათლების ხელმძღვანელობა, მათ შორის თავის
ანგარიშვალდებულების მექანიზმები, რაც ავტორიზაციის პროცესში შემოდის,
ყველაფერ ამით დამაკმაყოფილებელი კვალიფიკაციის ადამიანის ნახვა არის
საკმაოდ რთული. შესაბამისად, მე პირადად, მოლოდინი იმისა, რომ 2086
საჯარო სკოლა გვაქვს და 2086 მაღალი კვალიფიკაციის სკოლის დირექტორი
შეიძლება იყოს სერტიფიცირებული და შერჩეული. თუმცა ვფიქრობ, გარკვეული
პოლიტიკის გატარების შედეგად, სადაც იქნება როგორც სოციალური
უზრუნველყოფის, სახელფასო თუ კარიერული წინსვლის შესაძლებლობები,
მაქსიმალურად მაღალი კვალიფიკაციის ადამიანები იქნებიან ჩართული ამ
პროცესში.“
რა იდეას ეფუძნება დირექტორობის გამოცდები, ჰქონდა თუ არა განათლების
სამინისტროს შესაბამისი სემინარები, ტრენინგები, რაც დირექტორობის
მსურველებს გამოცდის ჩაბარებაში დაეხმარებოდა და რამდენად აძლევს
შესაძლებლობას გამოცდა ახალი კადრების მოზიდვას - ამ კითხვებზე პასუხს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან კვირების განმავლობაში
ველოდით. როგორც მათ ჩვენთან საუბარში განმარტეს, ამ ყველაფერზე ისინი
მანამდე ვერ ისაუბრებენ, ვიდრე გამოცდის მეორე ეტაპი, გასაუბრებები
ბოლომდე არ დასრულდება. ერთადერთი რისი თქმაც ამ ეტაპზე შეუძლიათ,
სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციაა რომლის
თანახმადაც, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ერთ-ერთ პრიორიტეტს სკოლის დირექტორის თანამდებობაზე,
ჯანსაღი კონკურენციის პირობებში, მაღალკვალიფიციური და ღირსეული
კადრების მოზიდვა წარმოადგენს. ამ მიმართულებით ბოლო წლებში არაერთი
მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა. მათ შორის, სამინისტრომ დირექტორობისა
და სკოლების მართვის ახალი კონცეფცია შეიმუშავა, რომლის საფუძველზეც
2022 წელს საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობით, სკოლის
დირექტორის განახლებული სტანდარტი მომზადდა“
2022-23 წლებში საჯარო სკოლის დირექტორის სასერტიფიცირო გამოცდებზე
საქართველოს მასშტაბით 3 205 აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათგან
ტესტირებაზე სულ 1841 პირი გავიდა და მხოლოდ 755 მსურველმა გადალახა
პირველი ეტაპი. მეორე ეტაპი რაც გასაუბრებას გულისხმოსბს 28 აპრილს
დასრულდება.
სკოლის დირექტორების უფლებამოსილების ვადა 2020 წლის სექტემბრიდან
ეტაპობრივად ამოიწურა, სამინისტროს გადაწყვეტილებით,ისინი მოვალეობის
შემსრულებლად დაინიშნნენ. ასე მოხდა მარნეულშიც, 74 საჯარო სკოლის
დირექტორის შემთხვევაშიც. მოვალეობის შემსრულებლები სკოლებს მანამდე
უხელმძღვანელებენ, ვიდრე მათ სხვა, სერტიფიცირებული კადრი არ
ჩაანაცვლებთ. შესაძლოა სიტუაცია იგივე დარჩეს, ვინაიდან,
გამოცდაჩაბარებულთა რიცხვები ცხადყოფს, რომ კონკურენცია მაღალი არ
არის.
განათლების ექსპერტის, შალვა ტაბატაძის თქმით, არასერტიფიცირებული
სკოლის დირექტორი გარკვეულწილად არის პრობლემა იმ თვალსაზრისით, რომ
სერტიფიცირებს პროცესი გაცილებით მარტივს, იმ მინიმალური კომპეტენციის
დადასტურებას გულისხმობს, რასაც სახელმწიფო მოითხოვს და აუცილებელია
სკოლის ხელმძღვანელისთვის.