ყიზილაჯლოს ხიდის ზედა საფარის დაგება ამინდების გაუმჯობესებისთანავე დაიწყება
ყიზილაჯლოს ხიდის რეაბილიტაცია, ზედა საფარის მოასფალტება, ამინდების გაუმჯობესებისთანვე დაიწყება - ასეთი პასუხი მივიღეთ საქართველოს გზების დეპარტამენტისაგან.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოს ხიდის რეაბილიტაცია 2022 წლის შემოდგომაზე მიმდინარეობდა. კვირების მანძილზე ხიდი გადაკეტილი იყო და მანქანები შემოვლითი გზით მოძრაობდნენ. სოფელი ყიზილაჯლოს გზა საერთაშორისო მნიშვნელობის საგზაო მონაკვეთს წარმოადგენს. ამ გზის გამოყენებით ბოლნისის, დმანისის მუნიციპალიტეტებში მოხვედრა და სომხეთი- საქართველოს საზღვარზე გადასვლაა შესაძლებელი.

ყიზილაჯლოში მცხოვრები მოსახლეობა თვეების მანძილზე გადაადგილებისას დისკომფორტის განიცდის. ხიდის საფარი კვლავ მოუწესრიგებელია. ხიდზე ღრმა ორმოებია, რაც მანქანების გადაადგილებას აფერხებს. იქმნება საცობები.

ხიდის მდგომარეობა მაწუხებს. მანქანებს აფუჭებს. მანქანები კვირაში ერთხელ ორმოებში დადიან. საცობი იქმნება. უნდა გაკეთდეს. შუა გზაზე დატოვეს. თქვეს მოვლენ და გააკეთებენო. მე 1969 წელს დავიბადე. ეს ხიდი მე რომ დავიბადე მაშინ გაკეთდა. მე სამშობიაროდან რომ გამომიყვანეს, ზილის მანქანით ამ ხიდით მოვედით სახლშიო. იმ დღიდან დღემდე ხიდი ისეა როგორც გააკეთეს. შეკეთებაა საჭირო“- გვეუბნება ყიზილაჯლოს მცხოვრები



ვინმე არემონტებს? სახელმწიფო არის რომ გააკეთონ. ერთი წელია ხიდის დემონტაჟი მოხდა. ერთი თვის საქმეც არ გაკეთებულა. ეს გვაწუხებს. მანქანა ფუჭდება. მანქანებმა არ იცინა საით იარონ. საცობი იქმნება. მანქანები ფუჭდება. მარნეულამდე იქმნება საცობი“- ამბობს ადგილობრივი მკვიდრი

გამოკითხვებით გაირკვა, რომ ადგილობრივებს არ აქვთ ინფორმაცია თუ ვინ ახორციელებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. საკრებულოს წევრი, ყიზილაჯლოს მაჟორიტარი დეპუტატი, ჯეხუნ ჩოიდაროვმა კი იცის, რომ გზა მარნეულის მუნიციპალიტეტს ბალანსზე არ არის და გზების დეპარტამენტი ახორციელებს პროექტს. თუმცა, რატომ არის გზა დაუსრულებელი ამის შესახებ ინფორმირებული არ აღმოჩნდა.

"ის ხიდი არაა მარნეულის მერიის ბალანსზე. საგზაო დეპარტამენტს ეკუთვნის. რადგან საგზაო დეპარტამენტს ეკუთვნის დეტალებზე ინფორმაცია არ მაქვს. როგორც ვიცი სარემონტო სამუშაოები ჯერ არაა დასრულებული. ისევ ვამბობ, ეს გზა მარნეულის მერიის ბალანსზე არ არის. საგზაო დეპარტამენტის ზედამხედველობაში რომ არის დეტალურად არაფერი არ ვიცი. სხვა ინფორმაცია არ მაქვს“ - გვეუბნება სატელეფონო საუბარში საკრებულოს დეპუტატი ჯეიხუნ ჩოიდაროვი

გზების დეპარტამენტთან დაკავშირება არც ისე მარტივი აღმოჩნდა. ორი დღის მანძილზე მათ სამსახურებთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. თუმცა როგორც აღმოჩნდა, სოციალურ მედიას აქტიურად იყენებენ და "მესინჯერის" მეშვეობით მოგვაწოდეს ინფორმაცია.
მეტეოროლოგიური პირობების გაუმჯობესებისთანავე განხორციელდება ზედა ფენის დაგების სამუშაოები“ -გვწერენ პასუხად "მესინჯერში".

მარნეულში მომდევნო 10 დღის განმავლობაში პერიოდულად იწვიმებს. ამიტომ, კონკრეტულად როდიდან განახლდება ზედა საფარის დაგება უცნობია.

აღნიშნული სამუშაოები ხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის საავტომობილო გზის 8 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაციის ფარგლებში.
რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს გზის ტექნიკური პარამეტრების გაუმჯობესებას, საგზაო სამოსის რეაბილიტაციას, კიუვეტებისა და არსებული ხელოვნური ნაგებობების შეკეთებას და ახლების მოწყობას; მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების და ავტობუსის გასაჩერებელი ადგილების მოწყობას; ასევე, გზის სავალი ნაწილის მონიშვნას და საგზაო ნიშნების მოწყობას. პროექტის ღირებულება 6 184 352 ლარია.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები