მარადისელმა ფერმერებმა თიანეთელ ფერმერებს პროდუქტების მოყვანის გამოცდილება გაუზიარეს
8 მაისს, სოფელ მარადისს მცხეთა-მთიანეთის ფერმერები ესტუმრნენ. პროექტ „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE Marneuli” - მა „ელკანა"-ს ბენეფიციარ ფერმერებს უმასპინძლა. ღონისძიება მარადისში არსებულ, ქალთა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივ „მწვანე მარადისი“-ს ბაზაზე მოწყობილ სასათბურე-საჩითილე მეურნეობაში გაიმართა. როგორც რადიო „მარნეულთან“ საუბრისას პროექტის მენეჯერი, ჯიმშერ კოშაძე ამბობს, თიანეთელ ფერმერებს გააცნეს ბოსტნეულის ჩითილების წარმოების თანამედროვე და კლიმატგონივრული მეთოდები.


„ჩვენ პროექტის კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE Marneuli”- ის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს CENN, შვეიცარიულ ორგანიზაცია HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით ვმასპინძლობთ ფერმერებს. ჩვენი მიზანია ამ პროექტის ფარგლებში შეძენილი გამოცდილება, რაც გვაქვს სადემონსტრაციო ნაკვეთზე როგორც ღია, ასევე დახურულ გრუნტში გაგვეცნო თიანეთელი ფერმერებისთვის. სადემონსტრაციო ნაკვეთზე დემონსტრირებას ვუკეთებთ გარემოსადმი მდგრად სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკებს, რაზეც თიანეთელ ფერმერებს ვესაუბრეთ“

თიანეთელი ფერმერი, მირზა სისაური ფიქრობს, რომ მარნეულში მიღებული გამოცდილება მის ფერმერულ საქმიანობაზე წარმატებით აისახება.

„მარადისში ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მივიღეთ. ვნახეთ საჩითილე მეურნეობაც. ჩვენც ვიწყებთ მის მოყვანას და გაფართოებას და ეს კონსულტაციები ძალიან დაგვეხმარება. ჩვენი თვალით ვნახეთ თუ როგორ მოჰყავთ წიწაკის, ბროკოლის, პომიდვრის და სალათის ჩითილები.“

ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მარკეტინგის სპეციალისტი დავით თარიმანიშვილი ამბობს, რომ მარნეულში თიანეთელი ფერმერების ჩამოსვლა მნიშვნელოვანი იყო იმ თვალსაზრისით, რომ ადგილზე გასცნობოდნენ ჩითილების წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიებს.


„თიანეთში ჩვენ ვახორციელებთ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის მიერ დაფინანსებულ ოთხწლიან პროექტს ორგანული სოფლის მეურნეობის განვითარება და ტურიზმის ხელშეწყობა, რომლის ფარგლებშიც დღეს ვიმყოფებოდით მარნეულში, სოფელ მარადისის სადემონსტრაციო ნაკვეთზე. ფერმერები გაეცნენ ღია გრუნტში ბოსტნეულისა და სხვადასხვა კულტურების მოყვანის თანამედროვე ტექნოლოგიებს, რომელიც ორიენტირებულია სოფლის მეურნეობის მდგრად განვითარებაზე”

უკვე ორი წელია, რაც კომპანია “კარტლისი“ ორგანიზაცია CENN-თან თანამშრომლობს. როგორც „კარტლისის“ აკადემიის ხელმძღვანელი ლელა გვასალია ამბობს, მარნეულის მუნიციპალიტეტში ფერმერებისთვის არაერთი ტრენინგი ჩატარდა, სადაც ფერმერებს ჰქონდათ შესაძლებლობა გასცნობოდნენ სხვადასხვა კულტურის შესახებ მოვლის ინფორმაცია.

“საკმაოდ ნაყოფიერი აღმოჩნდა ჩვენი კოლაბორაცია. მივიღეთ ძალიან კარგი სხვადასხვა პროდუქტი, რომელიც არის უსაფრთხო ადამიანების ჯანმრთელობისათვის. ჩვენ განვაგრძობთ თანამშრომლობას სენთან და იმედი გვაქვს, რომ დიდი წვლილს შევიტანთ სოფლის მეურნეობის განვითარებაში მარნეულის მუნიციპალიტეტში."



ღონისძიება ჩატარდება “კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობა - PRAISE MARNEULI” პროექტის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება CENN-ის მიერ, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის შემოსავლის შექმნის შესაძლებლობების გაზრდა, გარემოსადმი მეგობრული და კლიმატის მიმართ მდგრადი სოფლის მეურნეობის (CRA) ხელშეწყობის გზით.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები