მარნეულს სამამულო ომის არცერთი ვეტერანი აღარ ჰყავს
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 78 წელი შესრულდა. მარნეულს სამამულო ომის არცერთი ვეტერანი აღარ ჰყავს. გასულ წელს მხოლოდ ორი ვეტერანი, 98 წლის ჰუსეინ ვალიევი და 96 წლის ზიატხან კირიაკოვი იყო ცოცხალი, თუმცა ორივე მათგანი გარდაიცვალა. მარნეულის მერიამ წელს 900 ლარის ყვავილები იყიდა მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების მემორიალების შესამკობად.

„მოგეხსენებათ, რომ ფაშიზმზე გამარჯვებიდან 78 წელი გავიდა. ეს ომი კაცობრიობის ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ყველაზე სისხლისმღვრელი და გამანადგურებელი მოვლენა. საქართველოდან წასული, ათიათასობით მეომარი ებრძოდა ფაშისტ დამპყრობლებს, რომლებმაც კეთილსინდისიერად მოიხადეს ვალი ერისა და ქვეყნის წინაშე. მებრძოლთაგან ბევრი ვერ დაუბრუნდა მშობლიურ კერას, ხოლო დაბრუნებულთაგან უმეტესობა ჩვენს გვერდით აღარაა. მიზანშეწონილად მიმაჩნია კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირებს, მათი მემორიალები შევამკოთ ცოცხალი ყვავილების გვირგვინებითა და ყვავილებით. გთხოვთ დაავალოთ შესაბამის სამსახურს განახორციელოს შესყიდვებთან დაკავშირებული, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობები.“ - წერია გამარტივებული ტენდერის მოხსენებით ბარათში.

ვეტერნების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინფორმაციით,  ქვემო ქართლის მასშტაბით სულ ორი სამამულო ომის ვეტერანია ცოცხალი. ერთი გარდაბანში, (ილარიონ ოთარაშვილი) ხოლო მეორე, ბოლნისში (არუტინ ანდრიასიანი) ცხოვრობს. 

მეორე მსოფლიო ომი ისტორიაში შევიდა როგორც ყველაზე მასშტაბური და სისხლისმღვრელი კონფლიქტი. ომს, რომელიც 1939 წლიდან 1945 წლამდე მიმდინარეობდა, 300 ათასი ქართველის სიცოცხლე შეეწირა. ბრძოლები 40 სახელმწიფოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა.

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები