მარნეულში წყალმომარაგების პრობლემა ქალებს დამატებით ბარიერებს უქმნის - კვლევა
„საფარის“ კვლევის მიხედვით, მარნეულელი ქალებისათვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს წყალმომარაგების პრობლემა. ორგანიზაციამ „მარნეულის მუნიციპალიტეტში მხცოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების პრობლემებისა და საჭიროებების კვლევა“ 20 აპრილს გამოაქვეყნა.

„არსებობს სოფლები, სადაც სასმელი წყალიც კი ხელმიუწვდომელია. რესპონდენტების მიხედვით, აღმოჩნდა, რომ მოსახლეობა სასმელ წყალს საკუთარი სახსრებით, საოჯახო ბიუჯეტიდან ყიდულობს და გაცილებით მეტი ფინანსები ეხარჯება, ვიდრე ეს სახელმწიფოს მიერ უზრუნველყოფილი წყლის დანახარჯის გადასახადით მოუწევდა. კვლევამ გამოავლინა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლების უმრავლესობას, ზოგს ნაკლებად და ზოგს მეტად, სარწყავი/სასმელი წყლის პრობლემა აწუხებს“. - აღნიშნულია კვლევაში

კვლევის რესპონდენტის თქმით, უწყლობა განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აყენებს ქალებს, რადგან სწორედ მათ უწევთ სასმელი წყლის შორი მანძილებიდან მოტანა და ეკონომიის გაკეთება, რაც ზეგავლენას ახდენს მათ ზრუნვით შრომაზე, ხარჯავენ მეტ დროს და აღარ რჩებათ რესურსი სხვა საკითხებზე ფოკუსირებისათვის.

„ჩვენს სოფელს ყველაზე მეტად უწყლობა გვაწუხებს. ეს პრობლემა ყველაზე მეტად ჩვენ, ქალებს გვეხება. უწყლობა გვიქმნის სირთულეს. ყოველთვის გვიწევს ეკონომიის გაკეთება“. - ამბობს კვლევის მონაწილე დიასახლისი ქალი ალგეთიდან

„წყალი ძალიან ფუნდამენტური საჭიროებაა. წლებია, ჩვენი წყლის პრობლემა არ მოგვარდა. მივმართეთ ყველას, ვისთანაც შესაძლებელი იყო. მაინც არ მოაგვარეს“. - ამბობს 64 წლის პენსიონერი მასწავლებელი ალგეთიდან

„მარნეულის მუნიციპალიტეტში მხცოვრები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალების პრობლემებისა და საჭიროებების კვლევაში“ საუბარია საგზაო და საკანალიზაციო ინფრასტრუქტურული პრობლემების შესახებაც. კვლევის მიხედვით, კვლავ პრობლემად რჩება სოფლის გზების მოასფალტება და გარე განათების დამონტაჟების არარსებობა, რაც განსაკუთრებით საფრთხეს უქმნის ქალებს ღამით გადაადგილებაში.

„ასევე, მნიშვნელოვან პრობლემად დასახელდა კანალიზაციის არარსებობა. კვლევამ გამოამჟღავნა, რომ კანალიზაცია არც ქალაქში და არც სოფლებში არ არის. სახლში ყველას ჭა აქვს, სადაც, საკანალიზაციო წყალი გროვდება და რამდენიმე წელიწადში ერთხელ საკანალიზაციო მანქანას ქირაობენ და წმენდენ. თუმცა, აქ საინტერესო ის არის, რომ არც ერთი რესპონდენტი ქალი ამ საკითხს მთავარ პრობლემად არ აღიქვამს, მათ უბრალოდ წარმოდგენაც კი უჭირთ, თუ როგორი იქნებოდა ცხოვრება საკანალიზაციო ხაზის არსებობის შემთხვევაში“. - აღნიშნულია კვლევაში

კვლევის საველე სამუშაოები 2023 წლის იანვარ-თებერვალში, რომელის ფარგლებშიც ჩატარდა 15 ფოკუს-ჯგუფი და გამოიკითხა 200-მდე ქალი. აღმოჩნდა, რომ რესპონდენტები რამდენიმე საერთო პრობლემის წინაშე დგანან, მათ შორისაა: ინფრასტრუქტურული, საგანმანათლებლო, კულტურული, ჯანდაცვასთან დაკავშირებული და სოციო-ეკონომიკური გამოწვევები.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები