ბრიტანეთის და რუმინეთის ელჩებმა მარნეულში „ნატო“-ს შესახებ შეხვედრები ჩაატარეს
დღეს, 15 მაისს, მარნეულში ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოში ნატოს საკონტაქტო საელჩოების ბრიტანეთისა და რუმინეთის ელჩები და საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი. ვიზიტის ფარგლებში ელჩებს შეხვედრები ჰქონდათ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მარნეულში მომუშავე არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

შეხვედრები მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის წინ დაიწყო, სადაც მოქალაქეებს დახვდათ სხვადასხვა სახის სუვენირები და საინფორმაციო ბროშურები ნატოსა და ევროკავშირის შესახებ.

რადიო „მარნეულთან“ საუბრსას საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა ალექსანდრ ვინნიკოვმა განაცხადა, რომ დელეგაციის წარმომადგენლები შეხვდნენ ადგილობრივი ხელისუფლების და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებსა და ახალგაზრდებს და განიხილეს ნატოსა და საქართველოს ურთიერთობების შესახებ საკითხები.

„ეს არის გასვლითი რეგიონალური შეხვედრების ნაწილი, რომლის ჩატარებასაც საქართველოს ყველა რეგიონში ვგეგმავთ რათა მოსახლეობას რეგიონებში ჰქონდეთ პირდაპირი ინფორმაცია ნატოსა და საკონტაქტო საელჩოების წარმომადგენლებისაგან თუ რა არის და რა არ არის ნატო და რა სარგებლის მოტანაა შესაძლებელი საქართველოსა და ნატოს თანამშრომლობით“. - განაცხადა ალექსანდრ ვინნიკოვმა

საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის განმარტებით, საქართველო ნატოს ერთ-ერთი უახლოესი პარტნიორია. მისი განცხადებით, საქართველო არის ნატოს ასპირანტი ქვეყანა და ნატოს წევრებმა ჯერ კიდევ 2008 წელს გამოაცხადეს მზაობა საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ, ხოლო საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისი და საკონტაქტო საელჩოები ეხმარებიან საქართველოს ნატოს სტანდარტებთან სისრულეში მოყვანასა და სამხედრო-პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებაში.

რუმინეთის ელჩმა საქართველოში რაზვან როტუნდუმ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ნატოში გაწევრიანების სურვილი და ქვეყანამ ამის შესახებ უკვე დიდიხანია განაცხადა, სწორედ ამიტომ, რუმინეთი და ბრიტანეთი საქართველოსთან მუშაობენ ამ მიზნის მისაღწევად.

„მე წარმოვადგენ ქვეყანას რომელიც ყოველთვის მხარს უჭერდა საქართველოს ნატოში გაწევრიანებას, ჯერ კიდევ 2008 წლის ბუქარესტის სამიტიდან მოყოლებული. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნატო გადაწყვეტილებას იღებს კონსესუსის საფუძველზე. რა თქმა უნდა იქ არის სამხედრო პირობები. მაგრამ ნატო არის სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება და საჭიროა რომ პოლიტიკური კრიტერიუმებიც იყოს დაკმაყოფილებული ქვეყნის გაწევრიანებისათვის“. - განაცხადა რაზვან როტუნდუმ

საქართველოში ნატოს სამოკავშირეო ოფისის ხელმძღვანელისა და საქართვეოში რუმინეთის ელჩის მსგავსად დიდი ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში მარკ კლეიტონმა განაცხადა, რომ მნიშნველოვანია საელჩოები არ დარჩნენ მხოლოდ თბილისში და ჩავიდნენ საქართველოს ყველა რეგიონში, რადგან დედაქალაქი არ არის მთელი ქვეყანა და საქართველო მხოლოდ თბილისი არაა.

„ვთვლი, რომ მოსახლეობისათვის ნატოზე ინფორმაციის მიწოდება საქართველოს დემოკრატიულობაში ინვესტიციაა. ყველა გამოკითხვა აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობას სურს ნატოში გაწევრიანება, ევროკავშირში გაწევრიანება, და ყველა დიდი პოლიტიკური პარტია ამბობს, რომ ეს მათი მიზანია. ასე რომ, რასაც ახლა ვაკეთებთ, ჩამოვდივართ და მოსახლეობას ვუხსნით თუ რა არის ნატო, არის ინვესტიცია საქართველოს დემოკრატიასა და საქართველოს მომავალში, სწორედ ამიტომაა დიდი ბრიტანეთი ამის დიდი მხარდამჭერი“. - განაცხადა მარკ კლეიტონმა

გაერთიანებული სამეფო და რუმინეთი შეასრულებენ ნატოს საკონტაქტო საელჩოების როლს ორი წლის ვადით. საკონტაქტო საელჩოების ფუნქციის შესრულებისას, გაერთიანებული სამეფო და რუმინეთი იმუშავებენ ალიანსსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების დამყარებაზე.

დღეს, 15 მაისს, მარნუელში ღონისძიება „მოძრავი საელჩოს“ ფარგლებში გაიმართა. შეხვედრა მარნეულის საჯარო ბიბლიოთეკის წინ მდებარე ბაღში 14:30 საათზე დაიწყო და მისულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გასაუბრებოდნენ დელეგაციის წარმომადგენლებს და მათგან პირადად გაეგოთ ინფორმაცია ნატოს შესახებ.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები