მარნეულში მილიონ ლარად გაკეთებული პარკის გასამწვანებლად მერია 644 887 ლარის დახარჯვას გეგმავს
მარნეულის ცენტრალური პარკის "კიდევაც დაიზრდებიან" რეაბილიტაცია 2020 წელს დასრულდა რეაბილიტაციის პროექტი შპს "ინტერტექნოლოგმა" ორ ეტაპად, 1 092 328 ლარად შეასრულა.

პარკი ოფიციალურად 2020 წლის 28 თებერვალს გაიხსნა. გახსნაზე სტუმრად იყვნენ მაშინდელი მაჟორიტატი დეპუტატები, საკრებულოს თავმჯდომარე, მერი, ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული და ა.შ. გახსნიდან რამდენიმე თვეში პარკის ინვენტარი დაზიანდა. გაფუჭდა სასრიალოები, საქანელები, სკამები, სანაგვე ურნები და დაზიანდა ბანერი "მე მიყვარს მარნეული".

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ წელს გადაწყვიტა "კიდევაც დაიზრდებიან"-ის ტერიტორიაზე არსებული სკვერის გამწვანების სამუშეოები შეისყიდოს. მერია გამწვენების სამუშაოების შესყიდვას 644 887 ლარად გეგმავს.



სატენდერო განაცხადის მიხედვით, სკვერის ტერიტორიაზე მოხდება ბორდიურების მოწყობა, ბილიკის მოწყობა ბეტონის დეკორატიული ფილებით, ამფითეატრის რეაბილიტაცია, სკვერის შესასვლელში არსებული დაფის რეაბილიტაცია, შადრევნის მოწყობა, სარწყავი სისტემის მოწყობა, მანიშნებელი აბრების მონტაჟი, სანათებისა და გაყვანილობის მონტაჟი და მოხდება გამწვანებითი სამუშაოების ჩატარება. გამწვანების სამუშაოების მიხედვით, პარკის ტერიტორიაზე დაირგვება ზეთის ხილის, არღვანი-იუდას, იასამნის და ირმის რქის ხეები, ასევე მარადმწვანე ბუჩქები როგორიცაა ოლეანდრა ჭრელფოთოლა, სპირეა, ოლეანდრა და ღვია. სკვერის ტერიტორიაზე ასევე დაიგება ახალი გაზონის საფარი. აღსანიშნავია, რომ გაზონის საფარი სკვერის ტერიტორიაზე პირველი რეაბილიტაციის დროსაც დააგეს, მაგრამ მზიანი ამინდებისა და უწყლობის გამო გაზონის საფარი გახმა.

მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივმა თვითმმართველობამ მონუმენტურ ძეგლს "კიდევაც დაიზრდებიან"-ის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული სკვერის გამწვანების სამუშაოების შესყიდვისათვის ტენდერი 19 მაისს გამოაცხადა. მასში მონაწილეობის მიღების მსურველ კომპანიებს სატენდერო წინადადებების წარდგენა 4-დან 9 ივნისამდე პერიოდში შეეძლებათ. ტენდერში გამარჯვებული კომპანია ვალდებული იქნება სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 120 კალენდარულ დღეში შეასრულოს.

რადიო "მარნეული"
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები