"ტექგოგო" ქალების დამოუკიდებლობისთვის
ერთი თვეა, რაც მარნეულში, ევროკავშირისა და საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის მხარდაჭერით, პირველი ციფრული სოციალური საწარმო „ტექგოგო“ გაიხსნა. ქალთა ეკონომიკური გაძლიერება, განათლების ხელმისაწვდომობა, შრომის ბაზარზე მოთხოვნადი ციფრული პროფესიების დაუფლების ხელშეწყობა - ამ მიზნებს ემსახურება საწარმო, სადაც 12 ქალი - მარტოხელა დედები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები სწავლობენ.

დიანა ონიანი გრაფიკული დიზაინის სასწავლო კურსის მსმენელია. მარტოხელა დედას სრულიად უფასოდ მიეცა შესაძლებლობა სასურველ პროფესიას დაეუფლოს და საკუთარი თავისა და შვილის რჩენა თვითონვე შეძლოს.

დიანა ონიანი
„ძალიან მინდოდა გრაფიკული დიზაინის შესწავლა. დიდი შეღავათია მარტოხელა დედებისათვის, როდესაც შეგიძლია იმუშაო ონლაინ. ერთ-ერთი მაღალანაზღაურებადი პროფესიაა და თავად შეგიძლია გამოიმუშაო ისეთი თანხა, რომ იმყოფინო შენთვისაც, შენი შვილისთვისაც და არ გქონდეს იმაზე ფიქრის პრობლემა, რომ რა გავაკეთო შემოსავალი რომ გვქონდეს. ამის საშუალებას ნამდვილად გვაძლევს გრაფიკული დიზაინის შესწავლა, რათა შემდგარი ადამიანები ვიყოთ, ვაკეთოთ ის საქმე რაც ჩვენ ძალიან გვინდოდა და არ გვქონდა ამის საშუალება“, - გვითხრა დიანა ონიანმა

დიანა ონიანის მსგავსად, „ტექგოგოში“ მოხვედრა ახალი შესაძლებლობაა მარნეულელი ხაიალა მუსტაფაევასთვისაც. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პედაგოგმა დიდი ხნის ოცნება ახლა აისრულა.

ხაიალა მუსტაფაევა
„ძალიან მინდოდა გრაფიკული დიზაინის შესწავლა, ვფიქრობდი სწავლაზეც, მაგრამ სამსახურთან ერთად, დროის ფაქტორის გამო ამას ვერ ვახერხებდი. ადგილზე კი ამის შესაძლებლობა არ იყო. როცა ამ პროექტის შესახებ გავიგე, მაშინვე შევავსე განაცხადი და ამიყვანეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მარნეულში ასეთი მიმართულებები განვითარდეს, რადგანაც მსგავსი რამ არსად ისწავლება. იმედი მაქვს, ბევრ რამეს ვისწავლი და ამ მიმართულებით გავაგრძელებ მუშაობა“, - თქვა ხაილა მუსტაფაევამ

გრაფიკული დიზაინის კურსები მარნეულში, კოლეჯ მოდუსში კვირაში სამჯერ, დისტანციურ ფორმატში ტარდება. როგორც გრაფიკული დიზაინის მასწავლებელი, ნინო თევდორაშვილი ამბობს, პროექტში ჩართულ ქალებს, იმ უნარების განვითარებაში ეხმარებიან, რაც მათი კარიერული წინსვლის გარანტი იქნება.

„ჩვენ სამ პროგრამას ვსწავლობთ. მათ შორის, ფოტოშოპს და ილუსტრატორს. ეს სფერო ძალიან განვითარებადია, მუდმივად „ტრენდულია“ ახალი სტილებით და ვთვლი, რომ დღესდღეობით მნიშვნელოვანი პროფესიაა იმ თვალსაზრისით, რომ თვითგანვითარების შესაძლებლობას იძლევა. რამდენიმე სტუდენტს ჰქონდა პროგრამებთან შეხება, მაგრამ სრულად, პროფესიული მიმართულებით ეს კურსი არავის ჰქონდა გავლილი“ , - ამბობს ნინო თევდორაშვილი

ევროკავშირის მხარდაჭერით შექმნილ „ტექგოგოში“ 12 ქალი გრაფიკული დიზაინის, სოციალური მედია მენეჯმენტისა და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით 6 თვის განმავლობაში გადამზადდებიან . სოციალური საწარმოს აღმასრულებელი დირექტორის, თეონა ქავთარაშვილის თქმით, ქვემო ქართლის რეგიონი იმის გამო შეირჩა, რომ აქ ქალების გაძლიერების და დახმარების მეტი საჭიროება დაინახეს. პროექტის მონაწილეები ის მარტოხელა დედები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი გოგონები არიან, რომლებმაც უარი თქვეს ადრეულ ქორწინებაზე, ისწავლეს ქართული ენა და განათლების მიღებას აგრძელებენ.

„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია იმ ქალებს მივცეთ შესაძლებლობები, რომლებსაც სხვადასხვა ბარიერის გამო არ მიეცათ შესაძლებლობა საკუთარი ნიჭის, პოტენციალის და უნარების რეალიზება მოეხდინათ. შევარჩიეთ მარტოხელა დედები და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები. ის, ადამიანები, ვისაც ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად სჭირდებათ დახმარება. იქიდან გამომდინარე, რომ პირველი მიღება გვქონდა ამ პროექტში, ამის ფონზე გამოხმაურება იყო საკმაოდ მაღალი და აღმოვაჩინეთ, რომ ძალიან ბევრ ქალს უნდა საკუთარი ცხოვრება შეცვალოს და ეს არის აქ ყველაზე მნიშვნელოვანი და თურმე, ამ ადამიანებს არ ეძლევათ ამის საშუალება. ციფრულ პროფესიებზე მათ ჰქონდათ გარკვეული ინფორმაცია, მაგრამ ბარიერი იყო ინგლისური ენა. ჩვენ ამ ეტაპზე ქართულ ენაზე ვაწვდით განათლებას, თუმცა მნიშვნელოვანია ამ გოგოებმა ისწავლონ ინგლისური ენა, რაც შრომის ბაზარზე მათ უფრო კონკურენტუნარიანებს გახდის“, - განმარტავს თეონა ქავთარაშვილი.

ქავთარაშვილის განმარტებით, პროექტის მონაწილეებს შეეძლებათ დასაქმდნენ სოციალური საწარმოს სარეკლამო სააგენტოში. მსმენელებიდან შეირჩევა მხოლოდ 5 მონაწილე სააგენტოში დასასაქმებლად, თუმცა დანარჩენ მონაწილეებსაც დაეხმარებიან სამსახურის პოვნაში.

შეიძლება ითქვას, რომ მარნეულელი ქალების განვითარებას, ეკონომიკურ გაძლიერებას და ახლი შესაძლებლობების რეალიზებას ხელს ხშირად მხოლოდ საერთაშორისო ორგანიზაციები უწყობენ. ამის მაგალითია მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადისში, პროექტი „კლიმატის მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა - PRAISE MARNEULI - , რომელსაც გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN მიერ, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით, ქალების გაძლიერებისთვის ახორციელებს. ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება მარნეულში პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება სოციალურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში თანაბარი და სრულყოფილი მონაწილეობისთვის“, რომლის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სამიზნე ჯგუფს ქალები წარმოადგენენ. ადგილობრივ დონეზე კი თვითმმართველობის მუშაობას რომ გადავხედოთ, არ არსებობს პროექტი, რომელიც მათი განვითარების და დასაქმების ხელშემწყობი იქნება.
Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები