ქართველმა, აზერბაიჯანელმა და სომეხმა მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის დღე ერთად აღნიშნეს
დღეს, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს სოფელ ხულდარას სათემო ცენტრში. ქართველი, აზერბაიჯანელი და სომეხი მოსწავლები ერთად შეიკრიბნენ და ღონისძიება გამართეს. აქტივობები ახალი აზროვნების ინსტიტუტმა პროექტ "საქართველოს განათლების სისტემაში არადომინანტური ეთნიკური ჯგუფების წინაშე არსებული უთანასწორობის შემცირება პოზიტიური პრაქტიკების შექმნასა და ადვოკატირების გზით" ფარგლებში გამართა. როგორც რადიო "მარნეულთან" საუბრისას ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, არიზ დაშდამიროვმა თქვა, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია.

„ჩვენ დღეს ვიმყოფებით სოფელ ხულდარის სათემო ცენტრში ბავშვთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად. ჩვენ, როგორც „ახალი აზროვნების ინსტიტუტმა“, იანვარში დავიწყეთ ახალი პროექტი სოციალური სამართლიანობის ცენტრთან პარტნიორობით და ფონდ „ღია საზოგადოების“ დაფინანსებით. პროექტის მიზანია ქვემო ქართლში განათლების წინაშე არსებული პრობლემების ადვოკატირება ამიტომაც ჩვენ საპილოტედ შევქმენით ერთი სკოლამდელი აღზრდის ჯგუფი და ამ ჯგუფს უკვე თვეებია ვასწავლით ქართულს და სხვადასხვა უნარ-ჩვევებს, გვყავს სპეციალისტი მასწავლებელი და ის მუშაობს ბავშვებთან. დღეს უკვე ჩვენ ამ განსაკუთრებული დღის აღსანიშნავად მოვიწვიეთ თბილისის 162-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები, მასწავლებელები და ადმინისტრაცია ასევე, გიულბაღის საჯარო სკოლიდან, სადაც ეთნიკურად სომეხი მოსწავლეები სწავლობენ, მოვიწვიეთ მოსწავლეები, მასწავლებელები და ადმინისტრაცია. ჩვენ ამით გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ ჩვენ, სომხები, აზერბაიჯანელები და ქართველები ერთად ვართ ძლიერი“. - ამბობს ახალი აზროვნების ინსტიტუტის თანადამფუძნებელი

ღონისძიებაში მონაწილეობას მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხულდარას, გიულბაღის და თბილისის 162-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ. როგორც ჩვენთან საუბარში 162 საჯარო სკოლის დირექტორი, სოფიო ფანცულაია ამბობს, მარნეულში სტუმრობა მათთვის მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ მოსწავლეებს შუძლიათ თავიანთი კულტურები ერთამეთს გაუზიარონ და ინტეგრაციის მნიშვნელობა უფრო უკეთ გაიაზრონ.

„ჩვენი სკოლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ აქტივობას იმ მხრივ, რომ საჭირო არის ბავშვები გახდნენ უფრო ტოლერანტულები, გახდნენ უფრო მეტად შემწყნარებლები და მიმღებლობა ჰქონეთ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების. ეს ჩვენი კულტურის ნაწილი არის, ჩვენ ძალიან მრავალეროვანი ქვეყანა ვართ და სასურველია, რომ ისინიც ინტეგრირდნენ ჩვენთან, რა თქმა უნდა ჩვენ კულტურას ეზიარონ, ჩვენი ბავშვებიც ეზიარონ მათ კულტურას და შეკავშირებაც უფრო მეტი იქნება. ძლიან მიხარია რომ უფრო მეტი და მეტი თაობა წამოვიდა ისეთი, აზერბაიჯანელებიც და სომხებიც, რომლებმაც ქართული კარგად იციან და გინდ საჯარო, გინდ კერძო სამსახურებშიც დასაქმებულები არიან. მთავარი ხელშეწყობა ისაა, რომ ისწავლონ ქართული და ინტეგრირდნენ. ეს მათთვისაც კარგია, რადგან ერთმანეთს უკეთ უგებენ და უახლოვდებიან. ჩვენი ერთიანობა და ეს ყველაფერი მოდის იქედან რომ ვლაპარაკობთ ერთ ენაზე“. – 162-ე საჯარო სკოლის დირექტორი სოფიო ფანცულაია

162 სკოლის მოსწავლის, ნიკა ქარდავას თქმით, დღევანდელი დღე მისთვის დასამახსოვრებელია და იმედოვნებს, მომავალშიც ექნება მსგავსი შესაძლებლობამ

"პირველ რიგში, ყველას ვულოცავ ბავშვთა დაცვის დაცვის დღეს. ეს სტუმრობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგანაც შეგვიძლია გავიცნოთ ერთმანეთი. იმედი, მაქვს ჩვენი დღევანდელი ურთიერთობა დიდხანს გასტანს"

ხულდარას სათემო ცენტრში მოსწავლეებმა სხვადასხვა მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს.

რადიო „მარნეული“

Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები