წერეთლის საბავშვო ბაღის დემონტაჟისათვის 45 099 ლარი დაიხარჯება
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ წერეთლის საბავშვო ბაღის დემონტაჟისათვის 45`099 ლარი დაიხარჯება. სამუშაოები მარნეულის მერიამ გამარტივებული წესით შეისყიდა და ხელშეკრულება შპს“ ქართული გაერთიანებული კომპანია“-სთან გააფორმა. მოხსენებით ბარათის მიხედვით, სააღმზრდელო დაწესებულების დემონტაჟის სამუშაოების გადაუდებელი აუცილებლობის წესით შესყიდვა მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც ორჯერ გამოცხადებული აუქციონი არ შედგა.

„სოფელ წერეთელში მდებარე საბავშვო ბაღის შენობის სადემონტაჟო სამუშაოების წარმოებისა და თანმდევი დემონტაჟის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურებისთვის საჭირო ღონისძიებების უზრუნველყოფის მიზნით, გადაუდებელი აუცილებლობით გამარტივებული შესყიდვა, ვინაიდან აღნიშნულთან დაკავშირებით ორჯერ გამოცხადებული აუქციონი არ შედგა და შესაბამისად არსებობს საფრთხე იმისა, რომ საშემოდგომო სასწავლო წლის დაწყებამდე ვერ დასრულდეს საბავშვო ბაღის შენობის მშენებლობისა და ექსპლუატაციაში შესვლის პროცესი. დაევალოს მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტის შესასრულებლად განსაზღვრული ღონისძიებების განხორციელება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად“ - წერია მოხსენებით ბარათში.

ბაღის დემონტაჟი რამდენიმე ეტაპს მოიცავს:

• თანმდევად შენობა/ნაგებობის დემონტაჟის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურება
• ძველი საბავშვო ბაღის შენობა/ნაგებობის დემონტაჟი
• შენობა-ნაგებობის დემონტაჟის შედეგად, როგორ მესაკუთრისადმი - მარნეულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობისთვის სახურავის მასალის / კარ-ფანჯრებით დასაწყობების აუცილებელი პირობების / მოთხოვნების დაცვა / გათვალისწინება და დასაწყობება დამკვეთის მიერ მითითებულ ადგილზე
• ტერიტორიის გასუფთავება ნარჩენებისგან

წერეთლის საბავშვო ბაღი ავარიული შენობის გამო სასწრაფო წესით 2023 წლის 17 თებერვალს დახურეს და სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესი შეაჩერეს. ახალი სააღმზრდელო დაწესებულების მშენებლობას მუნიციპალური განვითარების ფონდი გეგმავს.


Print ელ. ფოსტა
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები